ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
2025 წლის 11 იანვარს, მზია ამაღლობელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის – წარწერით „იფიცება საქართველო“, გაკვრის გამო დააკავეს. დღევანდელი პროცესი სწორედ ამ დაკავების კანონიერების დადგენის მიზნით ჩატარდა.
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, მიუხედავად საქმეში არსებული ვიდეო მტკიცებულებებისა, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიჩნია, რომ მზია ამაღლობელი კანონიერად დააკავეს.
საქმეზე მედიამენჯერის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავდა.
„საგულისხმოა, რომ შსს ამ სხდომაზე მზიას დაკავების ერთადერთ საფუძვლად სწორედ მის იდენტიფიცირებას ასახელებდა. საინტერესო მომენტი სხდომაზე ის იყო, რომ შსს-მ ჩვენს ადვოკატს რიტორიკულად ჰკითხა, რომელ <<ალტერნატიულ>> რეალობაში ხდებოდა, რომ ადამიანის იდენტიფიცირების მიზნით, მისი დაკავება უკანონოდ ეცნოთ?! (ციტირება არ არის, პერიფრაზია).
დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში ხდება ასე, როდესაც თუნდაც ადამიანის ვინაობის დადგენის მიზნით მისი დაკავება არა პირველი, არამედ რიგით ბოლო ღონისძიებაა. თუმცა ეს, როგორც ჩანს, ნამდვილად ალტერნატიული რეალობაა იქ, სადაც პროტესტის კონტექსტში ადამიანების დაკავება რუტინული ყოველდღიურობაა.
ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში უკვე გასაჩივრებული გვაქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, და დაკავების კანონიერების განხილვის ამ ამბავსაც, ბუნებრივია, ვაცნობებთ სასამართლოს.
რეალური მართლმსაჯულება მზია ამაღლობელის საქმეზე მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოში იქნება, ვინაიდან ის არის პოლიტიკური პატიმარი“, – დაწერა სოციალურ ქსელში საიას თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა.
ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებაზე საჩივრის განსახილველად მიღებაზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ რამდენიმე თვის წინ უარი თქვა იმ მოტივით, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე უკვე სამართალდამრღვევად იყო ცნობილი და არ არსებობდა დაკავების კანონიერებაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძვლები.
თუმცა, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ალექსანდრე გოგუაძის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციოს გადაწყვეტილებით კი, საჩივარი განსახილველად კვლავ პირველ ინსტანციას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.
მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე საია ევროპულ სასამართლოში 3 საქმეს აწარმოებს, ხოლო გასაგზავნად ამზადებს მე-4 საჩივარს სისხლის სამართლის საქმის თაობაზე.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 6 აგვისტოს „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობის მუხლით.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ადვოკატები აცხადებენ, რომ პატიმრობის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 23 ივნისს მაია მწარიაშვილმა თქვა, რომ მზია ამაღლობელის მხედველობა მარცხენა თვალში სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეს არ სცდება. მარჯვენა თვალში მხედველობამ 30%-დან 10%-მდე დაიკლო.
არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ დაგმო მზიას პატიმრობა და მოითხოვა მისი გათავისუფლება. ის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა.
მზიამ მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის, სახაროვის პრემია.