„4 ოქტომბრის მოვლენები” – ნაწილი 1 – სასახლის ღობის ექსპერტიზა
როგორ ჩამოვარდა სასახლის ღობის პირველი სექცია და რა დაადგინა სასახლის ღობის ექსპერტიზამ?
4 ოქტომბერს ღობის პირველი ფრაგმენტი სულ რამდენიმე წამში, რამდენიმე შეჯანჯღარების შემდეგ გადაინგრა. ამ ვიდეოკადრებს „პუბლიკამ” საქმის მასალებში მიაკვლია და ერთ კოლაჟად შეკრა. იმავეს ადასტურებენ 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან მყოფი ადამიანებიც. ადგილზე ვითარება სწორედ ამის შემდეგ გამწვავდა.
4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან ხალხმა თავმოყრა დაახლოებით საღამოს 7 საათიდან დაიწყო. 112-ის კადრებში ჩანს, რომ თავდაპირველად მედიის ყურადღების ფოკუსში სასახლის ჭიშკარია. სასახლესთან მისულმა ხალხმა მას ჯაჯგური დაუწყო. თუმცა, მალევე ჭიშკრიდან ყურადღების ეპიცენტრი ღობისკენ გადადის. სწორედ ამ დროს გადაანგრიეს ღობის პირველი ნაწილი.
როგორ მოხდა ისე, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ღობის ჩამოგდება სულ რამდენიმე წამში მოხერხდა? ხომ არ მოხდა მასზე რაიმე ისეთი ზემოქმედება, მაგალითად დამაკავშირებელი ნაწილების გადაჭრა, რომ შემდგომ მარტივი ყოფილიყო მისი ჩამოგდება? ეს შეკითხვები საზოგადოებაში იმ დღესვე გაჩნდა.
საზოგადოებამ ასევე გაიხსენა წინა დღით ირაკლი კობახიძის ეს განცხადებაც: „თუ საუბრობენ სიურპრიზებზე, ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება ჩვენი დიდი სიურპრიზი“. ამ განცხადების გამო არაერთხელ დადგა სასამართლოში ირაკლი კობახიძის დაკითხვის შუამდგომლობა პასუხის მისაღებად, თუ რა იგულისხმა მან სიურპრიზში.
5 ოქტომბერს გაკეთებულ კომენტარში ირაკლი კობახიძემ სიურპრიზი ასე ახსნა: „ფიზიკური ძალის გამოყენებით მათ გადაანგრიეს ღობე, ხომ? ეს არის ყველაზე მარტივი რაც შეგიძლია გააკეთო და შემდეგ სცადეს შიგნით შეჭრა, თუმცა, მათ დახვდათ სიურპრიზი — მათ ეგონათ, რომ ათონელის სასახლე იყო ცარიელი, თუმცა, დახვდათ სიურპრიზი, გამოვიდნენ სპეცრაზმელები“.
სასახლის ღობის ექსპერტიზა
პროკურატურა ღობის წინასწარი დაზიანების ვერსიის გაქარწყლებას ღობეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით ცდილობს. ექსპერტიზა კი ასე ჩატარდა: ტრასოლოგი ექსპერტები ათონელის სასახლესთან 5 ოქტომბერსვე მივიდნენ, დაათვალიერეს წაქცეული ღობე, დაასურათეს და დასკვნაც იმ დღესვე დაწერეს.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად შსს-ს ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ღობის სექციების დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის, ასევე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად. 10 დღეში, 15 ოქტომბერს, გამოძიებამ ღობეზე მეორე ექსპერტიზაც დანიშნა. ამბობენ, რომ გაითვალისწინეს საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ამჯერად ექსპერტებს ჰკითხეს — აღენიშნებოდათ თუ არა ღობის სექციებს ჭრის კვალი?
ტრასოლოგმა ექსპერტებმა, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ პირველი დასკვნის მომზადებაში, ამჯერად დაწერეს, რომ ღობის სექციებზე ჭრის კვალი არ აღინიშნებოდა და რომ დაზიანება განპირობებული იყო ტეხის შედეგად.
