ფაშინიანის პრესმდივანი: სიმართლე არაა, რომ სომხეთი საქართველოსთვის სოფლების გადაცემას აპირებს

პუბლიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანი ნაზელი ბაღდასარიანი აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სომხეთი საქართველოსთვის სოფლის გადაცემას აპირებს ან ასეთი გეგმა არსებობს, სიმართლე არ არის.

„რიგ მედიებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დემილიტაციის პროცესის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სომხეთი [საქართველოს] გადასცემს ალავერდის გაფართოებული თემის სოფელ ჯილიზას.

ნებისმიერი განცხადება, აზრი თუ ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის განზრახვის, პროგრამის ან შეთანხმების შესახებ არ შეესაბამება რეალობას.

შესაბამისად, როგორც წარსულში, ისე ახლაც და მომავალშიც უარვყოფთ მსგავსი შინაარსის ნებისმიერ ცნობას“, – წერს ნაზელი ბაღდასარიანი.

27 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვა, რომ სომხეთი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესს უახლოეს მომავალში გააგრძელებს და ასევე, დღის წესრიგში დგას საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხი. ფაშინიანის სიტყვით გამოსვლის თარგმანი გამოცემა არმენპრესმა“ გაავრცელა.

ზოგიერთმა სომხურმა და ქართულმა მედიამ ფაშინიანის განცხადება გაავრცელა ისე, თითქოს სომხეთი საქართველოსთვის სოფლების გადაცემას აპირებს. სწორედ ეს ცნობები უარყო ნაზელი ბაღდასარიანმა.