„4 ოქტომბრის მოვლენები” | რას ედავებიან ორგანიზატორად მიჩნეულ პირებს | ნაწილი III
რას ედავებიან და რას ამბობენ 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორად მიჩნეული პირები. სასამართლო პროცესები დასკვნით ეტაპზე გადადის. „პუბლიკა“ სტატიაში თავს უყრის სხდომებიდან ყველაზე მნიშვნელოვანს.
4 ოქტომბრის საქმეზე ჯამში 64 პირია ბრალდებული. განხილვა სასამართლოში ხუთ ნაწილად მიმდინარეობს.
ე.წ. 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო ჯგუფის ხუთ წევრს პროკურატურა ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების ორგანიზატორობაში სდებს ბრალს.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ასევე ედავებიან ნანა სანდერს.
საქმეზე ბრალდებულია ირაკლი შაიშმელაშვილიც. მის მიერ გავრცელებულ მიმართვებს პროკურატურა სამართალდამცველების დემორალიზების მცდელობად აფასებს.
რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს, მას ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ედება ბრალად.
***
ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე — საქმეში მათ წინააღმდეგ წარმოდგენილია სატელევიზიო კომენტარები, ნაწილი მათგანის შემთხვევაში 4 ოქტომბერს სცენიდან მიმართვისა და სასახლის ეზოში გადასვლის კადრები. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ყველა მათგანი უარყოფს. მათი ადვოკატების თქმით, გამოძიებას საჯაროდ გავრცელებული მასალების გარდა სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს, რაც ძალადობის ორგანიზებას, შეკავშირებასა და როლების განაწილებას დაადასტურებდა. ორგანიზებულობას საქმის პროკურორები ასე განმარტავენ:
„ორგანიზებული ნიშნავს სწორედ ამას. საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან გადანაცვლება მოხდა სწორედ მოწოდებების შემდეგ და სწორედ ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელების მიერ მოწოდებული ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა კონკრეტული ბრალდებულების მიერ და ამას ერთი კვირით ადრე შეთანხმდებიან ეს ადამიანები – რომ მოდი, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია გადავწვათ, თუ იმ დღეს მიიღებენ სპონტანურად ამ გადაწყვეტილებას, მერწმუნეთ, კვალიფიკაციისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია”, – ამბობს პროკურორი თამარ იაკობიძე.
„უნებლიე ვორდინგი და გამოუცდელობა“ — ასე შეაფასა ერთ-ერთ პროცესზე მურთაზ ზოდელავამ ეს განცხადება და აღნიშნა, რომ მისთვის ბრალად წაყენებული სამი მუხლიდან – ორი უსაფუძვლოა. ხოლო სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაზე კი, მისი თქმით, კიდევ შეიძლება, რომ მსჯელობა გაიმართოს. ზოდელავამ ასევე თქვა, რომ ახალ ლოკაციაზე გადასვლის მიზანი აქციის არეალის გაფართოება და ვიზუალური ეფექტის შექმნა იყო.
„ძალიან საკვანძო და მნიშვნელოვანია ის ეპიზოდი, სადაც მე მოვუწოდებ ადამიანებს ათონელის მოედნისკენ გადანაცვლებისკენ და აქ ჩემი გამოუცდელობით, მე პირველად ვიყავი აქციაზე მიკროფონთან, შესაძლოა, ჩემი მოწოდების ფორმა… ჩემი გამოუცდელობით იმგვარად იქნა მოწოდება ჩემი, რომ მართლა შეიძლება ობიექტურად მიმდინარეობდეს მხოლოდ ამ საქმეზე მსჯელობა ბლოკირება თუ რაც არის ეს მუხლი [19-222], მართლა შეიძლება, გამოიწვია თუ არა ამ ადამიანის უნებლიე ვორდინგმა, ამაზე მსჯელობა მართლა ობიექტურად შეიძლება ერთადერთ მუხლზე, 19-222-ე მუხლზე. ამაზე უნდა ვდაობდეთ, ჩემმა მოწოდებამ ახალი ლოკაციის ათვისებისა გამოიწვია თუ არა [ბლოკირება]… ჩემმა არასწორმა, გამოუცდელი ადამიანის განცხადებამ გამოიწვია თუ არა 19-222“, – განაცხადა ზოდელავამ.
ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ ზოდელავას სცენიდან გაკეთებული მიმართვა „ჩვეულებრივი სამიტინგო რიტორიკაა”. მისი თქმით, „გასაღების ჩაბარება თავისთავად არ გულისხმობს არავითარ კრიმინალურ ქმედებას”.
„სახელისუფლებო ცენტრი, როგორც მის სიტყვაში იყო ნახსენები – რომ ქართველი ხალხი იბრუნებს სახელისუფლებო ცენტრს, აბსოლუტურად პოლიტიკური გამოხატვის ფარგლებში ჯდება, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ხელისუფლების წყარო არის ხალხი. შესაბამისად, ნებისმიერი სახელისუფლებო ობიექტი, იქნება ეს ფიზიკურად გამოხატული შენობა თუ იქნება ეს სახელისუფლებო ფუნქცია, ეკუთვნის ქართველ ხალხს. აქედან გამომდინარე სასახლის გასაღების ჩაბარება ქართველი ხალხის მხრიდან, ეს იყო პოლიტიკური სიტყვის ნაწილი”, – თქვა მან.
ზოდელავამ „მამაკაცურ ძალაზეც“ ისაუბრა და აღნიშნა ისიც, რომ იმ დღეს დამტკიცდა, რომ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება არ იყო „აკაცუკი“.
როგორ მოხდა ეგრეთ წოდებული საორგანიზაციო კომიტეტის ვიდეოს გადაღება?
პროცესზე დაკითხულმა პაატა ბურჭულაძემ თქვა, რომ შეიძლება, ეს შეცდომაც კი იყო მისი მხრიდან, როდესაც თქვა, რომ ისინი ორგანიზატორები იყვნენ. დანარჩენი ოთხი ბრალდებულის თქმით, 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო საქმიანობაშიც არ ყოფილან ჩართულნი. განაცხადეს ისიც, რომ ვიდეომიმართვის შინაარსიც კი უცნობი იყო მათთვის. ბურჭულაძის თქმით, ვიდეოს გადაღება მისი იდეა იყო, წევრები კი შეირჩა იმის მიხედვით, თუ ვინ იყო იმ დროს ადგილზე. ამასთან პაატა ბურჭულაძემ თქვა ისიც, რომ წინასწარ არ იცოდა მურთაზ ზოდელავას მიმართვის შინაარსი. ეგრეთ წოდებული საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრის თქმით, 4 ოქტომბრამდე გაკეთებული განცხადებებით ისინი საზოგადოებას მხოლოდ მშვიდობიან აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.
შეკითხვაზე: პროკურორის თქმით, მშვიდობიანი და თან დამხობა ერთდროულად არ არსებობს – ოქსიმორონია; რომ დამხობა თავისთავში მოიაზრებს, მათ შორის, ძალადობრივ ქმედებებს. რას უპასუხებთ? ბექა ბასილაია ამბობს:
„ხელისუფლების დამხობა ამ შემთხვევაში მშვიდობიანი ფორმით (რასაც ხაზი ესმებოდა), საუბარი იყო ხელისუფლების ცვლილებაზე… ხავერდოვანი რევოლუცია, ხო არის ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა, ანუ ერთი ხელისუფლება იცვლება მეორე ხელისუფლებით არა არჩევნების, არამედ სახალხო პროტესტის გზით და ამას დავარქმევთ ხავერდოვან რევოლუციას, მშვიდობიან დამხობას თუ ხელისუფლების იძულებას, დათმოს სადავეები — ერთი და იგივე შინაარსის მატარებელია”, – ამბობს ბასილაია.
