კალაძე „ავლაბრის“ მეტროზე: ისე წვიმდა, როგორც გარეთ - ვავალებ აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს საკითხი

პუბლიკა

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება რამდენიმე დღის წინ „ავლაბრის“ მეტროსადგურიდან“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანდა, რომ ახლად რეაბილიტირებულ სადგურში ძლიერი წვიმის გამო წყალი ჩავიდა.

კალაძემ განაცხადა, რომ „უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“ და მერიის აუდიტის სამსახურს საკითხის შესწავლა დაავალა.

„გარკვეული პრობლემები შეიქმნა იმ რეაბილიტირებულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ჩვენ რამდენიმე წლის წინ განვახორციელეთ, მხედველობაში მაქვს ავლაბრის მეტროსადგური. ამის კადრები საზოგადოებამ იხილა, ფაქტობრივად ისე წვიმდა, როგორც გარეთ, წყალი ჩამოდიოდა და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პრობლემას, დისკომფროტს და უხერხულობას წარმოადგენს.

მე მინდა დავავალო ჩვენ აუდიტის სამსახურს და ჩემ მოადგილეებს, რომ დავიწყოთ მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება. ორი წლის წინ პროექტი განვახორციელეთ და საზოგადოებამ იხილა, რომ ფაქტობრივად სადგურში ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე წყალი ჩამოდიოდა.

კომპანიები, ვინც იღებს პასუხისმგებლობას სამუშაოები შეასრულოს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხობრივად როგორ იქნება გაკეთებული. მე არ ვიცი ვისი ბრალია, კომპანიის, მიმღების, ზედამხედველის, აუდიტის სამსახურს ევალება მოიკვლიოს ყველაფერი და თუ საჭიროა, გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები. ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ეს გვაზიანებს ყველას, პირადად მეც – აქ კომპანიაზე არავინ საუბრობს, საუბრობს ყველა მერიაზე. ეს საქმე ვერ დარჩება რეაგირების გარეშე.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, ასევე ხარისხი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ყოველთვის ვამბობთ, ეს სამუშაოები კეთდება იმისთვის, რომ ათეულ წლებს გაუძლოს. მარტო ის ხომ არ არის, ზედაპირულად ასფალტი შეცვალო და თქვა, რომ საქმე გაკეთებულია და ხვალ, ზეგ იგივე პრობლემების წინაშე დავდგეთ…“, – თქვა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

მეტროსადგურის „ავლაბარი” რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2022 წელს დაიწყო, რეაბილიტაცია 8 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა საბოლოოდ 2024 წელს დასრულდა.