„აღნიშნული ლითონის ღობის ხუთი ცალი ორნამენტული სექციის შესწავლით დადგინდა, რომ სექციები დაზიანებულია. კერძოდ, განცალკევებულია შედუღების ადგილებიდან და სამაგრებიდან. ასევე, ლითონის ღობის სექციები დეფორმირებულია. აღნიშნული განცალკევება წარმოქმნილია ტეხის შედეგად, რაზედაც მოწმობს განცალკევებული კიდეების ზედაპირის ხორკლიანობა და არათანაბარი განლაგება. ლითონის ღობის ხუთ ცალ ორნამენტულ სექციების დეფორმაცია და განცალკევება დამაგრების ადგილებიდან წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, მაგალითად მიწოლით. საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ხუთ ცალ ლითონის ღობის ორნამენტულ სექციებზე ჭრის კვალი არ აღენიშნება“, – წერია დასკვნაში.
აღსანიშნავია, რომ ამ დასკვნის მოსამზადებლად მათ წინა დასკვნითა და ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოებით იხელმძღვანელეს. მათ ღობე ფიზიკურად მეორედ აღარ უნახავთ.
დაცვის მხარე წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. ის მათთვის არაკვალიფიციურად შესრულებული, ზედაპირული და მეთოდოლოგიურად გაუმართავია.
„პირველ რიგში, ლითონზე ექსპერტიზა ჩაატარა იურისტმა და მე მგონი ამით საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. რაც შეეხება, რას ვერ უპასუხა იურისტმა ლითონთან მიმართებით — ექსპერტმა ვერ თქვა რამდენი შედუღების წერტილი იყო, ანუ რამდენ ადგილას ეძება ჭრის კვალი, მან უბრალოდ ეს არ იცოდა. ექსპერტმა დაადასტურა, რომ მათ ღობის სექციები უბრალოდ არც კი აუწევიათ, რომ ენახათ მიწაზე დაცემის ქვედა მხარეს ხომ არ იყო რაიმე ჭრის ან მექანიკური დაზიანების კვალი. ექსპერტმა ფაქტობრივად დაგვიდასტურა, რომ მას არ შეუსწავლია და არც აქვს იმის ცოდნა, შეესწავლა, ხომ არ იყო, მაგალითად, შედუღების დეფექტი. ექსპერტმა ვერ გამორიცხა, ხომ არ იყო ხელოვნურად შექმნილი ტეხვის კვალი. ექსპერტმა დაადასტურა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია შემთხვევის ადგილზე მის მისვლამდე ხომ არ ჰქონდა რაიმე მანიპულაციებს ადგილი ღობის სექციაზე. ექსპერტმა ვერ დაასაბუთა, როგორ გამორიცხა ჭრის ყველა კვალი, მაშინ როდესაც ლითონის ჭრის ძალიან ბევრნაირი მეთოდი არსებობს და ისინი სხვადასხვანაირ კვალს ტოვებენ.
მთლიანობაში ეს არის, მარტივად რომ ვთქვათ, ექსპერტი მივიდა, დახედა და თქვა, რომ უჰ, ეს გატეხილი უნდა იყოს და არა გაჭრილიო… იმისთვის, რომ დაგვედგინა ღობე ხომ არ იყო ხელოვნურად წინასწარ დაზიანებული, უნდა შესწავლილიყო ღობის შედუღების ყველა წერტილი, ხომ არ იყო რომელიმე მათგანი მაინც გაჭრილი, იმიტომ, რომ ერთი ადგილიც რომ ყოფილიყო გაჭრილი, რა თქმა უნდა, ის ღობის მედეგობას მნიშვნელოვნად შეამცირებდა და შესაბამისად ღობე ადვილად წაიქცეოდა, ის, რაც ვიზუალურად ნახა კიდეც საზოგადოებამ”, – ამბობს ადვოკატი ირაკლი აბესაძე.
ჩვენ საქმის პროკურორს ვკითხეთ, ჭრის კვალის გამორიცხვა ფოტოებზე დაყრდნობით რამდენად სანდოდ და ვალიდურად შეიძლება მივიჩნიოთ, ან რატომ არ მოხდა ღობის სექციების თავიდან დათვალიერება. ასევე, 5 ოქტომბერს, პირველი დასკვნის მოსამზადებლად სასახლესთან მისული ექსპერტები როგორ დააკვირდნენ იმ საკითხს, რაც გამოძიებამ მათ წინაშე 10 დღის შემდეგ დააყენა.
