აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების, ჩარლზ იოქისა და პიტერ ანდრეოლის ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა საქართველოში ოპოზიციასთან გაიმართა.
შეხვედრაზე იყვნენ: ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა.
შეხვედრის დამთავრების შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ თქვა:
„საუბარი იყო იმაზე, რა არის ამ ქვეყანაში და ამ რეგიონში ამერიკის ინტერესები და როგორ შეიძლება ამ ინტერესების გატარება. მაგის წინაპირობაა ის, რომ ამ ქვეყანაში უნდა იყოს დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო, კანონის უზენაესობა. როცა ლაპარაკია, მეტწილად, ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებზე, მაგას სჭირდება კანონის უზენაესობა, რაც არ არის.
ამერიკაში შესასვლელად ერთჯერადი ვიზა რომ აიღო, 15 ათასი დოლარი უნდა გედოს დეპოზიტზე. ამ ყველაფერზე იყო ლაპარაკი“.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოში დემოკრატიის ნგრევა მათ შორის იმიტომაც მიმდინარეობს, რომ არავითარი გეოპოლიტიკური დიდი პროექტები არ შედგეს, რომლებიც რუსეთს დააზიანებს. მაგალითად, ასეთია ანაკლია – საქართველოს, როგორც ლოჯისტიკური დერეფნის, განვითარება, რაც უნდა ოპოზიციას, რაც დაიწყო თავის დროზე წინა ხელისუფლება და რაც ბიძინა ივანიშვილის დავალებაა, რომ არ შედგეს“, – თქვა ნიკა გვარამიამ.
გუშინ, 2026 წლის 27 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მათ განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფანზე“ და საქართველოს, როგორც რეგიონული დამკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის, როლზე.
სამინისტრო ასევე წერს, რომ ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას.
„ორივე მხრიდან დაფიქსირდა მტკიცე მზადყოფნა, გაგრძელდეს მუშაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით“, – წერს უწყება.
გუშინვე სახ.დეპ-ის წარმომადგენლები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ მიიღო საპატრიარქო რეზიდენციაში.
შიო III-ს და რამდენიმე ეპისკოპოსს შეხვდნენ ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე მათი თანმხლები პირები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და სხვა პირები.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, აშშ-ის დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და რამდენჯერმე ხაზი გაუსვეს მართლმადიდებელი ეკლესიის როლს საქართველოს ისტორიაში. საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და მათ საერთო ქრისტიანულ ღირებულებებს.
„მხარეთა მიერ კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამ ღირებულებების განმტკიცებისათვის“, – აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.