დღეს, კვირას, გამთენისას 4 საათზე, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა საგანგებოდ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი „სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის საქმეზე“ სამართალდამრღვევად ცნო და მისი აზერბაიჯანში გაძევების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მას საქართველოში 3 წლით შემოსვლა აუკრძალა და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
როგორც სადიგოვის ერთ-ერთი ადვოკატი თამთა მიქელაძე განმარტავს, მოსამართლემ სადიგოვი სამართალდამრღვევად ამ შინაარსის Facebook-პოსტის გამო ცნო:
„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ – და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“, – დაწერა სადიგოვმა 1 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში.
ადვოკატის განცხადებით, სასამართლოში შსს-ს პოსტის თარიღი არასწორად ჰქონდა მოხმობილი და პოსტი ოფიციალურად ქართულ ენაზეც არ ჰქონდა ნათარგმნი.
აფგან სადიგოვი მოსამართლის ამ გადაწყვეტილებამდე დაახლოებით 5 საათით ადრე, 23:00 საათზე თავის სახლში დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაცია მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ გაავრცელა სადარბაზოში გადაღებულ კადრებთან ერთად. კადრებში ჩანს რამდენიმე უფორმო პირი და მათთან მყოფი მეხანძრის ფორმიანები.
„ცოტა ხნის წინ საქართველოს პოლიცია ჩემი მეუღლის, აფგან სადიგოვის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. თავდაპირველად ბინის კარის შემტვრევას ცდილობდნენ და კარის გაღებას მოითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც აფგანმა კარი გააღო, მასზე ფიზიკურად იძალადეს და ყოველგვარი დასაბუთებული მიზეზის გარეშე, ძალის გამოყენებით წაიყვანეს. მოგვიანებით სათვალთვალო კამერა გამორთეს და ჩანაწერები წაშალეს. თუმცა, წაშლამდე ზოგიერთი კადრის შენახვა მოვასწარი“, – წერდა ჟურნალისტის მეუღლე.
შსს-მ ცემის ფაქტი უარყო, თუმცა დაკავება დაადასტურა და განაცხადა, რომ „აფგან სადიგოვი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლოში წარდგენისა და საქმის დროულად განხილვის მიზნით, 4 აპრილს დააკავეს“. შსს მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას ედავებოდა.
ადვოკატების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა სადიგოვს ბრალდება 1 აპრილს მოუხსნა, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იქ დაბრუნების შემთხევაში საფრთხე ემუქრება. გარდა ამისა, უფლებადამცველები განმარტავენ, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევებით საქართველო ევროპლი კონვენციის არაერთ მუხლს არღვევს:
„მოსამართლე, თორნიკე ქოჩქიანმა პროცესზე არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს არ დაურთო მისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი.
სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის მეუღლესა და შვილებს პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ ევროპაში და მის მიღებას შესაბამისი ქვეყანა ასევე შეძლებდა. შესაბამისად, ჩვენ ვამტკიცებდით, რომ მას შეეძლო ნებაყოფლობით დაეტოვებინა ქვეყანა და ეს შანსი სასამართლოს მისთვის უნდა მიეცა.
ჩვენ მზად ვიყავით, შესაბამისი დოკუმენტები უმოკლეს ვადაში წარგვედგინა როგორც სასამართლოსთვის, ისე მიგრაციის დეპარტამენტისთვის.
ამდენი ხნის განმავლობაში აფგან სადიგოვს საქართველოს დატოვების საშუალებას არ აძლევდა სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რის გამოც მანამდე თავშესაფრის პროცედურების დაწყება ფორმალურად შეუძლებელი იყო.
სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოსა და კონვენციის ასეთი ხარისხის შერყევა ბოლო წლების არც ერთ საქმეში არ მინახავს. ეს არის კატასტროფა. ეს არის მიზანმიმართული სპეცოპერაცია ამ ადამიანის წინააღმდეგ.
დააკვირდით:
1 აპრილს აზერბაიჯანმა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეაჩერა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა.
2 აპრილს ეს ინფორმაცია მიაწოდეს აფგან სადიგოვს.
3 აპრილს სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა.
4 აპრილს აფგან სადიგოვი დააკავეს და რამდენიმე საათში აზერბაიჯანს გადასცემენ.
ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ორი ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან“ – დაწერა პროცესის დასრულების შემდეგ თამთა მიქელაძემ.