მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ბრის როკფეი და პოლონეთის საგაერო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკლ გიერგონი.
ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მიმოიხილეს და ხაზი გაესვა კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას.
„როგორც შეხვედრისას აღინიშნა, საქართველო კვლავაც ადასტურებს მზაობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან დიალოგისა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ხელისუფლება განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.