ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი კიდევ ერთხელ გამოხატავს „სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული ნგრევისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო“ და აცხადებს, რომ „დემოკრატიული უკუსვლა შეუჩერებლად გრძელდება, ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მქონე პირთა დევნა“.
საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს თანამომხსენებლებმა, ედიტა ესტრელამ და საბინა კუდიჩმა მოამზადეს რეზოლუციის პროექტი, რომელშიც გამოთქმულია სინანული იმის გამო, რომ „ასამბლეის არცერთი გადაუდებელი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დემოკრატიის უწყვეტი ნგრევა „სერიოზულ ეჭვებს ბადებს ხელისუფლების მზადყოფნაზე, შეასრულოს საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრობის ვალდებულებები და ორგანიზაციაში გაწევრების დროს აღებული პირობები“.
კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ევროსაბჭოს წევრობა არის პრივილეგია, რომელსაც თან ახლავს უფლებები და მოვალეობები“ და რომ ორგანიზაციის პრინციპები და სტანდარტები „ვერ გახდება ეჭვქვეშ დაყენების ან მოლაპარაკებების საგანი“.
კომიტეტი „მიუღებელს“ უწოდებს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვას და მათი ხელმძღვანელობის სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითხნილი ბრალდებებით“.
რეზოლუციის პროექტით კომიტეტი აცხადებს, რომ „ამ კურსის გაგრძელება საქართველოში, ფაქტობრივად, ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს“.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ასევე მიუთითებენ, რომ „ამჟამად საქართველოში არ არსებობს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად“, რაც გამოწვეულია „დემოკრატიულ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე განუწყვეტელი ზეწოლით, ასევე – ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციით“.
რეზოლუციის პროექტი მოითხოვს „რეპრესიული კანონმდებლობის“ გაუქმებას, მათ შორის ცვლილებებისა სისხლის სამართლის კოდექსში, კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. რეზოლუცია ასევე გმობს „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელობაზე, ისევე როგორც დამოუკიდებელ მედიაზე მიმდინარე თავდასხმებს“.
კომიტეტი დამატებით წუხილს გამოხატავს იმის გამო, რომ „არ ჩატარებულა სარწმუნო გამოძიება დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან გამოვლენილ სასტიკ მოპყრობასა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებზე“ და განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა „იმ ცნობების გამო, რომ თბილისში საპროტესტო აქციების დასაშლელად აკრძალული ქიმიური ნივთიერებები იქნა გამოყენებული“.
საბოლოოდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც, მისი თქმით, „ემთხვევა ამ და წინა რეზოლუციებს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ“.
რეზოლუციის პროექტის კენჭისყრა ივნისშია დაგეგმილი.