51-წლიანი პარტნიორობის შემდეგ გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს.
ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ, Saarbruecken Zeitung-მა გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, ქალაქის მერიის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის წინადადებას დღეს ზაარბრიუკენის საქალაქო საბჭოზე გაიტანენ. მერი დაძმობილებულ ქალაქ თბილისთან ყველა კონტაქტის შემდგომ შეტყობინებამდე შეჩერების რეკომენდაციას იძლევა.
თბილისი და ზაარბრიუკენი 1975 წელს დაძმობილდნენ.
ურთიერთობის გაწყვეტა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და რეპრესიებს უკავშირდება, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, პროტესტის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შემზღუდავ არაერთ კანონს.
გამოცემა წერს, რომ ზაარბრიუკენის მერიის შეფასებით, საქართველოში „ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსური მხარდაჭერით მუშაობენ, აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ, ოპოზიციური პარტიები უნდა აიკრძალოს, დემონსტრაციებს სასტიკად ახშობენ, ოპოზიციის სულ უფრო მეტი წევრის დაპატიმრება ხდება, მუდმივად მოქმედებს ახალი კანონები და რეგულაციები, რომლებიც ზღუდავს შეკრების, პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას“.
ქალაქის მერი მიუთითებს, რომ მოქალაქეები დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო ისჯებიან.
„ქვეყანა ერთპარტიული სახელმწიფოს, პოლიციური სახელმწიფოსა და დიქტატურისკენ მიექანება, – აღნიშნულია შეფასებაში“, – ამბობს ზაარბრიუკენის მერი, Saarbruecken Zeitung-ის თანახმად.
გამოცემა წერს, რომ თბილისის მერი, სადაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ცხოვრობს, არა მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ წევრია, არამედ მისი გენერალური მდივანიც.
„ამგვარად, კახა კალაძე მხარს უჭერს და იზიარებს პასუხისმგებლობას მოვლენების მთელ ამ განვითარებაზე. ამიტომ, ზაარბრიუკენის მერიის განმარტებით, მათ გასულ წელს, როდესაც ქალაქთან პარტნიორობის 50 წლის იუბილე უნდა აღენიშნათ, გადაწყვიტეს დაგეგმილი ცერემონიის გაუქმება და ამის ნაცვლად მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ეს კალაძის მოწვევის გაუქმების ტოლფასი იყო. მას შემდეგ ოფიციალური კონტაქტი არ შემდგარა.
მერს სურს, საქალაქო საბჭომ დაადასტუროს, რომ ეს არის სწორი გზა თბილისის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისთვის. თავად ქალაქთან პარტნიორობა უნდა შენარჩუნდეს. ამავდროულად, ორივე ქალაქის მოსახლეობას შორის ურთიერთობების ფინანსური მხარდაჭერა უნდა შენარჩუნდეს „პარტნიორობის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად“, მაგრამ ყველა ოფიციალური კონტაქტი უნდა შეჩერდეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
Saarbruecken Zeitung-ის ინფორმაციით, მერის ინიციატივას ფართო უმრავლესობა დაუჭერს მხარს.
ზაარბრიუკენის მერიის ინიციატივაზე კახა კალაძესაც ჰკითხეს. მისი განცხადებით, „ეგ მათი უფლებაა, როგორც უნდათ ისე მოიქცნენ“.
„მე 2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. ერთხელ იყო ჩამოსული დელეგაცია „თბილისობაზე“, – თქვა კახა კალაძემ.
მოგვიანებით კახა კალაძე ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან ურთიერთობის გაწყვეტას გამოეხმაურა წერილით, რომელიც იწყება წინადადებით: „სამძიმრის წერილი გერმანელ ხალხს“.
კალაძე წერილში წერს, რომ გერმანია „დიფ სტეიტის“ მორჩილია და ცალმხრივი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ზიანდება ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული კულტურული და პარტნიორული კავშირები. მისივე თქმით, „გერმანია პრაქტიკულად ჭაობშია ჩაფლული“.
„საქართველოსა და გერმანიის ხალხებს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მიუხედავად, სამწუხაროდ, „დიფ სთეითის“ მორჩილი გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო, ისტორიული მეგობრობაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ცალმხრივი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ზიანდება ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული კულტურული და პარტნიორული კავშირები.
დაუჯერებელია, რომ დღეს, როდესაც ევროპის კონტინენტზე სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ხელმძღვანელი პირებისა და პოლიტიკოსების გამო კი გერმანია პრაქტიკულად ჭაობშია ჩაფლული და უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, […] გერმანელი ბიუროკრატები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაფასებლად იცლიან და „გადამჭრელ ზომებს“ იღებენ, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი 50-ზე მეტი წლის წინ დაძმობილებულ თბილისთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს“, – წერს კალაძე.