დღეს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს 

პუბლიკა

დღეს უნგრეთში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც შესაძლოა ვიქტორ ორბანმა ძალაუფლება დაკარგოს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 07:00 საათამდე იმუშავებს.

არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს  დაახლოებით 8.1 მილიონი ადამიანს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 10,000-ზე მეტი საარჩევნო უბანი.

უნგრეთში რეგისტრირებული მისამართის მქონე მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან, ხმის მიცემა მსოფლიოს მასშტაბით უნგრეთის საელჩოებსა და საკონსულოებში, დაახლოებით 140–150 ადგილას მიმდინარეობს.

იმ მოქალაქეებს, რომლებიც უნგრეთში არიან რეგისტრირებულები, თუმცა, არ არიან თავიანთი რეგისტრაციის ადგილას, ხმის მიცემის უფლება აქვთ ხელახალი რეგისტრაციით იქ, სადაც იმყოფებიან.

არჩევნებში მონაწილეობს 5 ძირითადი პარტია/ალიანსი:

Fidesz–KDNP – მმართველი კოალიცია პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით.

TISZA – ორბანის მთავარი ოპონენტის, პეტერ მაგიარის პარტია.

DK (დემოკრატიული კოალიცია) – ქვეყნის ყველაზე დიდი მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიციური პარტია.

Mi Hazánk (ჩვენი სამშობლო) – ულტრამემარჯვენე პარტია.

MKKP (უნგრეთის ორკუდიანი ძაღლის პარტია): სატირული პარტია, რომელმაც გამოკითხვებში სერიოზული მხარდაჭერა მოიპოვა.

უნგრეთი იყენებს შერეულ მაჟორიტარულ სისტემას. ამომრჩეველი ორ ბიულეტენს ავსებს: საერთო ეროვნულს და ადგილობრივს. ამომრჩევლები ერთმანდატიან ოლქში ადგილობრივ კანდიდატს და პარტიას აძლევენ ხმას.

ეროვნული ასამბლეის 199 ადგილიდან 106-ს სწორედ მაჟორიტარები დაიკავებენ, ხოლო 93 მანდატი პროპორციული სიით ნაწილდება.

პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ უნდა გადალახოს 5%-იანი ბარიერი. ორი პარტიისგან შემდგარი კოალიციისთვის ბარიერი 10%-ია, ხოლო სამი ან მეტი პარტიის შემთხვევაში – 15%.

ასევე, უნგრულ საარჩევნო სისტემას აქვს ერთი თვისება – „გამარჯვებულის და დამარცხებულის კომპენსაცია“. მაგალითად: დამარცხებულის კომპენსაცია: თუ ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი მიიღებს 15,000 ხმას მიიღებს, მაგრამ დამარცხდება მმართველი პარტია „ფიდესის“ კანდიდატთან, რომელმაც 20,000 ხმა მიიღო, ეს 15,000 ხმა ოპოზიციის პარტიის საერთო ხმებს დაემატება, თუმცა, გამარჯვებულ პარტიასაც ემატება მაჟორიტარულ ოლქში მიღებული ხმების ნაწილი, თუმცა არა ყველა ხმა, არამედ მხოლოდ ის ხმები, რომლებიც აღემატება გამარჯვებისთვის აუცილებელ მინიმუმს (ანუ მეორე ადგილზე გასული კანდიდატის ხმებს პლუს ერთი).

უბრალო უმრავლესობისთვის პარტიას სჭირდება 100 საპარლამენტო მანდატი, ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობას სჭირდება 133 მანდატი.

ვიქტორ ორბანს მხარს უჭერს როგორც კრემლი, ისე – აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია.

საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების შედეგებით, ორბანის მთავარი ოპონენტის, პეტერ მაიარის პარტია „ტისზა“ ვიქტორ ორბანის „ფიდესის“ სულ მცირე 10%-ით უსწრებს.