,,პირველად ვინც ჩაატარა ეს ექსპერტიზა, აქ იყო ოთხი ექსპერტი. სწორედ იმ ექსპერტებიდან ორმა ჩაატარა კვლევა მეორე ექსპერტიზის დროს. ანუ მათ დათვალიერებული ჰქონდათ უკვე სასახლის ტერიტორია, დათვალიერებული ჰქონდათ ღობე. შესაბამისად, ამის საჭიროება არ იყო და ეს განაცხადა თავად ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე, რომ როდესაც მან პირველად დაათვალიერა ეს ღობე, მიიღო ის ინფორმაცია, რაც სჭირდებოდა საექსპერტო კვლევისათვის და იმის საჭიროება, რომ მეორედ დაეთვალიერებინათ ეს ღობე, არ არსებობდა”, – თქვა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – 5 ოქტომბერს, როდესაც ექსპერტები, ტრასოლოგები ათვალიერებდნენ ღობის სექციებს, მათ უბრალოდ დაზიანება უნდა აღეწერათ. მათ რა იცოდნენ, რომ 10 დღის მერე თქვენ კითხვას დაუსვამდით ჭრის კვალზე და ამასაც უნდა დაკვირვებოდნენ? პროკურორი ამბობს:
„ჩვენ როდესაც დავნიშნეთ დამატებითი ექსპერტიზა, დადგენილებაში პირდაპირვე მიეთითა, რომ ჩატარებულიყო ექსპერტიზა იმ საექსპერტო კვლევებისა და ფოტოების გათვალისწინებით. ანუ ბრალდების მხარემ თავადვე მიუთითა, რომ კვლევაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ იმ ექსპერტებს, რომლებმაც ჩაატარეს [წინა კვლევა]”, – ამბობს თოდუა.
სად წავიდა ღობის სექციები?
აქ კიდევ ერთი საგულისხმო დეტალია: სად წავიდა ღობის სექციები? სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას გამოირკვა, რომ ღობის ეს სექციები დალუქული არ არის. ის ხელწერილის საფუძველზე 5 ოქტომბერსვე დაუბრუნეს ადმინისტრაციის წარმომადგენელს. სხდომაზე დაკითხული მთავარი გამომძიებლის თქმით, ამჟამად ღობე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ინახება. შემთხვევის ადგილის დამთვალიერებელმა პოლიციელმა არამოღების მიზეზად დაასახელა სექციის გაბარიტები, ასევე ის, რომ ღობეზე ექსპერტიზა უკვე დასრულებული იყო. მას პროცესზე მოუწია იმის თქმაც, რომ ღობის სექციები პროკურორ ვაჟა თოდუას თანხმობით არ დალუქა.
,,დათვალიერებული იყო ეს ღობე და გადაღებული იყო დაახლოებით 400 ფოტოსურათი. დათვალიერებაში მონაწილეობდა არაერთი კრიმინალისტი. ამავდროულად ჩატარებული იყო უკვე ტრასოლოგიური ექსპერტიზა და შესაბამისად არ იყო იმის საჭიროება დამატებით, რომ ეს ღობე გამოძიებას ამოეღო და გადაეტანა სხვა ადგილზე”, – თქვა პროკურორმა თოდუამ.
სასამართლო პროცესებზე განხილვის საგანი გახდა 112-დან გამოთხოვილი ვიდეო, რომელიც დასაწყისში ჩვენ უკვე გაჩვენეთ. საქმეზე მტკიცებულების სახით დართულ ვერსიაზე არ ჩანს, თუ როგორ ვარდება ღობის პირველი სექცია. დაცვის მხარისთვის ეს შემთხვევითი არაა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს რაკურსი გამოძიებამ მიზანმიმართულად არ მოახვედრა ჩანაწერში.
პროკურატურა ამ ბრალდებაზე საპასუხოდ აცხადებს, რომ ამ ჩანაწერის გარდა საქმეზე წარმოდგენილი აქვთ სხვადასხვა რაკურსის ვიდეოები, რაც მათი აზრით სრული სურათის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა. ბრალდების წარმომადგენლები ვიდეოზე ხელოვნურ ჩარევას გამორიცხავენ.