„4 ოქტომბრის მოვლენები” | რა ვიდეომტკიცებულებები დევს 4 ოქტომბრის საქმეში ბრალდებულთა წინააღმდეგ? – ნაწილი II
გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში ბევრი ბრალდებულია, შევეცადეთ, რომ ეს ვიდეოები პირობითად მსგავს კატეგორიებად დავყოთ – პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ვიდეოებში ბრალდებულთა ნაწილი ათონელის სასახლის ეზოში აღწევს, ნაწილი ღობეს აჯანჯღარებს, ნაწილს საგნის სროლასაც ედავებიან. საქმეში ასევე არის ვიდეოები, რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარე ზოგიერთ მათგანს პოლიციელზე ფიზიკურ ძალადობასაც ედავება.
მივყვეთ ქრონოლოგიურად – ათონელის სასახლესთან ვითარება მას შემდეგ მწვავდება, როდესაც სასახლის ღობის პირველ სექციას აგდებენ. ეს დაახლოებით 19 საათისა და 08 წუთის შემდეგ ხდება. ამ ეპიზოდში სასახლის დაცვასთან ფიზიკურ დაპირისპირებასაც აქვს ადგილი. მალევე აგდებენ სასახლის ღობის მეორე სექციას. აქციის მონაწილეები სასახლის ეზოში აღწევენ, წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ კი უკან იხევენ.
ამის შემდეგ, დაახლოებით სამ წუთში, 19 საათსა და 11 წუთზე იგივე მეორდება. სწორედ ამ დროს გადადიან სასახლის ეზოში ერთობლივად მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე. ისინი სასახლის ღობის პირველი სექციის ჩამოვარდნის დროს ადგილზე არ იმყოფებოდნენ. სპეცრაზმის მოგერიების შემდეგ აქციის მონაწილეები ეზოს ეცლებიან.
აქედან ისევ ორ წუთში, 19 საათსა და 13 წუთზე ეზოში გადადის პაატა ბურჭულაძე, ლაშა ბერიძე და მათთან ერთად სხვა ბრალდებულები. ისინი ჭიშკართან დგანან და რამდენიმე წუთში უკან გადმოდიან. ამის შემდეგ ადგილზე ვითარება, შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად განმუხტულია, ვიდრე ქუჩაზე პოლიციელთა ჯგუფი არ გამოჩნდება.
ბრალდებულებს პროკურატურა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის, ანუ ათონელის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება. პროკურატურას სასახლის ეზოში მოხვედრილ ყველა ბრალდებულზე, განურჩევლად სიმძიმისა, ერთი პოზიცია აქვს — ბრალდების მხარე ეზოში დგომასაც სასახლეში შეჭრას უწოდებს და მისი ხელში ჩაგდების მცდელობად აფასებს.
,,ალექსანდრე ჩილაჩავა არც ნაგვის ურნას არ გადაადგილებს, არც ღობეს არ ეხება, არც ქვას არ ისვრის, არც იგინება”, – ამბობს „პუბლიკასთან” საუბრისას ადვოკატი ჯანო ჭკადუა. მისი დაცვის ქვეშ მყოფი ალექსანდრე ჩილაჩავა ათონელის სასახლის ეზოში რამდენიმე წუთით გადადის და უკანვე გადმოდის.
,,ვიღაცა შევიდა იმისთვის, რომ ბატონი პაატა გამოეყვანა, ნახა, რომ ცუდად იყო. ვიღაცა შევიდა იმისთვის, რომ ვიღაცა იქ წაქცეული იყო და ის გამოეყვანა. ანუ ამ პირების მიზანი შეიძლება არც იყო ამ შემთხვევაში პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა. ამიტომ, როდესაც ჩვენ ამ ადამიანებს ვედავებით შეჭრას, მაშინ პროკურატურამ უნდა გამოკვეთოს შეჭრის მიზანი, რომ ეს ნამდვილად ამ მიზნით განხორციელდა და ამ მიზნით შევიდა”, – ამბობს ჯანო ჭკადუა.
,,შეჭრად ვერ იქნება შეფასებული სასახლის ეზოში ყოფნა. ზაქრო ალბუთაშვილი არც ფიზიკურად არ ძალადობს, არც ნივთებს არ ისვრის და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აყენებს სამართალდამცავებს”, – ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
ბრალდებულთა ნაწილის შემთხვევაში პროკურატურას სხვადასხვა საგნის სროლაც აქვს გამოყოფილი. რა საგანია ეს და ზიანდება თუ არა სროლის შემდეგ ვინმე, პროკურატურა ამის მტკიცებაში არ შედის. იგივე შეიძლება ითქვას ღობის ჯანჯღარზეც. პროკურატურა არ მიჯნავს, ზიანდება თუ არა ღობე კონკრეტული ბრალდებულის მიერ. ან თუ ზიანდება, რატომ არ კვალიფიცირდება ეს ქმედება, მაგალითად, ნივთის დაზიანებად. პროკურატურა ამ ყოველივეს სასახლეში შეჭრის მცდელობად აფასებს
„დავით სტურუა რამდენიმე წამით დგას ღობესთან და შემდეგ გამოდის და როდესაც გამოდის, ღობე ჩვეულებრივად დგას, არც წაქცეულია, არც რამე დაზიანება არა აქვს. ჩვეულებრივად რამდენიმე წამით ეხება აღნიშნულ ღობეს, ხელს ურტყამს, ამით სრულდება“, – ამბობს დავით სტურუას ადვოკატი მარიამ ჩხეიძე.
