სიტყვის თავისუფლება თუ ჰიბრიდული ომის იარაღი | რატომ დაასანქცირა ბრიტანეთმა „იმედი“ და POSTV

პუბლიკა

„გარკვეული გარე ძალების წაქეზებით უკრაინა რუსეთთან ომში ჩაება და შედეგიც იწვნია – ქვეყანა ნადგურდება. რუსეთი სულ უფრო მეტ ტერიტორიას იკავებს, იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა და ინგრევა ქალაქები. ვოლოდიმირ ზელენსკი კი ევროპელი ბიუროკრატების გავლენით უარს ამბობს მშვიდობაზე, აგრძელებს ომს, უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე და დევნის დემოკრატიას. პარალელურად კი არ წყდება ხმები უკრაინის ხელისუფლების კორუმპირებულობაზე“  – ეს იმ ძირითადი გზავნილების ჩამონათვალია, რომელთა ტრანსლირების გამოც გაერთიანებულმა სამეფომ ქართულ ტელეკომპანიებს, „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა.

ბრიტანული მხარის ოფიციალური განმარტებით, აღნიშნული მედიაორგანიზაციები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. 

„განზრახ ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ… რაც ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკასა თუ ქმედებას, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციას ეწევა, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

კერძოდ, რეგულარულად ავრცელებს ისეთ მასალებს, რომელთა მიხედვითაც უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“, – ასეთი განმარტება დაედო საფუძვლად ბრიტანულ სანქციებს. სანქციებს „ქართული ოცნებისა“ და პროსახელისუფლებო ტელევიზიების კრიტიკა მოჰყვა – თავისუფალი მედიის შევიწროების მცდელობაზე ბრალდებებით.

გაერთიანებული სამეფოს ამ გადაწყვეტილებას მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და თავად სანქცირებული ტელეკომპანიები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმად აფასებენ.

რატომ მოხვდა ორი ქართული ტელეკომპანია ბრიტანული სანქციების ნუსხაში? იყო თუ არა ეს თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე თუ ეს იყო პროპაგანდის შეზღუდვა? რას ფიქრობენ უკრაინაში იმ გზავნილებზე, რასაც ქართულ მედიასივრცეში ვისმენთ?

ბრიტანული სანქციები – ვის გვერდით მოხვდნენ „იმედი“ და POSTV?

ქართული ტელეკომპანიები გაერთიანებული სამეფოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული იმ სასანქციო რეჟიმის ქვეშ მოექცნენ, რომლის საკანონმდებლო ჩარჩო 2019 წლიდან მოქმედებს. ამ ჩარჩოში მოქცეულია სხვადასხვა პროფილის მქონე ორგანიზაციები და კონკრეტული პირები. 

ლონდონში ბაზირებული ორგანიზაციის, „საგარეო პოლიტიკის ცენტრის“ ექსპერტი და საერთაშორისო სამართლის იურისტი, ალექს პრეზანტი „პუბლიკასთან“ განმარტავს, რომ სანქცირებულთა შორის სულ რამდენიმე მედიაორგანიზაციაა, მათ შორის ყველაზე ცნობილი, რუსულ პროპაგანდაზე ღიად მომუშავე არხები – Russia Today და Sputnik-ია. 

„ეს ძალიან იშვიათია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სიაში ასევე არიან კომპანიები, რომლებიც აკონტროლებენ Rossyia 1-სა და Rossyia 24-ს, ასევე არის რამდენიმე მცირე საინფორმაციო სააგენტო, როგორიცაა InfoRus და South Front“, – ამბობს ალექს პრეზანტი „პუბლიკასთან“.

მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულ სამეფოს სანქციები და შეზღუდვები სხვადასხვა მიზეზით აქვს დაკისრებული ბელარუსული, მოლდოვური, ირანული მედიაორგანიზაციებისთვის, რუსული პროპაგანდის გავრცელების საფუძვლით, რუსეთს გარეთ, სხვა ქვეყანაში დაფუძნებული მედიის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელი აღმოჩნდა. თუმცა, სწორედ რუსული პროპაგანდის გავრცელება გახდა ქართული პროსახელისუფლებო მედიაორგანიზაციების დასანქცირების მიზეზი. 

სანქციების დაწესებიდან მალევე, ტელეკომპანია „იმედმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ტელეკომპანიის პოზიციით, გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას „არავითარი ფასი არ აქვს“.

ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. სწორედ ამ ნდობის წყალობით, უკვე მრავალი წელია, ჩვენ მყარად ვინარჩუნებთ ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის სტატუსს საქართველოში. შესაბამისად, მომავალშიც ვიმოქმედებთ მაღალი პასუხისმგებლობით ქართული საზოგადოების წინაშე და ტელეკომპანია „იმედი“ კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოს სამსახურში და საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას, რათა ქართული საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობა სრულად გავამართლოთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქართული მედიების დასანქცირების ფაქტს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერებიც გამოეხმაურნენ. „არასერიოზული, სამარცხვინო“ – ასე შეაფასა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ.

შესაძლებელია თუ არა „იმედისა“ და POSTV-სთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების ბრიტანულ სასამართლოში გასაჩივრება?  პრეზანტის შეფასებით, ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა ეს უკიდურესად რთული პროცესია, რადგან ბრიტანეთის სასამართლოები მთავრობას ფართო დისკრეციას ანიჭებენ:

„პრაქტიკაში, წარმატების მისაღწევად, მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ მთავრობამ ირაციონალურად იმოქმედა. სასამართლო ამოწმებს, რამდენად პროპორციულია შეზღუდვა საჯარო სარგებელთან მიმართებით და ხომ არ არსებობდა მიზნის მისაღწევად ნაკლებად მკაცრი ზომა“, – ამბობს პრეზანტი „პუბლიკასთან“.

BBC-ის საგამოძიებო ფილმისგან განსხვავებით, რომლის გამოც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა სასამართლოში დავა დააანონსეს, „იმედისა“ და POSTV-ის სანქცირებას მსგავსი რეაქცია არ მოჰყოლია. ამ დრომდე არ იძებნება საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიები ან მმართველი პარტია ბრიტანულ სანქციებს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ავრცელებდნენ თუ არა ქართული ტელევიზიები დეზინფორმაციას? მანიპულაციური ნარატივები:

„ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში პოპულარობის რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს“, – წაიკითხავდით ასეთ ინფორმაციას, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ სოციოლოგიური კვლევით ორგანიზაცია Ipsos-ზე დაყრდნობით გაავრცელა. ამ ამბავში ფაქტობრივი შეცდომა არ არის. Ipsos-მა მართლაც გამოაქვეყნა თებერვალში კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც „ნდობის რეიტინგში“ ანუ კითხვაზე, თუ დასახელებულ პირებთაგან ვის ენდობით ყველაზე მეტად, ვოლოდიმირ ზელენსკი მეოთხე ადგილს იკავებს. 

თუმცა, თუკი მხოლოდ ამ მონაცემით იმსჯელებთ, ვერ გაიგებთ, რომ ზელენსკიზე მაღალი „ნდობის რეიტინგი“ გამოკითხულ უკრაინელთა მიხედვით აქვს ვალერი ზალუჟნის, უკრაინის გენშტაბის ყოფილ უფროსს, კირილო ბუდანოვს – ზელენსკის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და რუსეთისთვის საძულველ ფიგურას და მოკრივე ოლქესანდრ უსიკს. ყველა მათგანი ანტირუსული განწყობებით გამოირჩევა. 

თანაც საუბარია „ნდობის რეიტინგზე“ და არა პოლიტიკური რეიტინგის შეფასებაზე. კვლევითმა ორგანიზაციამ უფრო ვრცელი და პოლიტიკური შინაარსის კვლევის შედეგები მარტში გაავრცელა. გამოკითხულ უკრაინელთა შორის, შეკითხვის პასუხად, თუ ვის მისცემდა არჩევნებში ხვალ, თუკი ის დაინიშნებოდა, უმეტესობამ ვოლოდიმირ ზელენსკი აირჩია. 80%-მა აღნიშნა, რომ ზელენსკის ლეგიტიმურ ლიდერად მიიჩნევენ, არჩევნების დანიშვნა კი სწორად მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან ომის ფორმალურად დასრულების შემდეგ მიაჩნიათ.

ინფორმაციის გავრცელების გზით მანიპულაცია უფრო ნათელია „იმედის“ მიერ 2 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციაში, რომელსაც ტელეკომპანია AFP-ზე დაყრდნობით ავრცელებდა. ამ მასალის მიხედვით, რუსეთმა უკრაინაში წინსვლა დააჩქარა და იანვარში იმაზე ორჯერ მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე წინა თვეში.

იანვარში რუსეთმა 481 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, მაშინ როცა 2025 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 244 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა. ეს არის ზამთრის თვეებში დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ. ეს წინსვლა იმ ფონზე ხდება, როდესაც უკრაინაში ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურაა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას“, – წერს „იმედი“ საერთაშორისო სააგენტო AFP-ზე დაყრდნობით. 

საინტერესოა, რომ „იმედს“ ამ მასალის გავრცელებისას ინფორმაციის წყაროდ Le Figaro აქვს მითითებული, თავად ფრანგული გამოცემა წერს, რომ იყენებს AFP-სა და „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) მონაცემებს. 

ISW-ის მიერ 31 იანვარს გაკეთებული შეჯამების მიხედვით კი, რუსეთმა იანვარში არა 481 კვადრატული კილომეტრი, არამედ 363.3 კვ. კილომეტრი დაიკავა, რაც არათუ ორჯერ მეტია დეკემბერში დაპყრობილ ტერიტორიაზე, არამედ მასზე ნაკლებიც კია. ISW-ის მონაცემებითვე, რუსულმა არმიამ ნოემბერში თითქმის 800 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, მას შემდეგ კი მათი წინსვლის ტემპი სულ უფრო იკლებს. იმდენად, რომ მარტში მხოლოდ 5.46 კვადრატული კილომეტრით შეძლეს დაპყრობილი ტერიტორიის გაფართოება.

2 თებერვალს „იმედის“ მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია პლატფორმა Propaganda Watch-ზეც შეგიძლიათ ნახოთ. პლატფორმაზე მითითებულია, რომ ტელეკომპანია შერჩევითად აშუქებს ომს უკრაინაში, ისე, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება რუსეთის მნიშვნელოვან უპირატესობაზე.

პლატფორმა Propaganda Watch დავით ჯინჭარაძემ დააფუძნა. მკვლევარი და პარტია „თავისუფლების მოედნის“ წევრი ჰყვება, რომ მისი მიზანი იყო, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო თუ რა ტიპის ნარატივებს ავრცელებდნენ პროსახელისუფლებო მედიაორგანიზაციები ქართულ ენაზე. მით უმეტეს, როგორც დავითი ამბობს, ამ არხებს ინგლისურენოვან კონტენტზე უფრო „რბილი პოლიტიკა“ აქვთ, ქართულ ენაზე კი რუსული ტიპის პროპაგანდა მარტივი შესამჩნევია.

Propaganda Watch-ზე თავმოყრილია პროსახელისუფლებო მედიის სოციალურ ქსელებში გავრცელებული მასალები; მათ ხელოვნური ინტელექტი თარგმნიდა, პლატფორმაზე მომუშავე მოხალისეები კი კონტექსტს უთითებდნენ.

დავით ჯინჭარაძის თქმით, მათთვის თვალშისაცემი აღმოჩნდა „ქართულ ოცნებასთან“ საინფორმაციო კოორდინაცია – მაგალითად, კონკრეტული პირების მიმართ მოულოდნელად მასიური საინფორმაციო შტურმი. საინფორმაციო არხების პოლიტიკა მიანიშნებდა, რომ მედიაორგანიზაციების ქცევა არ იყო ავთენტური და თავისუფალი, არამედ მიზანმიმართულ იარაღად იყო ქცეული კონკრეტული მიზნებით.

როდესაც ხელისუფლება იწყებდა კონკრეტულ ადამიანებზე შეტევას, მაშინ სულ 2 დღის განმავლობაშიც კი „იმედზეც“ შეიძლებოდა 20-30 „ქარდი“ დაედოთ ამ კონკრეტულ ადამიანზე. მაგალითად, ბრიტანეთის ელჩზე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენლებზე და ა.შ.

მეორე ტენდენცია იყო, რომ უშუალოდ დასავლეთს, როგორც ასეთს, ბოროტებად წარმოადგენდნენ. ანუ ეს კი არ იყო ამა თუ იმ მიზეზით მიმართული კრიტიკა სხვადასხვა ადამიანის მიმართ, არამედ დასავლეთი წარმოდგენილია როგორც კოლექტიური გარყვნილების ბუდე. ასეთი ძირეული ნარატივი ვრცელდებოდა, რომ ჩვენ „ის დასავლეთი“ კი გვინდოდა, მაგრამ სანამ იქამდე მივდიოდით, „ის დასავლეთი“ უკვე აღარ არსებობს და შეცვლილია.

კი, სიტყვის თავისუფლებაზე არგუმენტი მართლაც არსებობს. თუმცა აქ საქმე ისაა, რომ ეს იყო კოორდინირებული, ჰიბრიდული ომის საშუალება, რაც ნიშნავს იმას, რომ დრო, როდის დაიდებოდა კონკრეტული ინფორმაცია, რა ინტენსივობით იდებოდა, მერე როგორ იშლებოდა… ეს ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ აქ მხოლოდ სიტყვის თავისუფლების გამოხატვა არ იყო თვითმიზანი“, – ამბობს დავით ჯინჭარაძე „პუბლიკასთან“.

„პროპაგანდა და საინფორმაციო მანიპულაციები“ – ამ სათაურით აქვყენებდა „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2025 წელს კვარტლურ ანგარიშებს. ანგარიშებში გაანალიზებულია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებების, ანონიმური გვერდებისა და რუსეთიდან მართული პროპაგანდისტული ქსელის მოქმედების ძირითადი ტენდენციები.

„ანტიდასავლური კამპანიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა სატელევიზო გადაცემები, რომლებიც პროპაგანდისტულ არხებზე სხვადასხვა პერიოდულობით გადიოდა. გადაცემების ნაწილს საკუთარი ფეისბუქგვერდები ჰქონდა, რომლებზეც, ისევე როგორც ტელევიზიის ფეისბუქგვერდებზე, განთავსებული ვიდეოები დასპონსორებული იყო.

მაგალითად, საანგარიშო პერიოდში, POSTV-ის გადაცემა „ევროპის დაისის” 29 ვიდეო დარეკლამდა ფეისბუქზე. ამავე არხზე კიდევ ერთი ანტიდასავლური გადაცემა „ევროკრატია – ყოფილი ევროპა“ გადიოდა, რომელიც ტელევიზიისა და გადაცემის ფეისბუქგვერდებზეც ქვეყნდებოდა და მხოლოდ საანგარიშო პერიოდში ფეისბუქზე 40-ზე მეტი პოსტი იყო დარეკლამებული. აღსანიშნავია, რომ რეკლამების ნაწილი პლატფორმის წესების დარღვევის გამო წაშლილია.

6 სექტემბრიდან ევროკავშირის დისკრედიტაციის მიზნით ტელეკომპანია „იმედზე“ კიდევ ერთი გადაცემა „ევროანატომია“ დაიწყო. გადაცემის შინაარსი სრულ თანხვედრაში მოდიოდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ გზავნილებთან და ცდილობდა როგორც ევროპული სტრუქტურების დისკრედიტაციას, ასევე ევროინტეგრაციის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯად წარმოჩენას“, – ვკითხულობთ ერთ-ერთ ანგარიშში, რომელშიც ევროსკეპტიცზმის გავრცელებასთან ერთად, ასევე განხილულია უკრაინის საწინააღმდეგო და ზელენსკის დისკრედიტაციისთვის განკუთვნილი გზავნილები.

„სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის პროექტის კოორდინატორი, ქრისტინა ფარჯიანი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ პროსახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ „პროპაგანდისტული მედია არის ძალიან თანმიმდევრული იმ პროპაგანდაში, რასაც აწარმოებს“, სანქცირებულ ტელეკომპანიებს კი ამ ნარატივების გავრცელებაში წამყვანი როლი ეკავათ.

„ჩვენთვის ანუ არ იყო უცხო ის მიზეზი, რატომაც დაასანქცირა ბრიტანეთმა ეს ორი ტელეკომპანია იმიტომ, რომ ბოლოს უხერხულობის შეგრძნებაც კი გვქონდა – სულ ერთი და იგივე ნარატივების გაჟღერება გვიწევდა ჩვენს ანგარიშებშიც. მათი ნარატივები იყო მუდმივად ერთი – წამყვანი დედაბოძი იყო ზუსტად ანტიუკრაინული კამპანია. რაში გამოიხატებოდა ეს კამპანია: ცდილობდნენ წარმოეჩინათ, რომ ომის პროვოცირება ევროკავშირის წაქეზებით უკრაინამ მოახდინა, ცდილობდნენ რიგ შემთხვევებში გაემართლებინათ რუსეთი და ასევე დისკრედიტაცია გაეწიათ უკრაინის მთავრობისთვის.

ასევე ჩვენ რეკლამებსაც ვაკვირდებით Meta-ს პლატფორმებზე და ყოველთვის რეკლამების განმთავსებლებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარჯველი საქართველოდან იყო პროპაგანდისტული მედია, განსაკუთრებით ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც Facebook-ზე ძალიან დიდ თანხას ხარჯავდა. ბოლო პერიოდში გააქტიურდა POSTV-იც, 30-50 აქტიური რეკლამა ჰქონოდათ ხოლმე მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში. ეს წარმოუდგენელ თანხებთან იყო დაკავშირებული; 10 000-ობით დოლარს ხარჯავდნენ ეს ორგანიზაციები სოციალურ მედიაში რეკლამაზე და შესაბამისად, ფართო იყო მათი გავრცელებაც“, – ამბობს ქრისტინა ფარჯიანი „პუბლიკასთან“.

უკრაინისა და დასავლეთის კრიტიკა „თავად დასავლეთისგან“

პროფესორები ნორვეგიიდან და აშშ-იდან, ევროპარლამენტარები, გავლენიანი პოლიტიკური პარტია გერმანიიდან – ერთი შეხედვით, მათ ერთმანეთთან ბევრი არაფერი აკავშირებთ. თუმცა, თუ მათ საჯარო განცხადებებს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ საერთო ხაზს: ინტერვიუებში, კომენტარებში, რომელბსაც სანქცირებული მედია ავრცელებს, ყველა მათგანი მკაცრად აკრიტიკებს დასავლეთსა და უკრაინას, ადანაშაულებს მათ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტში უხეშ ჩარევაში და წარმოაჩენენ მსოფლიო მშვიდობის მთავარ საფრთხედ. 

ამ, ერთი შეხედვით ლეგიტიმური და აკადემიური კრიტიკის ფონზე, რიგით მაყურებელს ბუნებრივად უჩნდება კითხვა: რატომ უნდა დაასანქცირონ ტელეკომპანია, რომელიც ეთერში არა კრემლის ოფიციალურ წარმომადგენლებს ან რუს სამხედრო პროპაგანდისტებს, არამედ დასავლელ პოლიტიკოსებსა და პროფესორებს ციტირებს?

როგორც „პუბლიკასთან“ საუბარში პროპაგანდის მკვლევრები განმარტავენ, პრობლემა არა ციტირებაში, არამედ იმ წინასწარ გამიზნულ ილუზიაშია, რომელსაც ეს ტაქტიკა ქმნის. მარტივი ლოგიკაა: თუკი ომის გაჩაღებაში დასავლეთს რუსი პროპაგანდისტი დაადანაშაულებს, ეს საზოგადოებაში სკეპტიციზმსა და ღიმილს გამოიწვევს. მაგრამ სურათი სრულად იცვლება და ნდობის ხარისხი იზრდება, როდესაც ზუსტად იმავე გზავნილს „ავტორიტეტული დასავლელი პერსონა“ ახმოვანებს.

ამ სქემის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ პოლიტიკის მეცნიერებათა ნორვეგიელი პროფესორის, გლენ დისენის შემთხვევა, რომლის არაერთი კომენტარიც მარტივად იძებნება ქართული პროსახელისუფლებო მედიის ეთერებსა თუ სოციალურ ქსელებში.

ტელეკომპანიები მას სრული აკადემიური რეგალიებით – როგორც პოლიტოლოგსა და სამხრეთ-ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორს – ისე აცნობენ აუდიტორიას, რითაც მის სიტყვებს ობიექტურობის წონას სძენენ.  ამავდროულად, ნორვეგიელი პროფესორი წლების განმავლობაში იყო ღიად პროპაგანდისტული რუსული ტელეარხის, RT-ის აქტიური კონტრიბუტორი, ეკავა აკადემიური თანამდებობა მოსკოვში, „რუსეთის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში“ და იყო კრემლთან დაახლოებული გავლენიანი ორგანიზაციის, „ვალდაის სადისკუსიო კლუბის“ წევრი.

როგორც პროპაგანდის მკვლევრები აღნიშნავენ, დისენის მოსაზრებები იმეორებს რუსული პროპაგანდის მთავარ, „ანტი-ჰეგემონიურ“ ნარატივს. ის გვარწმუნებს, თითქოს დასავლეთი, საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მუდმივად ცდილობს მსოფლიოს დესტაბილიზაციას და წარმოადგენს გლობალურ „ომის პარტიას“, რომელიც პირდაპირი თუ ირიბი ჩარევით არაერთი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

კიდევ ერთი მაგალითია ამერიკელი ეკონომისტი ჯეფრი საქსი. იგი არა მხოლოდ სანქცირებული „იმედის“, არამედ კრემლის მთავარი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემებისა და რუსეთის „პირველი არხის“ ხშირი სტუმარია.

როგორც „მითების დეტექტორი“ წერს, საქსის რიტორიკა პირდაპირ იმეორებს მოსკოვის გზავნილებს: უკრაინაში მიმდინარე აგრესიას ის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს და ღიად იცავს ვლადიმირ პუტინს, მისთვის „მკვლელის“ დაძახებას კი სახიფათო უპასუხისმგებლობად მიიჩნევს. 

ამავე სტატიის მიხედვით, საქსი სრულად უგულებელყოფს საქართველოსა და უკრაინის სუვერენულ არჩევანს. მის ნარატივში ორივე ქვეყანაში რუსეთის შეჭრა არა მოსკოვის, არამედ აშშ-ისა და NATO-ს გაფართოების ბრალია. შესაბამისად, მისი შემოთავაზებული „მშვიდობის გეგმაც“ სრულ თანხვედრაშია კრემლის მოთხოვნებთან.

„მშვიდობის საფუძველი ნათელია. უკრაინა უნდა იყოს ნეიტრალური, არა NATO-ს წევრი ქვეყანა. ყირიმი დარჩეს რუსეთის ნაწილად და შავი ზღვის ფლოტის ბაზად, რომელიც ის 1783 წლიდან იყო. პრაქტიკული გადაწყვეტა მოიძებნება დონბასისთვის, როგორიცაა ტერიტორიული დაყოფა, ავტონომია ან ზავის ხაზი“ – წერს საქსი.

გარდა ამისა, როგორც „მითების დეტექტორის“ მასალაში ვკითხულობთ, საქსი აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები დასავლეთმა ჩაშალა. თუმცა, The New York Times-ის გამოძიებით დასტურდება, რომ მოლაპარაკებები არა დასავლეთის ჩარევით, არამედ რუსეთის მხრიდან წამოყენებული მიუღებელი პირობების გამო ჩაიშალა, რაც უკრაინას უსაფრთხოების არანაირ გარანტიას არ უტოვებდა.

საბოლოო ჯამში, როგორც ქართველი მკვლევრები აღნიშნავენ, ჯეფრი საქსი იმ ექსპერტთა ქსელის ნაწილია, რომელთა მთავარი ფუნქციაც რუსული პროპაგანდისთვის დასავლური, ვითომდა ობიექტური საბურველის შექმნაა.

„ძირითადად ესენი არიან რუსეთთან სხვადასხვა სახით დაკავშირებული პოლიტიკოსები ან ექსპერტები. და მათი ციტატებიც ძალიან ხშირად ხვდებოდა იმედისა და პოსტივის Facebook გვერდებზე. და საინფორმაციო გამოშვებებშიც ხვდებოდა შემდეგ ეს.

და თითქოს ისე იყო ჩვენება, ცდილობდნენ ისე ეჩვენებინათ და ისე შეეფუთათ ეს ყველაფერი, რომ ეს არ იყო მხოლოდ მათი მოსაზრება და ეს არის რაღაცა გაბატონებული აზრი“, – ამბობს ქრისტინა ფარჯიანი „პუბლიკასთან“.

დამთხვევები რუსეთის დაზვერვის განცხადებებთან? 

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა პლატფორმა EUvsDisinfo-მ, რომელიც დეზინფორმაციასა და პროპაგანდისტულ ნარატივებს იკვლევს, 2025 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა ანალიზი, რომელშიც განხილულია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისა (SVR) და ქართული პროსახელისუფლებო მედიების გზავნილების ქრონოლოგიური თანხვედრა. როგორც EUvsDisinfo წერს, ტელეკომპანიები „იმედი“ და POSTV სისტემატურად იმეორებენ SVR-ის ნარატივებს, რაც ძირითადად მოსკოვის მიერ ოფიციალური განცხადებების გავრცელებიდან მალევე, ან ოდნავ ადრე ხდება.

EUvsDisinfo წერს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი ძირითადი პროპაგანდისტული პლატფორმები ეფექტურად მოქმედებენ როგორც რუსული საფრთხის შემცველი ფინანსური რესურსების ინსტრუმენტები საქართველოში. გამოცემა წერს, რომ კრემლისა და „ქართული ოცნების“ პროპაგანდა არა მხოლოდ ინდენტურ ნარატივებს უწყობს ხელს, არამედ მსგავს ტაქტიკასაც იყენებს, რაც არა მხოლოდ ინტერესთა მჭიდრო თანხვედრაზე, არამედ პოტენციურ კოორდინაციაზეც მიუთითებს. ეს კი, მათი განცხადებით, მიზნად ისახავს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ნდობის შერყევას საზოგადოებაში, დასავლეთის დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალად წარმოჩენას და საბოლოოდ, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ტრაექტორიის ძირის გამოთხრას. 

EUvsDisinfo მოვლენების განვითარებას კონკრეტული ფაქტების მიხედვით აღწერს, სადაც საინფორმაციო სამიზნეები ეტაპობრივად იცვლებოდა. გამოცემის მიხედვით, პირველი ასეთი სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატები იყო. 2024 წლის 26 აგვისტოს რუსეთის საგარეო დაზვერვამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აშშ-ს საქართველოში არჩევნების წინ „ფერადი რევოლუციის“ მომზადებაში, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასა და უკრაინული ევრომაიდნის სცენარის გამეორების მცდელობაში ადანაშაულებდა. ამ განცხადების პარალელურად, ქართულმა სამთავრობო მედიებმა დაიწყეს იდენტური შინაარსის გზავნილებისა და ვიდეოების გავრცელება, სადაც აქციის მონაწილეებს “დაფინანსებულებად” მოიხსენიებდნენ.

მომდევნო ეტაპზე საინფორმაციო ფოკუსმა ევროკავშირზე გადაინაცვლა. 2025 წლის თებერვალში SVR-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი აქციის მონაწილეებს დღეში 120 ევროს უხდიდა. EUvsDisinfo-ს მიხედვით, ზუსტად იმავე პერიოდში, ტელეკომპანია „იმედმა“ ეთერში გაუშვა მასალები, სადაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სტანდარტული ახალგაზრდული სემინარები ხელისუფლების შესაცვლელად მიმართულ ტრენინგებად იყო გამოცხადებული.

EUvsDisinfo წერს, რომ მოგვიანებით, სამიზნე კვლავ შეიცვალა. 2025 წლის 5 ივნისს SVR-მა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლების დასამხობად აერთიანებდა. რამდენიმე დღეში, 11 ივნისს, ბრიტანეთის საელჩომ მტრული გარემოს გამო საგრანტო პროგრამის გაუქმების შესახებ განაცხადა, რასაც მოჰყვა „იმედისა“ და POS TV-ის ეთერში გასული მასალები, სადაც ბრიტანეთი შიდა საქმეებში ჩარევასა და ექსტრემიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულეს.

პუბლიკასთან სანქცირებული მედიების შესაძლო კოორდინირებულ ქცევაზე საუბრობს დავით ჯინჭარაძეც, რომლის თქმითაც, Propaganda Watch-ზე მუშაობისას აკვირდებოდა შესაძლო კოორდინაციას ნარატივების გავრცელებისას. პლატფორმაზე შეგროვებული მასალების ნაწილს „რუსული კვალის“ ფუნქციაც დაუმატეს.

შემდეგ მეორე ეტაპი იყო ამ ყველაფრის, რომ გაჩნდა ესეთი კითხვა: ეს პროპაგანდა უშუალოდ ენდემურია, ანუ იმედი აკეთებს ამას, თუ არის კავშირი რაღაცა უფრო დიდთან? და ეს იყო ყველაზე საინტერესო, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ – ხშირად დასავლეთის და უკრაინის დისკრედიტაცია რუსულ მედიასაშუალებებიდან სინქრონიზებულად ხდებოდა.

ინფორმაციის წყარო, როგორც წესი, რუსულთან ერთად უშუალოდ დასავლეთში დარეგისტრირებული, მაგრამ იქ რუსულ პროპაგანდად მიჩნეული გამოცემები და ორგანიზაციები იყო. რაც, ვფიქრობ, შეიძლება კავშირში იყოს ქართული ტელეკომპანიების სანქცირებასთან. იმიტომ, რომ უკრაინაში ომის საკითხი და სხვა ასეთი თემები, რაზეც „იმედი“ წერდა, ხშირად დასავლეთშიც პრობლემაა ამ კუთხით, რომ აქაურ არჩევნებზე შეუძლია გავლენის მოხდენა. შეიძლება რომელიმე პოპულისტურმა პარტიამ უკრაინის თემა გამოიყენოს იმისთვის, რომ მეტი ხმა აიღოს“, – ამბობს დავით ჯინჭარაძე „პუბლიკასთან“.

ლოკალური ნარატივები გლობალურ ქსელში, რა მსგავსებაა დეზინფორმაციაში მოლდოვასა და საქართველოს შორის

უკრაინელი მედიამკვლევარი, StopFake.org-ის დამფუძნებელი ოლჰა იურკოვა „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ქართულ მედიასივრცეში გავრცელებულ ნარატივებში არაფერია უნიკალური. მისი თქმით, ანტიუკრაინული პროპაგანდა 2014 წლიდან არაერთ ქვეყანაში იკრებს ძალას მსგავსი გზავნილებით.

„რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ, არა იმდენად იმპროვიზაციაა, რამდენადაც ლოკალიზაცია – კრემლთან დაკავშირებული ნაცნობი ნარატივების მორგება შიდა პოლიტიკურ კონტექსტებზე. თემები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, უკრაინის ხელისუფლების არალეგიტიმურობა, უკრაინელთა წინააღმდეგობის „პროქსი ომად“ წარმოჩენა, მტკიცებები დასავლეთის მანიპულაციების შესახებ, უკრაინის დანაკარგების გაზვიადება, მუდმივად მეორდება სხვადასხვა რეგიონში და სხვადასხვა ენაზე.

მაშინაც კი, როდესაც ოპერატიული კოორდინაციის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, თანხვედრა ნარატივების, ფორმულირებებისა და გზავნილების დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი თანხვედრა ხშირად მიუთითებს ნარატივების საერთო წყაროებზე (მათ შორის რუსულ სახელმწიფო მედიასა და მასთან დაკავშირებულ ქსელებზე), კრემლის გზავნილების ირიბ გაძლიერებასა და ამ ნარატივების პოლიტიკურ სარგებლიანობაზე შიდა აქტორებისთვის“, – ამბობს ოლჰა იურკოვა „პუბლიკასთან“.

მისი თქმით, ანალიტიკური თვალსაზრისით, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც მონაწილეობა უფრო ფართო დეზინფორმაციის ეკოსისტემაში, სადაც ადგილობრივი აქტორები ავრცელებენ და ლეგიტიმაციას უკეთებენ ნარატივებს, რომლებიც ემსახურება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს, მიუხედავად იმისა, არის ეს კოორდინირებული თუ უფრო ოპორტუნისტული.

საქართველოსგან განსხვავებით, ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ პროპაგანდას უპირისპირდება მოლდოვის ხელისუფლება და სახელმწიფო ინსტიტუტები. როგორც მოლდოველი ჟურნალისტი და მედიამკვლევარი, „დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ცენტრის“ მთავარი რედაქტორი, ვიქტორია დოდონი ამბობს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრორუსული და ანტიდასავლური ტელევიზიების სარედაქციო ხაზები დახურეს, თუმცა დეზინფორმაციამ ინტერნეტ სივრცე მოიცვა.

დღეს, როცა ზოგიერთი ვებსაიტიც დაბლოკილია, მისი თქმით, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პროპაგანდა ძირითადად სოციალური ქსელებით და მსგავსი გზავნილებით ვრცელდება.

მისი თქმით, ბოლოს, თებერვალში მისმა ორგანიზაციამ მონიტორინგი გაუწია 57 YouTube-არხს უკრაინაში რუსეთის ომის მიმართულებით, მათ შორის იყო მოლდოვური ტელევიზიების არხებიც და დამოუკიდებელი პლატფორმებიც. მათი მიზანი იყო პრორუსულ ნარატივებზე დაკვირვება.

„ამ არხებზე ვერ იპოვიდით რუსეთის ომის ღია, პირდაპირი მხარდაჭერას. თუმცა გამოვავლინეთ მოსაზრებებზე დაფუძნებული კონტენტი, რომელიც ძირითადად ტოქ-შოუების სტუმრების მიერ ჟღერდება და რომელსაც ომის გაგრძელებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციიდან უკრაინაზე, ევროპელ ლიდერებსა და NATO-ზე გადააქვს. ეს პროპაგანდის მთავარი მექანიზმია: არა აუცილებლად რუსეთის ღია შექება, არამედ დისკურსის ისეთი შეცვლა, რომელიც რუსულ აგრესიას პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით ნორმალიზებას უკეთებს.

მოლდოვაში აშკარად არსებობენ პოლიტიკური, მედია და კვაზი-სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, რომლებიც პრორუსულ დღის წესრიგს უწყობენ ხელს. რუსეთის პოზიციის მხარდაჭერა ხშირად უფრო ირიბი და შეფარული გზებით გამოიხატება. ეს ხდება მანიპულაციური ფორმულირებებით, ნარატივების განმეორებით, ბრალეულობის შერჩევითად დაკისრებით და სხვა მსგავსი გზებით, რომ პასუხისმგებლობა რუსეთიდან უკრაინაზე, დასავლეთსა თუ ევროპელ ლიდერებზე მიმართულიყო“, – ამბობს ვიქტორია დოდონი „პუბლიკასთან“.

პერსპექტივა უკრაინიდან

რას ფიქრობენ უკრაინაში იმ გზავნილებზე, რაც ქართულ მედიაში გვხვდება? მიაჩნია თუ არა უკრაინულ საზოგადოებას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს და, მაგალითად, ემხრობა თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების უახლოეს ვადებში ჩატარების შესაძლებლობას?

პოლიტიკის მეცნიერი, უკრაინული ფონდის „დემოკრატიული ინიციატივის“ სამეცნიერო მრჩეველი, ოლექსი ჰარანი „პუბლიკსათან“ ამბობს, რომ მაგალითად, არჩევნების ჩატარების საკითხი მხოლოდ ზელენსკის გადასაწყვეტი არაა და საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ უკრაინელთა უმეტესობას არჩევნების ორგანიზება ომის დასრულების შემდეგ წარმოუდგენია. 

მისი თქმით, არჩევნების ჩატარება საომარ მდგომარეობაში ვერ მოხდება სამართლებრივი საკითხების გამოც. უკრაინის კონსტიტუციით, პირდაპირ არის აკრძალული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საომარ მდგომარეობაში. საპრეზიდენტო არჩევნებზე კი თუმცა აკრძალვა პირდაპირ არ არის ჩაწერილი, ის გამომდინარეობს კონსტიტუციის სულისკვეთებიდან. საომარ მდგომარეობაში სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემას.

„მაგრამ საომარი მდგომარეობაც რომ გავაუქმოთ, ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ მეორე დღეს რუსეთი არ დაიწყებს აგრესიას? არანაირი გარანტია არ არსებობს. ან წარმოიდგინეთ, რომ იწყება საარჩევნო კამპანია. ისევ და ისევ, სად არის გარანტიები, რომ, ვთქვათ, ერთ ან ორ კვირაში რუსები არ განაახლებენ აგრესიას? რომ აღარაფერი ვთქვათ ყველა სხვა დაკავშირებულ სირთულეზე – ომის დასრულების შემდეგ არჩევნებისთვის მოსამზადებლად რეალურად დრო გვჭირდება. 

მოგეხსენებათ, არჩევნებისთვის მოსამზადებლად მინიმუმ ექვსი თვე ან მეტია საჭირო. რატომ? იმიტომ, რომ 13-მა მილიონმა უკრაინელმა დატოვა საკუთარი სახლი. მათი ნახევარი საზღვარგარეთ იმყოფება. როგორ უნდა მოვაწყოთ ეს ხმის მიცემა საზღვარგარეთ? აუცილებელია ამომრჩეველთა რეესტრის შემოწმება და ასე შემდეგ. ჩვენ გვჭირდება რეალური კამპანია და არა უბრალოდ ფორმალობისთვის ჩატარებული არჩევნები. რეალური კამპანიის ჩატარება კი ომის ან საომარი მდგომარეობის დროს შეუძლებელია. ასე რომ, ძირითადად, პასუხი ნათელია: არა, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. და უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა ამას ეთანხმება.

თუნდაც, მაგალითად, მე ზელენსკის კრიტიკოსი ვარ, მაგრამ მაინც ვამბობ, რომ არა, ახლა ამის დრო არ არის“, – ამბობს ოლექსი ჰარანი „პუბლიკასთან“.

ჰარანის თქმით, ასევე უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. უკრაინის კონსტიტუციით, მანამ, სანამ ახალ პრეზიდენტსა და პარლამენს აირჩევენ, არსებული ხელისუფლება ლეგიტიმურია.

ხოლო იმის მტკიცებას, რომ უკრაინელ ხალხს მშვიდობა სურს და უკრაინელი ჯარისკაცების ხელით დასავლეთი აგრძელებს ომს რუსეთის დასასუსტებლად, ოლექსი ჰარანი „სიგიჟედ“ აფასებს. მისი თქმით, უკვე წლები გავიდა, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო უკრაინაში, მართლაც იბომბება ქალაქები, არის მსხვერპლი, საზოგადოებრივი გამოკითხვები კი ისევ და ისევ აჩვენებს, რომ უკრაინული მოქალაქეების უმრავლესობა მზადაა გაუძლოს ომს იქამდე, სანამ საჭირო იქნება უკრაინული სახელმწიფოსთვის რუსული თავდასხმის მოსაგერიებლად.

„ვფიქრობ, ამის გაგება ძალიან მარტივია. ეს იყო არაპროვოცირებული აგრესია და რუსებისთვის – ეს ომი არ არის ბრძოლა მხოლოდ დონბასის ტერიტორიაზე, ეს ომი უკრაინელების, როგორც ერის, არსებობის წინააღმდეგაა მიმართული.

პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინელები არ არსებობენ. პუტინის გონებაში ჩვენ არ ვარსებობთ. ჩვენ დიდი რუსი ხალხის ნაწილი ვართ. ეს არის რუსული იმპერიის მოდელი, სადაც უკრაინელებს უარყოფდნენ და იცით, რას ეძახდნენ? პატარა რუსებს –  „მალორუსებს“, ჩვენი ენა კი აკრძალული იყო. სწორედ ამას იმეორებს პუტინი და ის ძალიან, ძალიან მკაფიოა ამ საკითხში.

ამიტომ ჩვენთვის ეს მხოლოდ თავისუფლებისთვის ომი კი არ არის, ეს უკრაინელი ერის გადარჩენისთვის ბრძოლაა. დასავლეთი კი გვეხმარება, განსაკუთრებით ევროპა. ასე რომ, იმის თქმა, თითქოს დასავლეთს სურს, ვიომოთ… არა, რას ამბობთ. ჩვენ ვერ ვიბრძოლებდით, უკრაინელებს თავად რომ არ გადაეწყვიტათ საკუთარი თავის დაცვა“, – დასძენს უკრაინელი პოლიტოლოგი „პუბლიკასთან“.