სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დღეს, 26 მაისს ერევანში ხელი მოაწერეს „სომხეთსა და აშშ-ს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას“.
მათ ასევე გააფორმეს „ჩარჩო მემორანდუმი სომხეთსა და აშშ-ს შორის კრიტიკული და იშვიათი მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში მიწოდების უზრუნველყოფის შესახებ“.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ საფეხურზე ავიყვანეთ და მას ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ვუწოდეთ“, – განაცხადა მინისტრმა მირზოიანმა.
სომეხთსა და აშშ-ს შორის 2025 წლის იანვარში გაფორმდა „სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია“. არარატ მირზოიანის თქმით, იმ დოკუმენტისგან განსხვავებით, დღეს ხელმოწერილი ქარტია უფრო მდიდარია და ახალ შესაძლებლობებს იძლევა მნიშვნელოვანი სექტორებისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ორმხრივ ურთიერთობებში ახალ გზას სახავს, რომლითაც როგორც სომხები, ისე ამერიკელები ისარგებლებენ.
„ჩვენ ვასრულებთ ფუნდამენტურ სამუშაოს, რომელიც გახდება ეკონომიკური საფუძველი სომხებისა და ამერიკელების ერტობლივი მუშაობისთვის“, – განაცხადა რუბიომ.
მარტკო რუბიოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ არარატ მირზოიანმათქვა, რომ სომხურ-ამერიკული პროექტები რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც სასარგებლო იქნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა პრეზიდენტ ტრამპისა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მიერ განსაზღვრული პარტნიორობა ეტაპობრივად განვახორციელოთ. ეს სასარგებლო იქნება, როგორც სომხეთისთვის, ისე აშშ-სთვის და ასევე, რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებიც კონსტრუქციულად ჩაერთვებიან ჩვენს ორმხრივ პროგრამებში“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მარკო რუბიო სომხეთში დღეს, 26 მაისს ჩავიდა.
მანამდე, 2026 წლის მარტში სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.