მაისაშვილზე, როგავასა და ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე 4 სპეცრაზმელი და დაცვის პოლიციის 1 თანამშრომელი დააკავეს

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ ძალადობის საქმეზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, შსს-ის დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.

განცხადება მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული დღეს დააკავეს.

გვარაკიძისვე განცხადებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებულია ათასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოკითხულია 550-ზე მეტი ადამიანი.

რაც შეეხება ძალადობის საქმეებს, პროკურატურის თანახმად: 

პირველი ეპიზოდი: 2024 წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა ორმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზ, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება.

მეორე ეპიზოდი: 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.

მესამე ეპიზოდი: 2024 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას.

პროკურატურის განცხადებით, ხუთივე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.


5 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ განაცხადა, რომ გამოავლინა არხის ყოფილ ჟურნალისტზე, გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა.

გადაცემის „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“ საგამოძიებო რეპორტაჟი ეთერში 5 მაისს გავიდა.

გადაცემაში დაასახელეს თავდამსხმელის ინიციალები – ი.შ., რომელსაც ტელეარხი დაუკავშირდა – მან გურამ როგავაზე თავდასხმა უარყო.

სიუჟეტის შემდეგ პროკურატურამ გამოჰკითხა ელისო ჯარიაშვილი – 6 მაისს, და – გურამ როგავა დღეს, 7 მაისს.

გურამ როგავა 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლას პირდაპირ ეთერში აშუქებდა, რა დროსაც სპეცრაზმელი თავს დაესხა. მას დაფარული ჰქონდა სახე და არ გქონდა არანაირი მაიდენტიფირებელი ნიშანი. შედეგად გურამ როგავამ კისრის მე-7 მალის (მოტეხილობა) და სახის ძვლების მოტეხილობა მიიღო.

ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ 1 მაისის ღამეს (30 აპრილის აქციის დარბევისას), პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მისი განცხადებით, ის აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა იგი ალყაში მოაქციეს, ტერიტორიიდან გაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თავდასხმის შედეგად მან მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებიც მოგვიანებით გავრცელდა, ჩანდა, რომ მას ჰქონდა სახის ძლიერი შეშუპება, სისხლჩაქცევები და გატეხილი ცხვირი. მოგვიანებით დადასტურდა ცხვირისა და ყბა-სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე ტვინის შერყევა.

ზვიად მაისაშვილს სპეცრაზმელები თავს დაესხნენ 2024 წლის 30 ნოემბერს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევის დროს. გავრცელებულ კადრში ჩანს, როგორ ურტყამს მას ათამდე შავებში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელი. ერთი მათგანი მას ფერდებში წიხლს ურტყამდა, მეორე – სახეში ასევე ფეხს, მესამემ კი დახმარების სათხოვნელად წამოწეულს ისევ წიხლს დაამატა.

თავდასხმის შედეგად მან მიიღო ტვინის შერყევა და ცხვირის მოტეხილობა.