ბოჭორიშვილი ევროსაბჭოში: თვალთმაქცობაა დემოკრატიის უკუსვლაზე წუხილი და თან რადიკალების წახალისება

პუბლიკა

თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი მან ევროპის კრიტიკას დაუთმო იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ ევროპული ქვეყნების მხრიდან კრიტიკის ობიექტი ხდება.

მან თვალთმაქცობა უწოდა „დემოკრატიის უკუსვლაზე წუხილს“ და თქვა, რომ იმავდროულად ევროპა საქართველოში „ახალისებს რადიკალურ ძალებს, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ“.

„თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ; „ქართველი ხალხის მხარდაჭერის“ მტკიცება და იმავდროულად ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება; კანონის უზენაესობაზე საუბარი და ამავე დროს სამართლისა და კანონის გვერდის ავლის გზების ძიება“, – თქვა ბოჭორიშვილმა.

მან სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას, თუმცა, დასძინა, რომ ევროპისთვის ომსა და კონფლიქტებთან ერთად „საფრთხეა ორმაგი სტანდარტები და დემოკრტიის სახელით დემოკრატიული პრინციპების დასუსტება“.

მაკა ბოჭორიშვილმა გააკრიტიკა ევროპარლამენტი და სოლიდარობა გამოუცხადა სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიებს, რომლებსაც ერთი წლით აეკრძალათ ევროპარლამენტის შენობაში მუშაობა. ბოჭორიშვლმა თქვა, რომ „შემაშფოთებელია, როცა სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება“.

ბოჭორიშვილისვე თქმით, პასუხისმგებლობისგან გაქცევაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „პრორუსულის იარლიყის მინიჭება“.

მან ისაუბრა რუსეთზე და თქვა, რომ ის „კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულვებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ“.

კერძოდ, ბოჭორიშვილი გამოეხმაურა რუსეთის დუმის მიერ რუსეთსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ შორის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას. შეთანხმების ინიციატორი ვლადიმირ პუტინია.

„ამის დასტურია 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება. დღეს, როდესაც უკრაინაში კვლავ გრძელდება ომი, კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ, რომ ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება რეალურად დაცული, თუ საერთაშორისო სამართალი შერჩევითად იმოქმედებს, თუ ოკუპაცია დროთა განმავლობაში „ახალ ნორმად“ გადაიქცევა და თუ ძალა სამართალზე მაღლა დადგება“, – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.