საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა და უკრაინელმა კოლეგამ ანდრიი სიბიჰამ ტელეფონით ისაუბრეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა.
„საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს, – აღნიშნულია პრესრელიზში.
სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც:
„მოხარული ვარ ჩემს ქართველ კოლეგასთან დიალოგის გაგრძელებით, რომელიც ერევანში ჩვენს ბოლო შეხვედრებს მოჰყვა.
დღევანდელი სატელეფონო საუბრისას აღვნიშნეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კონსტრუქციული დიალოგი და შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით.
განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ასევე დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, განვავითაროთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტები“, – დაწერა მან.
მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიი სიბიჰა ერთმანეთს 4 მაისს სომხეთშიც შეხვდნენ.
„ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებზე. ასევე განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში. ცალკეული ყურადღება დავუთმეთ ურთიერთსასარგებლო სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას. შევთანხმდით შემდგომი კონტაქტის გაგრძელებაზე“, – დაწერა მაშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრების შეხვედრის გარდა ერთმანეთს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ირაკლი კობახიძეც შეხვდნენ.
„გამოწვევები არსებობს, ეს გამოწვევები დაგროვდა, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას, ურთიერთობას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია. ამიტომაც, მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს და ეს ყველაფერი აისახოს ურთიერთობებში ხელისუფლებებს შორის. ყველა გონივრული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შეიძლება გადაიდგას…
…გუშინდელი საუბრის დეტალებს ვერ ვიტყვი. პრობლემები რაც იყო, ბუნებრივია, რჩება, არსად წასულა არც ადეიშვილი, არც ლორთქიფანიძე, არც ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა, არც ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება და ა.შ.
ჩვენ გუშინ ვიყავით არსებითად კონცენტრირებული მეგობრულ საუბარზე და ეს იყო სულისკვეთება. სიღრმეში არ შევსულვართ, მათ შორის, პრობლემებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პრობლემები იყო და ეს პრობლემები არსად წასულა, უბრალოდ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებული“, – განაცხადა კობახიძემ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ.
კობახიძესთან შეხვედრის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა:
„შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნამდვილად არსებობს გადაუჭრელი საკითხები. მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა დონეზე. უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და ისევ აგრძელებს საქართველოს, მისი სუვერენიტეტსა და ხალხის პატივისცემას. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოსთან, სომხეთსა და სლოვაკეთთან ურთიერთობებში რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება განბლოკილია.
კონკრეტულად რა მიმართულებებზეა საუბარი, ჯერჯერობით, ცნობილი არაა.