ავტორი: ნეიტ ოსტილერი
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი გამოკითხვის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისმა პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ ისედაც მნიშვნელოვანი უპირატესობა კიდევ უფრო გაზრდილია.
IRI-ის თანახმად, გამოკითხულთა 32%-მა განაცხადა, რომ ხმას „სამოქალაქო ხელშეკრულებას“ მისცემდა.
ფაშინიანის პარტიას მას მკვეთრად ჩამორჩება პრორუსი მაგნატის, სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთი“, რომელსაც გამოკითხვის თანახმად, მხარს ამომრჩევლების 6% უჭერს.
ამავე დროს, გამოკითხვამ აჩვენა, რომ სიტუაციის მკვეთრი ცვლილებისთვის სივრცე კვლავ რჩება, რადგან რესპონდენტთა 23%-მა თქვა, რომ ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება, ხოლო კიდევ 21%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
IRI-ის წინა, 2026 წლის მარტის კვლევის შედეგების თანახმად, ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულებისთვის“ ხმის მიცემას გამოკითხულთა 24% აპირებდა, ხოლო სამველ კარაპეტიანის „ძლიერ სომხეთს“ მხარს 9% უჭერდა.
არჩევნები, რომელიც 7 ივნისს არის დაგეგმილი, ფართოდ განიხილება როგორც გადამწყვეტი ბრძოლა და რეფერენდუმი სომხეთის გეოპოლიტიკურ პოზიციონირებაზე: ფაშინიანი დასავლეთთან კავშირების გაღრმავებას ცდილობს, ხოლო კარაპეტიანი და სხვა ოპოზიციონერი ფიგურები პრორუსულ კურსს უჭერენ მხარს.
ეს ასევე არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფაშინიანი, რომელიც თავდაპირველად 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად აირჩიეს, ამომრჩევლის წინაშე წარდგება მას შემდეგ, რაც 2023 წელს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი მოიპოვა, ხოლო რეგიონი ფაქტობრივად სრულად დატოვა სომეხმა მოსახლეობამ.
მიუხედავად ამისა, ნიკოლ ფაშინიანს ნდობის ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს თავის მთავარ ოპონენტებთან: სამველ კარაპეტიანთან, ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანთან და ექსცენტრიკულ მილიარდერ გაგიკ წარუკიანთან შედარებით.
გამოკითხვის მიხედვით, ფაშინიანს ამომრჩეველთა 29% ენდობა, კარაპეტიანს – 8%, ქოჩარიანს – 4%, ხოლო წარუკიანს – მხოლოდ 3%.
თუმცა, მთლიანობაში, ამომრჩევლები ზოგადად პოლიტიკოსების მიმართ ფრთხილად არიან განწყობილნი: რესპონდენტთა 40%-მა განაცხადა, რომ არავის ენდობა.
სხვა ნიშნები მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლები დიდწილად კვლავ იწონებს სომხეთის განვითარების კურსს: გამოკითხულთა 61%-მა თქვა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება კვლავ უმნიშვნელოვანეს საკითხებად რჩება და 17%-ით პირველ ადგილს იკავებს სომხეთის წინაშე არსებული მთავარი პრობლემების რეიტინგში;
მეორე ადგილზეა ეკონომიკა – გამოკითხულთა 15% მიიჩნევს, რომ სწორედ ეკონომიკაა სომხეთის წინაშე არსებული მთავარი პრობლემების სიაში;
ამასთან, ამომრჩევლებმა მთავარ პრობლემებად დაასახელეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც, როგორიცაა მშვიდობის ნაკლებობა – 12%; არასწორი საგარეო პოლიტიკა – 6% და რეგიონული უსაფრთხოება – 4%.
როგორც ჩანს, 2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონში გამართულმა ისტორიულმა შეხვედრამ, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშების შემცირებაზე: 2025 წლის ივნისში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 44% მიიჩნევდა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საზღვრის საკითხებს სომხეთის მთავარ პრობლემად.
აზერბაიჯანი რჩება იმ ქვეყნად, რომელსაც სომხების აბსოლუტური უმრავლესობა (73%) ქვეყნისთვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს, მას მოსდევს თურქეთი 58%-ით. თუმცა, ეს მაჩვენებლებიც შემცირებულია წინა წლების გამოკითხვებთან შედარებით: 2023 წლის მარტში რესპონდენტთა 93% აცხადებდა, რომ აზერბაიჯანი იყო მთავარი პოლიტიკური საფრთხე, ხოლო თურქეთს ასეთად 89% მიიჩნევდა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.