მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დამნაშავედ ცნობილ არასრულწლოვნებს მოსამართლემ სასჯელი განუსაზღვრა.
ალექსანდრე გაბაშვილს, რომელსაც ბრალად ედებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ჯგუფურად ჯანრმთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიკვდილი გამოიწვია, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. არასრულწლოვანთა კოდექსის შესაბამისად, მისი სასჯელი 1/4-ით შემცირდა და საბოლოოდ 10 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
იგივე სასჯელი მიესაჯა გიორგი რიკაძეს.
კიდევ ერთ მსჯავრდებულს, დემეტრე ჩიქოვანს, რომელსაც ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედებოდა, მოსამართლემ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისი სასჯელი 6 წლამდე და 9 თვემდე შემცირდა.
სასამართლოში მყოფი ჟურნალისტების ცნობით, სასჯლის დანიშვნისას რომეო ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებულებისგან არც ერთ ეტაპზე სინანული და ბოდიში არ მოუსმენია.
სამი არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ 2026 წლის 6 აპრილს ცნო.
ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ ორი მუხლით:
• ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
• ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანის საქმე და კიდევ ოთხი ეპიზოდი).
დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა ორი მუხლით:
• ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანის საქმე და კიდევ ოთხი ეპიზოდი);
• ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება (გიგა ავალიანის ეპიზოდი, რომელიც სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა).