ჩრდილოეთ კავკასიაში უკვე რამდენიმე წელია, ინტერნეტის სხვადასხვაგვარი შეზღუდვა მოქმედებს. შეიძლება თუ არა, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს?
ავტორი: ელიზავეტა ჩუჰაროვა
ვიქტორია, მასწავლებელი ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში WhatsApp-ს იყენებდა გერმანიაში მყოფ ქალიშვილთან დასაკავშირებლად. მას შემდეგაც კი, რაც WhatsApp რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა, ისინი მის გამოყენებას ფასიანი VPN-ის საშუალებით განაგრძობდნენ.
თუმცა 2026 წლის თებერვალში ვიქტორიამ შვილთან დაკავშირება ვეღარ შეძლო – კავშირი გაუარესდა ვიდეოს გამოყენების გარეშეც კი, ინტერნეტის შეზღუდვების გამკაცრების გამო.
„ჩემს შვილს შევთავაზე, რომ მასაც დაეინსტალირებინა MAX“, – ეუბნება ვიქტორია OC Media-ს, კრემლის მიერ მხარდაჭერილ „ეროვნულ მესენჯერზე“ საუბრისას, – „სამსახურში ყველას გვაიძულეს მისი გადმოწერა, მაგრამ ჩემი შვილი წინააღმდეგია და მეც მირჩევს, არ გამოვიყენო. ჩემთვის კი რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, მუშაობდეს“.
საბოლოოდ მათ გამოსავალი იპოვეს: ოჯახი ახლა რუსული სოციალური ქსელის, VK-ის მეშვეობით ურთიერთობს, რომელიც ნაკლებად პოლიტიზებულ ალტერნატივად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორიას თქმით, მის ოჯახს დასამალი არაფერი აქვს, ფიქრობს, რომ სიფრთხილის ზომების მიღება ზედმეტი არ არის.

VK-ის შტაბ-ბინა. ფოტო: ანდრეი ლიუბიმოვი / RBC / TASS.
„ჩვენი კონსტიტუცია პირადი მიმოწერის საიდუმლოებას უზრუნველყოფს და მინდა, ჩვენი საუბრები მხოლოდ ოჯახში დარჩეს. როცა მათ აწყობთ, ასობით ფორმაზე გაწერინებენ ხელს მხოლოდ პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად, აქ კი ყველაფერს თავად განაგებენ“, – ამბობს ვიქტორია.
მას არ სურს, თქვას, როგორ შეინარჩუნებს კავშირს ოჯახთან შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრების შემთხვევაში, მაგრამ ამტკიცებს, რომ გერმანიაში ქალიშვილთან გადასვლა არ უნდა. მას შემდეგ, რაც წარსულში ღიად უჭერდა მხარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, შეკითხვაზე, რას ფიქრობს მასზე ახლა, მხოლოდ პასუხობს, რომ რუსეთის პატრიოტია.
ინტერნეტცენზურის მოკლე ისტორია
2026 წლის თებერვლის ბოლოს მედიებმა RBC და The Bell წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთმა მიიღო „საბოლოო“ გადაწყვეტილება 1 აპრილიდან მესენჯერ Telegram-ის სრულად აკრძალვის შესახებ. იგივე ინფორმაცია გაავრცელა Telegram-არხმა, Baza-მ, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის სპეცსამსახურებთან.
Telegram მხოლოდ ბოლო/უახლესი აპლიკაციაა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების სამიზნე გახდა – ეს შეზღუდვების 10-წლიანი ისტორიის გაგრძელებაა, რომელიც უფრო და უფრო იზრდებოდა.
2010 წელს რუსული ინტერნეტისთვის აბსოლუტური თავისუფლების ხანა იდგა: ადამიანები კამათობდნენ ფორუმებზე, იყენებდნენ ტორენტებს ყველაფრის გადმოსაწერად, ხოლო სიტყვა „როსკომნადზორი“ (კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახური), ალბათ, მხოლოდ ჩინოვნიკებმა და მათმა ნათესავებმა იცოდნენ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსკომნადზორი) ხელმძღვანელ ანდრეი ლიპოვთან შეხვედრას მართავს, 2020 წელი. ოფიციალური ფოტო.
მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა. როგორც ბევრი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ყველაფერი კეთილი განზრახვით დაიწყო: „ონლაინსივრცეში ძალიან ბევრი მავნე კონტენტია, მოდით, დავიცვათ ბავშვები“. საპასუხოდ, 2012 წელს გამოჩნდა აკრძალული ვებგვერდების ერთიანი რეესტრი.
