ავტორი: აითან ფარჰადოვა
17-22 მაისს აზერბაიჯანმა უმასპინძლა მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიას (WUF13), რაც 2024 წლის ნოემბერში გამართული COP29-ის შემდეგ ქვეყნისთვის ყველაზე მასშტაბური გლობალური ღონისძიებაა. გახსნით სიტყვაში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა „ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის რეკონსტრუქციაა“.
მისი თქმით, „დიდი დაბრუნების“ პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანმა ააშენა დაახლოებით 33 გვირაბი, რომელთა საერთო სიგრძე 70 კილომეტრზე მეტია, კიდევ ხუთის მშენებლობა კი იგეგმება. ალიევისვე თქმით, ორ რეგიონში აშენდა 435 ხიდი, ელექტროსადგურები, წყალსაცავები, სახლები, სკოლები და საავადმყოფოები.
ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე ტერიტორიები „30 წლის განმავლობაში სომხეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა“ და „სრული განადგურება და აოხრება განიცადა“.
რეგიონი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ 2023 წლის სექტემბერში მოექცა ხანმოკლე შეტაკებების შემდეგ, რასაც მთიანი ყარაბაღის კაპიტულაცია და სომხური მოსახლეობის მასობრივი გადინება მოჰყვა.
„საერთაშორისო დამკვირვებლები და სტუმრები, მაგალითად, აღდამს ჰიროსიმას ადარებდნენ. მათ მას „კავკასიის ჰიროსიმა“ უწოდეს, რადგან ეს ქალაქი უბრალოდ არ არსებობდა“, — თქვა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე 85 000-ზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს.
„სწორედ ასე იქცევიან მიწის პატრონები, განსხვავებით იმათგან, ვინც მხოლოდ დასანგრევად, გასანადგურებლად და ტანჯვის მოსატანად მოდის“, – თქვა ალიევმა.
გასულ კვირას შუშაში პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აიდინ ქარიმოვმა მთიან ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურში დასახლებული აზერბაიჯანელების ოდნავ ნაკლები რაოდენობა – 80 000-ზე მეტი ადამიანი დაასახელა.
სანამ აზერბაიჯანის მთავრობა რეკონსტრუქციას თავის ერთ-ერთ მთავარ მიზნად აყალიბებდა, პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ ჰაჯიევმა აზერბაიჯანულ სამთავრობო მედია APA-ს განუცხადა, რომ „აზერბაიჯანის ძალისხმევა ამ სფეროში უნიკალურია“.
„დღეს შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას არ აღუდგენია თითქმის ცხრა ქალაქი და 300-ზე მეტი სოფელი და დასახლება საკუთარი ეროვნული და ფინანსური რესურსებით იმ მასშტაბით, როგორც ეს აზერბაიჯანმა გააკეთა. პოსტკონფლიქტური ურბანული და დასახლებების აღდგენის საკითხი განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს“, – თქვა ჰიქმეთ ჰაჯიევმა.
ბუნებრივი აირისა და ნავთობის შეთანხმებები WUF13-ის ფარგლებში
WUF13-ის კულუარებში ალიევი შეხვდა მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს, მათ შორის 17 მაისს – სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს. APA-ს ცნობით, ვუჩიჩი ასევე დაესწრო ბიზნეს შეხვედრას აზერბაიჯანში მომუშავე მეწარმეებთან.
სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა იპოვის „თანამშრომლობის სფეროებს“ და რომ სერბული მხარე „ცდილობს აზერბაიჯანელი ინვესტორების მოზიდვას“ სერბეთის კურორტებსა და მთიან რეგიონებში.
მან დასძინა, რომ სერბი ინვესტორები ასევე დაინტერესებულნი არიან ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვა რეგიონებში ინვესტირებით.
ალიევმა შეხვედრები გამართა საქართველოს დელეგაციასთანაც, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, რის შედეგადაც მხარეები შეთანხმდნენ 26 მაისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე ყოველდღიური სამგზავრო მატარებლის მიმოსვლის განახლებაზე.
სხვა შეთანხმებები ეხებოდა აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდებას, ასევე შეთანხმებებს საერთაშორისო ბაზრებზე აზერბაიჯანული გაზის დამატებითი მოცულობების მიწოდებისთვის ტრანზიტული მექანიზმების გაგრძელების შესახებ.
მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს საკოორდინაციო საბჭოს ოქმს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, შეთანხმების თანახმად, ელექტროენერგია მიეწოდება როგორც საქართველოს, ასევე საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაეცემა თურქეთს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა ასევე გააფორმა შეთანხმება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“, რათა „განისაზღვროს კომპანიის საქმიანობის პირობები დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის საქართველოს მონაკვეთზე, სუფსის ნავთობტერმინალისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ჩათვლით“.
19 მაისს ალიევმა მიიღო ტომაშ ტარაბა – სლოვაკეთის ვიცე-პრემიერი და გარემოს დაცვის მინისტრი.
ტარაბამ განაცხადა, რომ „სლოვაკეთი ყოველთვის აზერბაიჯანის გვერდით იდგა“ და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი „საიმედო მიმწოდებელი იყო ყოველ ჯერზე, როცა მის ქვეყანას ბუნებრივი აირი სჭირდებოდა“.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კითხვის გასაადვილებლად, აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და სამხრეთ ოსეთის ინსტიტუტების ან პოლიტიკური პოზიციების განხილვისას OC Media არ იყენებს ისეთ განსაზღვრებებს, როგორიცაა „დე ფაქტო“, „არაღიარებული“ ან „ნაწილობრივ აღიარებული“. ეს არ გულისხმობს პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.