სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე „მილაძე საქართველოს“ წინააღმდეგ და დაადგინა, რომ მის მიმართ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 – გამოხატვის თავისუფლების მუხლი.
გადაწყვეტილება 7-მა მოსამართლემ გამოიტანა, მათგან ერთ-ერთი ლადო ჭანტურიაა.
საქმის გარემოებების თანახმად, ირაკლი მილაძემ 2022 წელს TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მან გააკრიტიკა თბილისის ურბანული სატრანსპორტო პოლიტიკა და გამოიყენა უცენზურო სიტყვები, მათ შორის „ნაბ***რი თბილისის მერის, მერიის თანამშრომლებისა და პოლიციის წინააღმდეგ.
ვიდეოს 100 ათასზე მეტი ნახვა და 600 გაზიარება ჰქონდა.
თბილისის პოლიციამ მილაძის მიმართ ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (წვრილმანი ხულიგნობა − საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს) სამართალწარმოება დაიწყო.
საბოლოოდ, საქართველოს სასამართლოებმა ირაკლი მილაძე გაამტყუნეს და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
ECHR წერს, რომ საქართველოს სასამართლოები დაეყრდნნენ სასამართლო პრეცედენტს იმის დასადასტურებლად, რომ სოციალური მედიის პლატფორმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და, შესაბამისად, უნდა განიხილებოდეს, როგორც „სივრცე, სადაც შესაძლოა, შეილახოს საზოგადოებრივი წესრიგი“.
სტრასბურგის სასამართლო წერს, რომ ქართულმა სასამართლოებმა დაასკვნეს, რომ ირაკლი მილაძის მიერ გამოყენებული უცენზურო ლექსიკა იყო კონკრეტული საჯარო მოხელეების უსაფუძვლო შეურაცხყოფა და მას არანაირი წვლილი არ შეუტანია საჯარო დებატებში; შესაბამისად, მისი გამოხატვა არ ყოფილა დაცული სიტყვის თავისუფლების უფლებით.
მათ ასევე ხაზი გაუსვეს ფართოდ გამოყენებად სოციალური მედიის პლატფორმებზე, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც პოპულარულია ახალგაზრდებში, სექსუალური ხასიათის მქონე პერსონალური შეურაცხყოფის ნორმალიზების აღკვეთის აუცილებლობას.
რაც შეეხება თავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ECHR-ის თანახმად, განმცხადებლის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას არ დაურღვევია მისი გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით არის გათვალისწინებული.
სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა ეროვნულ სასამართლოებს იმაში, რომ „საჯარო ადგილის“ ცნება მოიცავს კიბერსივრცესა და სოციალური მედიის პლატფორმებს, რადგან ეს არის ის სფეროები, სადაც შესაძლოა შეილახოს საზოგადოებრივი წესრიგი.
სასამართლომ დაადგინა, რომ მილაძის მიერ „უკიდურესი“ და „ვულგარული“ ლექსიკის გამოყენება საჯარო მოხელეების უსაფუძვლო შეურაცხყოფა იყო და არ ისახავდა მიზნად საჯარო დებატებში წვლილის შეტანას.
სასამართლომ გაიზიარა საქართველოს სასამართლოების შეფასება ადგილობრივი კონტექსტის შესახებ და აღნიშნა, რომ გამოყენებული კონკრეტული სლენგი საქართველოში მიჩნეულია „ძალადობრივი ენის“ ფორმად.
სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელმა ვიდეოს დაურთო გაფრთხილება შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების შესახებ, ამას არ დაუცავს არასრულწლოვნები და სხვა მაყურებლები, ვინაიდან TikTok-ის ალგორითმი „შენთვის“ (For You Feed) მომხმარებლებს ამ კონტენტს მათი ნების გარეშე სთავაზობდა.
განმცხადებელს სასამართლოს გადაწყვეტილების ზედა პალატაში გასაჩივრება 3 თვის განმავლობაში შეუძლია.