იმ დროს ეს თითქმის უწყინრად ჩანდა. სიაში შედიოდა ვებგვერდები ნარკოტიკების, ბავშვთა პორნოგრაფიისა და სუიციდის შესახებ. ინტერნეტსაზოგადოება უკმაყოფილებას გამოთქვამდა, მაგრამ ლოგიკა ესმოდა, თუმცა სწორედ ეს გახდა „აკრძალვის ინფრასტრუქტურის“ დასაწყისი.
2014 წელს თამაშის წესები მკვეთრად შეიცვალა. ბლოკირება აღარ ეხებოდა მხოლოდ „ბავშვებს“. გამოჩნდა „ლუგოვოის კანონი“, რომელიც ვებგვერდების სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დაბლოკვის საშუალებას იძლეოდა, თუ ისინი მიიჩნეოდა „ექსტრემისტულად“ ან შეიცავდა უკანონო პროტესტისკენ მოწოდებებს.
გენერალურმა პროკურატურამ „ჯადოსნური ჯოხი“ მიიღო: ერთი დაქნევით ოპოზიციური მედია საძიებო სისტემებიდან ქრებოდა. სწორედ მაშინ დაიწყო რუსული ინტერნეტის დაყოფა „მისაღებ“ და „აკრძალულ“ სეგმენტებად.
2018 წელს დაიწყო ბრძოლა Telegram-ისთვის, რომელიც სამ წელიწადს გაგრძელდა. უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) მესენჯერისგან დაშიფვრის გასაღებების გადაცემა მოითხოვა, რაზეც Telegram-ის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა, უარი თქვა. შედეგად როსკომნადზორმა გადაწყვიტა, უბრალოდ გაეთიშა მესენჯერი რუსეთში.
უწყებამ Google-ისა და Amazon-ის მილიონობით IP მისამართი დაბლოკა Telegram-ის „დასაჭერად“. შედეგად: გაითიშა სუპერმარკეტების სალაროები, ბილეთების დაჯავშნის სისტემები და სამთავრობო ვებგვერდებიც კი, ხოლო Telegram მუშაობას განაგრძობდა. ეს იყო ტექნოლოგიის გამარჯვება ბიუროკრატიაზე. 2020 წელს ბლოკირება ოფიციალურად უშედეგოდ მიიჩნიეს და გააუქმეს, თუმცა ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა: IP ბლოკირება ჩიხია.

მომიტინგეებს უჭირავთ Telegram-ის თანადამფუძნებლის, პაველ დუროვის პორტრეტი; აპროტესტებენ აპლიკაციის დაბლოკვას რუსეთში. სანქტ-პეტერბურგი, 2018 წელი, პირველი მაისისადმი მიძღვნილი აქცია. ფოტო: AP Photo/Dmitri Lovetsky.
სახელმწიფო მიხვდა, რომ ქსელის გასაკონტროლებლად საჭირო იყო იმ „მილების“ კონტროლი, სადაც ტრაფიკი გადის. ასე გაჩნდა კანონი „სუვერენული ინტერნეტის“ შესახებ. პროვაიდერებს დაევალათ საფრთხეებთან ბრძოლის ტექნიკური საშუალებების (TSPU) – „შავი ყუთების“ დაყენება, რომლებიც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, დაინახოს, რას ტვირთავთ და იძულებით შეანელოს ან გათიშოს კონკრეტული სერვისები.
Twitter იყო პირველი სოციალური ქსელი, რომელიც 2021 წელს „გატესტეს“. ის არ გაუთიშავთ, უბრალოდ, ისე შეანელეს, რომ სურათების ჩატვირთვას წუთები სჭირდებოდა. ამან გაჭრა.
2022 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, ინტერნეტის ბლოკირების ტემპი ზვავისებურად გაიზარდა. Instagram და Facebook, რომლებიც რუსეთში ექსტრემისტულად გამოცხადდა, ათობით დამოუკიდებელ მედიასთან ერთად რამდენიმე დღეში აიკრძალა.
რუსეთი წერტილოვანი შეზღუდვებიდან სრულმასშტაბიან ფილტრაციაზე გადავიდა, თუმცა ყველაზე საინტერესო ეტაპი მოგვიანებით დადგა, როდესაც სამიზნე YouTube გახდა. 2024 წლის ზაფხულში ის ოფიციალურად არ დაუბლოკავთ – უბრალოდ, „შეანელეს“ იმ დონემდე, რომ გამოყენება შეუძლებელია.
კიბერსამართლის ექსპერტის, სარქის დარბინიანის თქმით, მესენჯერების უმეტესობა და სხვა დასავლური სერვისები მომავალშიც შეეჯახებიან ასეთ შეზღუდვებს, ხოლო Telegram უბრალოდ უახლესია იმ სიაში, რომელიც სამთავრობო კონტროლის მორიგ რაუნდს გადის.
ჩრდილოეთ კავკასია, როგორც ახალი ტექნოლოგიების საცდელი პოლიგონი
რუსეთის პარალელურად ინტერნეტის სრული გათიშვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2018 წელს, ჩეჩნეთთან საზღვრის შეცვლის წინააღმდეგ ინგუშეთში გამართული საპროტესტო აქციის დროს. სწორედ მაშინ გამოსცადა ინგუშეთმა კავშირგაბმულობის სრული ბლოკადა. საქმე დღემდე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტშია. დარღვევებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
2023 წლის ოქტომბერში დაღესტანსა და ჩეჩნეთში სრულად გათიშეს მობილური ინტერნეტი მას შემდეგ, რაც ასობით მომიტინგე შეიჭრა მახაჩყალის აეროპორტში, თელ-ავივიდან ჩამოსულ მგზავრებზე თავდასხმის მცდელობით.
დაღესტნის უმსხვილესმა ინტერნეტპროვაიდერმა Ellko-მ, გათიშვა ახსნა როსკომნადზორის წვრთნებით, რომლებიც მიზნად ისახავდა „ინტერნეტის უცხოურ სეგმენტზე წვდომის გასათიშად სცენარების შემუშავებას“.
ამ ცნობების ფონზე რუსეთის ციფრული განვითარების მინისტრმა, მაქსუტ შადაევმა, განაცხადა, რომ ამ რესპუბლიკებში „კავშირგაბმულობის პრობლემები არ ყოფილა“.
დაღესტნური გაზეთი Novoe Delo მოგვიანებით წერდა, რომ ფედერალურმა ხელისუფლებამ შესაძლოა, დაღესტანი, ჩეჩნეთი და ინგუშეთი გამოიყენოს გლობალური ინტერნეტიდან გათიშვის საცდელ პოლიგონად, რათა შეიქმნას ჩინეთის „ოქროს ფარის“ (Golden Shield) სისტემის ჩრდილოკავკასიური ანალოგი. როსკომნადზორმა ასეთი გეგმების არსებობა 2024 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში დაადასტურა.
„კავკასია, ალბათ, ცენზურის ახალი ტექნოლოგიების ერთ-ერთი საცდელი პოლიგონი იყო. ახლა კი ვხედავთ, რომ მოსკოვშიც უკვე რამდენიმე კვირაა, მობილური ინტერნეტი ითიშება და იგივე ტექნოლოგიური მეთოდები გამოიყენება, ოღონდ, ახლა გაცილებით მასშტაბურად“, – ეუბნება დარბინიანი OC Media-ს.
მადინა, დაღესტნის მცხოვრები, ასევე აღნიშნავს, რომ შეზღუდვები აღარავის უკვირს.
„ადრე მთელ თავისუფალ დროს Instagram-ში ვატარებდი. ახლა რაღაც ფანტასტიკის სფეროდ მეჩვენება. ეს საერთოდ როგორ შეიძლება – Instagram გახდა რაღაც არარეალური, COVID-19-ის ეპიდემიასავით, რომელიც ახლა სიზმარს ჰგავს. ხანდახან ხალხი მიგზავნის Reels-ის ლინკებს Instagram-იდან, მაგრამ მათ გახსნას არც კი ვცდილობ, ჩემი VPN ხან მუშაობს, ხან არა და სანამ მას ჩართავ, სურვილიც გეკარგება“, – ამბობს ის OC Media-სთან.
მადინა ამბობს, რომ ახლა უფრო მეტად არის ორიენტირებული მუშაობაზე, რადგან სოციალური ქსელები ძალიან უფანტავდა ყურადღებას. მასაც აიძულეს MAX-ის დაყენება (ის სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობს), მაგრამ იქ არავინ არაფერს წერს და მხოლოდ სამსახურებრივი მიმოწერისთვის იყენებს.
ახლა, მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემები იმ დღეებში იქმნება, როდესაც განგაშის სიგნალი ირთვება – ჩრდილოეთ კავკასიაზე უკრაინული დრონებით შეტევისას. მაშინაც კი, თუ დაღესტანს საფრთხე არ ემუქრება, კავშირი მაინც იხშობა, რის შედეგადაც მაღაზიაში ბარათით გადახდაც კი შეუძლებელია.
დაღესტნის საზოგადოებრივი პალატის წევრი, შამილ ხადულაევი, OC Media-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ შეზღუდვები „ხალხს ძალიან აღიზიანებს“.
„დაღესტანში ხალხი მიჩვეულია ინფორმაციის ღიად მიღებას, გაზიარებას და დისკუსიებს. აქ ხალხი ძალიან პოლიტიზებულია, უყვართ ყველაფრის საქმის კურსში ყოფნა და, რა თქმა უნდა, შეზღუდვები აღიზიანებთ. ხალხი იხდის ფულს მობილურ კავშირში, ინტერნეტში და გამოდის, რომ იხდიან იმაში, რასაც ვერ იღებენ. ხალხი გადაიღალა“, – ამბობს ხადულაევი.
მისი თქმით, რუსეთი ახალი „რკინის ფარდის“ წინაშე დგას და პარალელს ავლებს საბჭოთა კავშირთან, როდესაც ინფორმაციაზე წვდომა მკაცრი ცენზურით იზღუდებოდა.
„რუსეთი მსოფლიო ჩემპიონია ერთსა და იმავე ფოცხზე ფეხის დადგმაში. თუ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, მაშინ შედით დიალოგში, მიაწოდეთ სწორი ინფორმაცია. მაგრამ არ შეიძლება, წინასწარ მიიჩნიო, რომ მე სულელი ვარ და მითხრა: შენ მხოლოდ ამის ნახვის უფლება გაქვს. აკრძალვა და ბლოკირება უკვე გამოვიარეთ. ამას კარგი არაფერი მოაქვს. თავად სახელმწიფო ვერ გაიგებს საზოგადოების რეაქციას და გააგრძელებს შეცდომების დაშვებას, რაც მიგვიყვანს იქამდე, სადამდეც 1991 წელს მივედით.კიდევ ერთხელ: გვინდოდა საუკეთესო, მაგრამ გამოვიდა ისე, როგორც ყოველთვის“, – ამბობს ხადულაევი.
სახელმწიფო მესენჯერი MAX
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სახელმწიფომ და მსხვილმა რუსულმა IT კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს „ციფრული სუვერენიტეტის“ იდეის პროპაგანდა – ქვეყნის შიგნით კონტროლირებადი ადგილობრივი პლატფორმების შექმნა. სწორედ ამ კონტექსტში გაჩნდა ეროვნული მესენჯერი MAX.

აპლიკაცია MAX. ფოტო: TASS
MAX თავდაპირველად წარმოდგენილი იყო, როგორც ნაცნობი მესენჯერების – Telegram-ის ან WhatsApp-ის ალტერნატივა, თუმცა მათგან განსხვავებით MAX თავიდანვე აღიქმებოდა არა მხოლოდ როგორც კომუნიკაციის მორიგი აპლიკაცია, არამედ როგორც უფრო ფართო ინფრასტრუქტურის ნაწილი. მისი მიზანი, როგორც ჩინოვნიკები აცხადებდნენ, იყო არა მხოლოდ შეტყობინებების გაგზავნა, არამედ პოტენციური ინტეგრაცია სხვა სერვისებთან – კორპორაციული სისტემებიდან სამთავრობო პლატფორმებამდე.
აპლიკაცია იყო იმის ლოგიკური გაგრძელება, რაც უკვე ჩანდა სხვა სფეროებში: ეროვნული საგადახდო სისტემების, ლოკალური სოციალური ქსელების, ვიდეოჰოსტინგებისა და ღრუბლოვანი პლატფორმების შექმნა.
რუსული კანონმდებლობა უკვე მოიცავს მექანიზმებს, რომლებიც ავალდებულებს სერვისების მიმწოდებლებს, შეინახონ მომხმარებლის მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოებს მოთხოვნისთანავე გადასცენ. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი მესენჯერი, რომელიც რუსეთის იურისდიქციაში მუშაობს, ამ სისტემის ნაწილი ხდება. MAX თავიდანვე ამ სისტემის ფარგლებში შეიქმნა.