„იმავე ვიდეოში ჩანს, რომ 15-დან 20 მეტრამდე ღობე უკვე მონგრეულია. ანუ ნიკა გვენცაძის მოქმედება, თუნდაც ვთქვათ, რომ რაიმე ღობეს ეჯაჯგურებოდა, არ არის ვარგისი იმის სათქმენად, რომ მან შექმნა საშუალება და გარემოებები, რომ მერე ვინმეს პრეზიდენტის სასახლე დაეკავებინა, იმიტომ რომ გვერდით არის ღიაობა, ერთი ღობე უკვე წაქცეულია. მაშინ ლოგიკური კითხვა ჩნდება, რატომ არ აქვს 187-ე მუხლით წარდგენილი ბრალი [ნივთის დაზიანება] და რატომ არ ამბობენ, რომ რაღაც x ღირებულების ღობე დააზიანა?!“, – ამბობს გვენცაძის ადვოკატი ომარ ფურცელაძე.
ძალადობენ თუ არა ისინი ვინმეზე? პროკურატურა ამბობს, რომ ინდივიდუალური ძალადობა აუცილებელი არ არის. მათი პოზიციით, 4 ოქტომბერს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა სხვადასხვა სახის ქმედებით გამოვლინდა.
„კონკრეტულ ბრალდებულებს წაყენებული აქვთ ჯგუფური ძალადობა, ანუ ჯგუფური ქმედება. შესაბამისად, ჯგუფური ძალადობის და ჯგუფური ქმედებების დადასტურების დროს და განხორციელების დროს აუცილებელი არ არის, რომ ყველა ბრალდებული ყველა ქმედებას ახორციელებდეს. ისინი ნაწილ-ნაწილ უნდა ახორციელებდნენ სხვადასხვა ქმედებას, რაც სახეზეა. ზოგიერთი ბრალდებული შეიჭრება პრეზიდენტის სასახლეში, ცდილობს მის ხელში ჩაგდებას, ზოგიერთი პოლიციელებზე ძალადობს, ზოგიერთი წვავს იქ არსებულ ინვენტარს, ზოგიერთი საერთოდ სხვა პირების ქონებას ანადგურებს და ასე შემდეგ“, – ამბობს პროკურორი როინ ხინთიბიძე.
ახლა რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას. 19 საათი და 35 წუთი. ათონელის სასახლესთან, ქუჩის მხრიდან, იქ, სადაც აქციის მონაწილეები იყვნენ შეკრებილნი, პოლიციელთა ჯგუფი შედის.
სატელევიზიო და 112-ის კადრებში ჩანს, რომ პირველი ნაკადი ათონელის სასახლის ეზოში დაუბრკოლებლად შედის. თუმცა უკან მყოფ ნაკადსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იწყება. სწორედ ამ ეპიზოდში ხდება პოლიციელებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები. ამ ეტაპზე, მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, „პუბლიკისთვის” ცნობილია, რომ ჯამში 64 ბრალდებულიდან 14 მათგანია ისეთი, რომელთაც ბრალდების პოზიციით პოლიციელებზე ფიზიკურად იძალადეს.
ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ისმის მთავარი კითხვა: მაშინ, როდესაც ათონელის ქუჩა აქციის მონაწილეებით იყო სავსე, რატომ გადაწყდა სასახლეში პოლიციის დანაყოფის შეყვანა სწორედ ამ ტრაექტორიით? რატომ არ შევიდნენ ისინი სასახლეში, მაგალითად, უკანა შესასვლელიდან? ასევე, რატომ არ ჰქონდათ მათ თან დამცავი აღჭურვილობა?
„სახელმწიფომ მოაწყო პროვოკაცია, ღობე დააზიანა, რომ გადანგრეულიყო, ჰქონდა მოლოდინი, რომ მასობრივად შეუტევდა ხალხი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, იმიტომ რომ ამის ორგანიზებას არავინ არ აკეთებდა და იქ არ იყო არსებითად მასა აგრესიული. რამოდენიმე შემთხვევა იყო პოლიციელს თუ უსმენდით, ხუთი-ექვსი ადამიანი გადმოვიდაო, მეტი არაო. და სახელმწიფოს მიზანი იყო, რომ პოლიციელები დაზიანებულიყვნენ. დაუცველი პოლიციელი ეკიპირების გარეშე დააყენეს ეზოში სეირის საყურებლად და მიუხედავად იმისა, მე პოლიციელს ვკითხე – პირველი იყავით, რომ დაზიანდა და მიპასუხა არაო, მანამდე ჩემი კოლეგა დაზიანდა, ანუ ადამიანი დაზიანდა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაზიანების ფაქტი დადგა, პოლიციელების შიგნითაც ფარიც კი არ მიაწოდეს, რომ თავი დაეცვათ. ეს იყო ბინძური პროვოკაცია, ბინძური რეჟიმის“, – ამბობს ადვოკატი ირალი აბესაძე.