ირაკლი შაიშმელაშვილის საქმე
,,ვიცით, რომ არ არის ადვილი გაიხადო ფორმა, გადახვიდე ხალხის მხარეს, როცა უბრალო მოქალაქეები მოგიწოდებენ ხოლმე. გამოეცალეთ მაგ ბოროტ სისტემას და შეატოვეთ რუსული სახელი მათ”, – პროკურატურა ამტკიცებს, რომ ამგვარი განცხადებებით შაიშმელაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას ცდილობდა, რაც საბოლოო ჯამში მიმართული იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლისკენ.
დაცვის მხარის პოზიციით, ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ წარმოდგენილი სამკივე ვიდეო გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება.
„ირაკლი შაიშმელაშვილის ვიდეომიმართვები წარმოადგენს არა ძალადობისკენ მოწოდებას, არამედ პოზიციის დაფიქსირებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფოს მართვას, სამართალდამცავი სისტემის მოქმედებას და მოქალაქეთა უფლებებს”, – ამის შესახებ ირაკლი შაიშმელაშვილის ადვოკატმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
ნანა სანდერის საქმე
ნანა სანდერის წინააღმდეგ პროკურატურას არაერთი facebook-პოსტი და ვიდეომიმართვა აქვს საქმეში წარდგენილი. ბრალდების მხარე ამბობს, რომ სანდერი სოციალური ქსელის მეშვეობით აქტიურად აორგანიზებდა ძალადობრივ ჯგუფურ ქმედებებს, აგროვებდა ფულად სახსრებს და ასე შემდეგ. დაცვის მხარე კი ამბობს, რომ ნანა სანდერის მოქმედებებში დანაშაულებრივი და ძალადობრივი არაფერია.
„პუბლიკის” შეკითხვაზე, როგორ დგინდება, რომ ნანა სანდერი თავის facebook-ზე რასაც წერდა, ამას მოჰყვა კონკრეტული შედეგი, რაც ვიხილეთ 4 ოქტომბერს? პროკურორი იაკობიძე გვპასუხობს: „პირი, რასაც აცხადებს, როდესაც დროის მოკლე ინტერვალში ხდება მისი რეალიზება მოქმედებებში, ეს უკვე კავშირია”.
ნანა სანდერის დაცვის მხარეს კი ამგავრი პოზიცია აქვს:
„მოწმე არ არსებობს ისეთი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნანა სანდერმა დააორგანიზა ძალადობრივი ქმედება, არ არსებობს არც კომპიუტერული მონაცემი იმისა, რომ კავშირი ჰქონდა რომელიმე აქციის მონაწილესთან ნანა სანდერს, შეტყობინება იქნება ეს თუ ტელეფონის ზარი. მოწოდება, რომელიც დანაშაულებრივი ქმედების შემცველი არის, არ არსებობს საქმეში”, – ამბობს ადვოკატი გოგა ბოგვერაძე.
მარიამ მეყანწიშვილის საქმე
პროკურატურის პოზიციით, მეყანწიშვილმა 4 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ათონელის ქუჩაზე ყოფნისას მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემდგომი მოქმედებების კოორდინირების, პოლიციის თანამშრომლების დაუმორჩილებლობისა და მათზე ძალადობის მიზნით შეკრებილიყვნენ თბილისში ერთ-ერთ ობიექტზე.
„მარიამ მეყანწიშვილს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ედება ბრალად, რაც ნიშნავს იმას, რომ მას სჭირდება თავისი ჯგუფი, რომელსაც მოუწოდა ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისაკენ. ამ შემთხვევაში მარიამ მეყანწიშვილის მიმართ არცერთი ადამიანი არ არის წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეში, რომლებიც მარიამ მეყანწიშვილის მოწოდების ნიადაგზე წავიდნენ პრეზიდენტის სასახლისკენ…”, – ამბობს მეყანწიშვილის ადვოკატი ანა ბერია.