როდესაც ადამიანებმა უარი თქვეს მის ნებაყოფლობით გამოყენებაზე, დაიწყო მათი იძულება. სამთავრობო უწყებების სამუშაო, ასევე, სკოლის მშობელთა და სამეზობლო ჩატები MAX-ში გადავიდა. გარკვეული სერვისების გამოსაყენებლად, მათ შორის ყველა სახელმწიფო სერვისისთვის, საჭიროა ავტორიზაცია MAX-ის მეშვეობით.
რუსული სახელმწიფო ან სპეცსამსახურებთან დაკავშირებული მედიის არაერთი Telegram-არხი არ აქვეყნებს სრულ ინფორმაციას და მომხმარებელს MAX-ზე ამისამართებს. ეს განსაკუთრებით ხშირია ემოციური, განსაკუთრებული ინფორმაციის გამოქვეყნებისას, მაგალითად, უკრაინაზე თავდასხმების შედეგების ამსახველი ფოტოები ქვეყნდება წარწერით: „მეტი ფოტო და ვიდეო ნახეთ ჩვენი MAX-ის არხზე“.
მიუხედავად ამ ზეწოლისა, MAX-ს დიდი პოპულარობა არ მოუპოვებია. ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმაც კი ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ 10 000 გამომწერის შეგროვება შეძლო თავის არხზე, რაც 200-ჯერ ნაკლებია მისი Telegram-გამომწერების რაოდენობაზე- კადიროვს იქ 2 მილიონი მიმდევარი ჰყავს.
ასევე, გაცილებით მცირე აუდიტორია ჰყავთ სახელმწიფო პლატფორმაზე მისი გარემოცვის წევრებს: ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრ მაგომედ დაუდოვსა და დეპუტატ ადამ დელიმხანოვს – დაუდოვს MAX-ზე მხოლოდ 800 გამომწერი ჰყავს, Telegram-ზე კი – 1.8 მილიონი. დელიმხანოვს MAX-ზე 4 380 მომხმარებელი მიჰყვება, Telegram-ზე – 1.8 მილიონი.
„პლატფორმა საინტერესო რომ გაეკეთებინათ, ხალხი თავად აირჩევდა, მაგრამ როდესაც ადამიანს აიძულებ, ავტომატურად იღებ წინააღმდეგობას. არ შეიძლება, ვინმეს ხელი გადაუგრიხო, ყელზე დანა მიაბჯინო და უთხრა: გადადი MAX-ში. ეს არადემოკრატიულიცაა და კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება“, – ამბობს ხადულაევი.
მას სჯერა, რომ ადამიანებს MAX-ის მოხმარებას რომ აიძულებენ, სწორედ ამიტომ არ სურთ იქ დარეგისტრირება.
„იარაღის მუქარით კი არა, რომ ეთქვათ: აი, ჩვენი ეროვნული მესენჯერი MAX გამოიყენეთ, მისი უპირატესობები ეს, ეს და ეს არისო, მაშინ შეიძლებოდა, ხალხს უფრო მეტად გამოეყენებინა. „კავშირი არ არის, მაგრამ MAX მუშაობს“, – ეს საინტერესოა, სასარგებლოა, მაგრამ არა ასე: ახშობ Telegram-ს და მერე ამბობ – „აი MAX“. ადამიანი მაშინვე ხვდება, რომ რაღაც რიგზე ვერაა. როცა გაიძულებენ, არც ნდობა გაქვს. მოგვიანებით კი ამის გამოსწორება შეუძლებელი იქნება – არანაირი სტიმული არ იმუშავებს.
თუ ადამიანს იზოლაციაში მოაქცევ, Telegram-ს აუკრძალავ, ის ინფორმაციას სხვა წყაროებიდან მიიღებს. მახსოვს საბჭოთა პერიოდი, როცა „ამერიკის ხმა“ არსებობდა, რამდენ ადამიანს შეეძლო მისი მოსმენა დაღესტანში? – ძალიან ცოტას. მაგრამ მათ მიერ გადაცემული ინფორმაცია სამზარეულოდან სამზარეულოში ვრცელდებოდა მთელ დაღესტანში და ხალხი მას გაცილებით მეტად ენდობოდა, ვიდრე ოფიციალურ წყაროებს“, – ამბობს ხადულაევი.
