ტურიზმის სექტორს „ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში“ რეგისტრაცია დაევალება - კანონპროექტი

პუბლიკა

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელთა მიხედვით, ტურისტულ გიდებს, ტუროპერატორებს, ტურისტულ სააგენტოებს ეკონომიკური რეესტრის ნაცვლად „ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში“ რეგისტრაცია დაევალებათ.

რას მოიცავს ცვლილებები – ვრცლად

მოქმედი კანონიდან ამოიღეს მუხლები, რომლებიც ტურისტული საქმიანობის სუბიექტებს ეკონომიკურ რეესტრში რეგისტრაციას ავალდებულებდა.

კანონპროექტის მიხედვით დაკორექტირდა ტურისტული საქმიანობის სუბიექტები: ტურისტული გიდი, ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი);

ეს სუბიექტები ვალდებულები იქნებიან, ტურისტული საქმიანობის შესახებ მონაცემების აღრიცხვის უზრუნველსაყოფად, დარეგისტრირდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში.

მოქმედი კანონიდან ამოიღებენ ტერმინებს – ალპური გამყოლი, სათხილამურო გამყოლი, სამთო გამყოლი – და მათთან დაკავშირებულ შესაბამის მუხლებს.

კანონპროექტით, მთავრობა განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობების ნუსხას და განხორციელების წესს, აგრეთვე რისკის შემცველ ისეთ ტურისტულ საქმიანობებს, რომელთა მიმწოდებლებს დაევალებათ პროფესიული პასუხისმგებლობის ან/და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის ფლობა.

რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობის პერსონალის სერტიფიცირებას მოახდეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ასევე განისაზღვრება ის ცალკეული რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომელთა მიმწოდებლებს საქმიანობის უფლებას მიანიჭებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი სუბიექტი.

კანონპროექტით, საქართველოს მთავრობა 2026 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცებს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხას, საქმიანობის განხორციელების წესსა და რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების ტექნიკური რეგლამენტს.

ასევე 2026 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცებს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი პერსონალის სერტიფიცირების წესსა და პირობებს.

რიგ შემთხვევაში იცვლება საქნციები:

  • რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელება იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ნაცვლად 3 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.
  • რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნ(ებ)ის დარღვევით გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
  • ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ მომსახურების განხორციელება ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში რეგისტრაციის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
  • ტუროპერატორისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის მიერ შესაბამისი საქმიანობის განხორციელება გადახდისუუნარობისგან დაცვის უზრუნველყოფის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
  • ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
  • ზედამხედველობის უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების ძირითადი ნაწილი 2026 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება, ხოლო სანქციების ნაწილი – 2027 წლიდან.