პროკურორის პოზიციით კი, პასუხისმგებლობა არის აქციის ორგანიზატორების მხარეს.
„ვინც მოუწოდეს ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს, რომ ერთის მხრივ შეჭრილიყვნენ პრეზიდენტის სასახლის ეზოში და მეორეს მხრივ განეხორციელებინათ ფიზიკური ძალადობა პოლიციელების მიმართ…”, – ამბობს ხინთიბიძე.
შეკითხვაზე, რატომ გაიარა პოლიციელთა ჯგუფმა აქციის მონაწილეებში? პროკურორი აღნიშნავს, რომ:
„[პოლიციელებმა] განმარტეს, რომ ვინაიდან გადაუდებლად იყო საჭირო, რომ ჩარეულიყვნენ, ყველაზე მარტივი და მოკლე გზა, მათი განმარტებით, იყო ეს… პოლიციელები იყვნენ აღჭურვილნი იმ ეკიპირებით, რომელიც მათი ეკიპირებაა. ისინი განმარტავენ, რომ როგორც ცოცხალი ძალა, ისე აპირებდნენ, რომ დაეცვათ პრეზიდენტის სასახლე”.
ბრალის კვალიფიკაცია
ამ საქმეზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით კვალიფიკაციის საკითხს. რამდენად საკმარისია საქმეში არსებული მტკიცებულებები იმისთვის, რომ პროკურატურამ თქვას, რომ სახეზეა ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა. ანუ ის მუხლი, რასაც ბრალდებულებს ედავებიან. კანონმდებლობა განმარტავს რა არის ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული:
„დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად…”.
სასამართლო პროცესებზე დაცვის მხარის ძირითადი შეკითხვები სწორედ ამ საკითხს ეხება — როგორ ამტკიცებს პროკურატურა, რომ ბრალდებულები წინასწარ შეთანხმებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ? პროცესზე საქმის წარმმართველმა გამომძიებელმა თქვა, რომ ამის მტკიცებულება ჯერ არ აქვთ, თუმცა, მობილურ ტელეფონებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, რომელიც არსებობის შემთხვევაში ეგრეთ წოდებულ ორგანიზატორებთან კავშირს დაადასტურებს. თუმცა პროკურატურას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა წინასწარ შეკავშირებას.
„წინასწარ შეთანხმებასთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში გამომძიებელმა უპასუხა, რომ არსებობს ამოღებული ტექნიკა, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა და მიღებული არ არის გადაწყვეტილება, თუმცა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმების ნაწილი, ამ შემთხვევაში, ბრალდების მხარის შეფასებით და მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით – რამდენი დღით ადრე მოხდა შეთანხმება, საერთოდ არ აქვს ამას მნიშვნელობა. როდესაც კონკრეტული პირების ქმედებები და ქცევები კონკრეტულ ლოკაციაზე ემთხვევა ერთმანეთს, გამომდინარეობს კონკრეტული პირების მოწოდებებიდან და ამ მოწოდებების რეალიზება ხდება უკვე მოქმედებებში, ეს ბრალდების შეფასებით წარმოადგენს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას”, – ამბობს პროკურორი თამარ იაკობიძე.
დაცვის მხარე პროკურატურის ამგვარ შეფასებას არ იზიარებს.
„მოცემულ შემთხვევაში პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაადასტუროს, რომ აღნიშნული პირები, რომლებიც ამ შემთხვევაში იღებდნენ მონაწილეობას, მათ ჰქონდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შემთხვევაში ხდებოდა აღნიშნული ძალადობრივი ქმედების დაორგანიზება. 4 ოქტომბერს რომ იგეგმებოდა ძალადობრივი ქმედება, ამაზე ინფორმირებული უნდა ყოფილიყო ალექსანდრე ჩილაჩავა, სულხან ტუღუში და სხვა პირები — ეს უნდა დაადასტუროს ამ შემთხვევაში ბრალდების მხარემ.
აი, ეს მტკიცებულება არ აქვთ და შესაბამისად თუ ბრალდების მხარე ვერ დაადასტურებს, რომ ალექსანდრე ჩილაჩავამ, სანამ ზუგდიდიდან ჩამოვიდოდა, იცოდა, რომ 4 ოქტომბერს განხორციელდებოდა ეს ძალადობრივი ქმედება, გამოდის, რომ მას ამ ორგანიზებულ ჯგუფთან არავითარი კავშირი მას არ ჰქონია”, – ამბობს ადვოკატი ჯანო ჭკადუა.