მისი თქმით, სახელმწიფო აგებს საინფორმაციო ომს და კანონისა და კონტროლის ფარგლებში შეცდომების გამოსწორების ნაცვლად უმარტივეს გზას – ბლოკირებას ირჩევს.
„მთელი მსოფლიო YouTube-სა და Instagram-ზეა. ჩვენ რა გვექნება? ყველაფერი დაიბლოკება. ჩვენ იქ არ ვიქნებით მაშინ, როცა მთელი მსოფლიო იქ იქნება. მერე რა იქნება? დაარტყამენ ჩვენს ქვეყანას ერთი მხრიდან და გაიმარჯვებენ. რუსეთის მოქალაქეებს პასუხის გაცემის საშუალებაც კი არ ექნებათ. ვის ვნებს ეს? ისევ და ისევ ქვეყანას“, – მიიჩნევს ხადულაევი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ყველა ჩინოვნიკი, ვისაც იცნობს, კვლავ იყენებს Telegram-ს, თუმცა თავისი ნამდვილი სახელის გარეშე.
სარქის დარბინიანმა ასევე დაადგინა, რომ MAX-ში გადასვლის ყველაზე ნაკლები სურვილი უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებს, სამხედროებსა და სახელმწიფო მოხელეებს აქვთ.
„მეჩვენება, რომ მათ ჩვეულებრივ რუსებზე უკეთ ესმით, რომ MAX-ში ნებისმიერი მიმოწერა ხელმისაწვდომია უშიშროების ფედერალური სამსახურისთვის. რა თქმა უნდა, არავის სურს იქ კორუფციული გარიგებების ან პირადი მიმოწერის წარმოება. ამიტომ, MAX-ის მიმართ ნდობა ნულის ტოლია“, – გვეუბნება ის.

კიბერსამართლის ექსპერტი სარქის დარბინიანი. ოფიციალური ფოტო.
კიბერსამართლის ექსპერტი ასევე ხაზს უსვამს, რომ MAX-ის გამოყენება შეიცავს გარკვეულ რისკს იმავე მოწყობილობაზე ინსტალირებულ სხვა აპლიკაციებთან დაკავშირებით.
„ამ შემთხვევაში MAX იქცევა ჯაშუშური პროგრამასავით: თვალს ადევნებს მომხმარებლის ქცევას და აგროვებს ანალიტიკურ მონაცემებს, რაც საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო ეფექტიანად დაბლოკოს კონკურენტები, როგორიცაა WhatsApp და Telegram“, – ამბობს დარბინიანი.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა MAX ჩინურ WeChat-ს შეადარა, დარბინიანი ხაზს უსვამს, რომ ეს უკანასკნელი ორგანულად განვითარდა, როგორც კომერციული სერვისი 20 წლის წინ, როდესაც Instagram ჯერ კიდევ არ იყო ასეთი პოპულარული.
„ჩინეთმა თავდაპირველად შექმნა აპლიკაციები, რომლებიც პოპულარული იყო მოსახლეობაში, რადგან ისინი ჩინურ ენაზე იყო და ჰქონდა ჩინური კონტენტი. მხოლოდ მოგვიანებით გადაწყვიტა კომუნისტურმა პარტიამ, რომ ეს კერძო ინიციატივა გამოეყენებინა“, – განმარტავს დარბინიანი.
„რუსეთისგან განსხვავებით, ჩინეთში არ არსებობდა კანონი, რომელიც WeChat-ს ეროვნულ მესენჯერად განსაზღვრავდა, კონკრეტული მანდატით. ამ მხრივ, რუსეთი მნიშვნელოვნად განსხვავდება. რუსები, ჩინელი მომხმარებლისგან განსხვავებით, 20 წლის განმავლობაში უცხოური სოციალური ქსელებით ცხოვრობდნენ და არ არიან მზად, ასე სწრაფად შეიცვალონ ჩვევები და MAX-ში გადავიდნენ“, – ამტკიცებს ის.
არის თუ არა ეს რუსეთში ინტერნეტის თავისუფლების დასასრული?
მიუხედავად მზარდი შეზღუდვებისა, დარბინიანს მიაჩნია, რომ არსებულ სისტემაში ჯერ კიდევ არსებობს „ხვრელები“.
„მათ შორისაა VPN-ები, რომლებიც მუშაობს უფრო მდგრად პროტოკოლებზე, როგორიცაა BLESS და Amnesia WireGuard: პროტოკოლები, რომლებსაც შეუძლიათ VPN ტრაფიკის პაკეტების დაყოფა და მათი შერევა ჩვეულებრივ ტრაფიკთან. როგორც ვხედავთ, როსკომნადზორი ამას ვერ უმკლავდება“, – აღნიშნავს ის.
ის ასევე აცხადებს, რომ თავად მესენჯერებიც იყენებს სხვადასხვა ტექნოლოგიას მომხმარებლის ონლაინრეჟიმში დასატოვებლად. მაგალითად, მას მოჰყავს Telegram-ის მიერ შემუშავებული MTProto-Proxy, „რომელიც დაეხმარა მას როსკომნადზორის დამარცხებაში 2018 წელს“. MTProto-Proxy მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შენიღბონ Telegram-ის IP მისამართი და გახადონ ტრაფიკი ამოუცნობი, რაც ართულებს ხელისუფლების მიერ გამავალი კავშირების აღმოჩენას.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის TSPU სისტემებს ახლა შეუძლიათ ამ პროქსი-სერვერების აღმოჩენა, ასეთი პროტოკოლები სისტემას აიძულებს, იმუშაოს სრული დატვირთვით, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ ტრაფიკი მაინც ახერხებს „გარღვევას“.
ამავდროულად, ის ხაზს უსვამს, რომ მომხმარებელი არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ ერთ ინსტრუმენტს და იდეალურ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს რამდენიმე VPN, რამდენიმე პროქსი-ინსტრუმენტი და სხვა აპლიკაციები, რომლებსაც შეუძლია ფუნქციონირება აგრესიული ბლოკირების პირობებშიც კი.
„მათ შორისაა mesh-ქსელებზე დაფუძნებული აპლიკაციები და ამასთანავე, ისეთები, რომლებიც იყენებენ ელექტრონული ფოსტის პროტოკოლებს, როგორიცაა DeltaChat და როგორც ჩანს, ხელისუფლება ჯერ არ არის მზად ქვეყანაში ყველა ელექტრონული ფოსტის სერვისის გასათიშად“, – ამბობს ის.
დარბინიანის თქმით, Telegram-ის მომავალი პირველ რიგში მის მფლობელზე, პაველ დუროვზეა დამოკიდებული.

Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი 2017 წელს. ფოტო: Tatan Syufalana/AAP.
„დუროვს ჯერ კიდევ შეუძლია, გააკეთოს რაღაც, რაც მთლიანად შეცვლის ძალთა ბალანსს. არსებობს ორი მიმართულება, რომელიც მან შეიძლება აირჩიოს:
პირველი: Telegram-ს რუსეთში დაახლოებით 100 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. დუროვს შეუძლია, დანერგოს mesh-ქსელის ტექნოლოგია. ასეთი ქსელები მუშაობს ინტერნეტის გარეშე დაახლოებით 50 მეტრის რადიუსში. მოწყობილობები პირდაპირ უკავშირდებიან ერთმანეთს და ქმნიან დიდ ქსელს ცენტრალური სერვერის გარეშე. ურბანულ ადგილებში მომხმარებელთა ასეთი დიდი რაოდენობით ეს ქსელი საკმაოდ სტაბილურად იმუშავებს.
მეორე: მას შეუძლია BLESS პროტოკოლის ინტეგრირება თავად Telegram-ში. ეს არის თანამედროვე პროტოკოლი, რომელიც ტრაფიკის ობფუსკაციის საშუალებას იძლევა – ეს არის პაკეტების დაყოფა და მათი შერევა ჩვეულებრივ ტრაფიკთან ისე, რომ ისინი ვერ აღმოაჩინონ TSPU სისტემებმა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მუშაობს VPN-ებისთვის, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება, იმუშაოს Telegram-ისთვისაც. თუ დუროვი რომელიმე ამ ვარიანტს განახორციელებს, როსკომნადზორმა შესაძლოა, კვლავ წააგოს ბრძოლა Telegram-ისთვის“, – ასკვნის დარბინიანი.
ის დასძენს, რომ მსხვილი მესენჯერების ოპერატორები ასევე არ არიან მზად დანებებისთვის და ახლა ცვლიან ტრაფიკის ხელწერას, რათა უფრო ეფექტიანად აუარონ გვერდი სამთავრობო სისტემებს.
„იმედი არის, ასევე, რომ წლის ბოლოსთვის ვნახავთ VPN-ის მომხმარებელთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას. თუ გასულ წელს ეს მაჩვენებელი ქვეყნის ინტერნეტმოსახლეობის დაახლოებით 30% იყო, 2026 წლის ბოლოსთვის შესაძლოა, ირანის დონეს მივაღწიოთ, სადაც მოსახლეობის 50% იყენებს VPN-ს“, – ამბობს დარბინიანი.
„ეს ტოვებს იმედს, რომ ადამიანები გამოიყენებენ VPN-ს არა როგორც კანონის დარღვევის საშუალებას, არამედ როგორც სამოქალაქო პროტესტის ფორმად, როდესაც არ შეგიძლია ქუჩაში გასვლა, მაგრამ შეგიძლია, გააპროტესტო MAX და მიიღო დამოუკიდებელი ინფორმაცია, რომლის დამალვასაც ხელისუფლება ცდილობს. ჩანს, რომ არსებული ვითარება მხოლოდ ზრდის VPN-ის პოპულარობას და ცენზურის ეფექტიანობასაც ამცირებს, მიუხედავად ინტერნეტტრაფიკის შესაზღუდად მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებისა“, – გვეუბნება დარბინიანი.
ის ასევე ხაზს უსვამს, რომ რუსეთში VPN-ის გამოყენება არც სისხლის სამართლის და არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის, მიუხედავად პოტენციურად „დამაბნეველი“ კანონმდებლობისა, როგორიცაა ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს ექსტრემისტული კონტენტის განზრახ ძებნისთვის, „მათ შორის VPN-ის გამოყენებით“.
„სიმართლე გითხრათ, ბოლომდე არ იყო გასაგები, რატომ გაჩნდა ეს დამატება, რადგან ის არ ქმნის ცალკეულ სამართალდარღვევას ან დამამძიმებელ გარემოებას. მაგრამ, როგორც ჩანს, ის ჩაამატეს შიშის დასათესად და იმ შთაბეჭდილების დასატოვებლად, რომ VPN-ის გამოყენება შეიძლება დაისაჯოს. არა, VPN-ის გამოყენება პირადი და ბიზნესმიზნებისთვის სრულიად ლეგალურია“, – აღნიშნავს ექსპერტი.
დარბინიანი ვარაუდობს, რომ VPN-ის გამოყენება პირადი მიზნებისთვის ყოველთვის ლეგალური დარჩება და ამტკიცებს, რომ რუსეთი სწრაფად უახლოვდება თურქმენეთისა და ირანის მოდელს, სადაც VPN-ებს ზოგჯერ თავად სპეცსამსახურები ქმნიან, ანუ ე.წ „თაფლის ქოთნებს“ (honeypots) – და ეს საკმაოდ წარმატებული და ეფექტიანი ბიზნესი აღმოჩნდა.
„ერთი მხრივ, თქვენ ადამიანებს აწვდით ფასიან წვდომას გლობალურ ქსელზე, ხოლო მეორე მხრივ, აგროვებთ მომხმარებლის დიდი რაოდენობით მონაცემებს […] ამიტომ, თანამედროვე რუსეთში ეს ძალიან მომგებიანი ბიზნესი ჩანს. შესაძლებელია, რომ ასეთი VPN სერვისები უკვე არსებობს, ამიტომ მათი არჩევისას უკიდურესი სიფრთხილეა საჭირო“, – ამბობს დარბინიანი.
ის ასევე გვირჩევს, ვიყოთ ფრთხილად აპლიკაციებთან. რუსეთში ძალიან პოპულარული ხდება ე.წ ალტერნატიული სერვისები: მაგალითად, Telegram-ის ალტერნატიული აპლიკაცია Telega, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ ვიდეო და აუდიო ზარები Telegram-ის მსგავსად. თუმცა, ყველა კავშირი გადის რუსულ სერვერებზე და, შესაბამისად, შესაძლოა ასევე გახდეს FSB-ის ანალიზის საგანი.
მას ასევე არ სჯერა, რომ „თეთრი სიები“ (whitelists) და ინტერნეტის გათიშვები სამუდამოდ გაგრძელდება.
„ეს, სავარაუდოდ, დროებითი გადაწყვეტილებებია ხელისუფლებისთვისაც კი, რადგან ჩანს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ არ არის მზად ირანული სცენარისთვის, რომელმაც „თეთრი სიები“ ინტერნეტის რეგულირების ახალი ლოგიკის საფუძვლად აქცია“.