ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებათა თავების პირველი კლასტერის გახსნის ინიციატივით 16 ივნისს გამოვა.
ინფორმაციას გამოცემა Euractiv ევროკომისიაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Euractiv-ის ცნობით, კომისია აღნიშნულ წინადადებას ბრიუსელში, ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საერთო საქმეთა საბჭოს ფარგლებში წარადგენს.
ეს ევროკავშირის ლიდერებს საშუალებას მისცემს, აღნიშნული საკითხი ორი დღის შემდეგ, 18 ივნისს, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე დაამტკიცონ.
აქამდე ევროკავშირში უკრაინის გაწევრების პროგრესს უმეტესად უნგრეთი აფერხებდა.
უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მუდმივად ბლოკავდა ნებისმიერ მცდელობას, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრების განაცხადის წინსვლას ემსახურებოდა. თუმცა ხელისუფლებაში ყოფნის 16 წლის შემდეგ 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ორბანმა და მისმა პარტიამ ძალაუფლება დაკარგა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას არც პეტერ მადიარის მთავრობა უჭერს მხარს, უკრაინის მიმართ მისი მიდგომა შედარებით რბილია.
აპრილში, ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების პირველი „კლასტერის“ დაწყებას უნგრეთის სამთავრობო ტრანზიციის დასრულების შემდეგ ელოდება, რაც შესაძლოა, ივნისის ბოლომდე მოხდეს.
უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების ზუსტი პირობები ჯერ კიდევ განხილვის საგანია.
გასულ კვირას გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა წამოაყენა იდეა, რომ უკრაინა ევროკავშირს შეუერთდეს, როგორც „ასოცირებული წევრი“ ხმის უფლების გარეშე. რამდენიმე დღის შემდეგ მერცის იდეა კიევმა უარყო.
აღნიშნული იდეა კიევმა რამდენიმე დღის შემდეგ უარყო.
16 მაისს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბართ ეიდემ უარყო ვარაუდები იმის შესახებ, რომ უკრაინა შეიძლება შეუერთდეს ევროპის ეკონომიკურ ზონას (EEA), როგორც ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრების შუალედურ საფეხურს. ევროპის ეკონომიკური ზონა ევროკავშირის ერთიან ბაზარს ავრცელებს არაწევრ ქვეყნებზე: ნორვეგიაზე, ისლანდიასა და ლიხტენშტეინზე.
„ეს ძალიან თავისებური შეთანხმებაა. მას აქვს თავისი პლუსები და გამოწვევები – არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ ამ გზის არჩევას ვურჩევდი“, – განაცხადა ეიდემ.
ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები დაყოფილია ექვს სხვადასხვა ე.წ. კლასტერად, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობის სფეროებს ან „თავებს“ ფართო თემატურ პოლიტიკურ მიმართულებებად აჯგუფებს.
თითოეული კლასტერის გახსნას ევროკავშირის 27-ვე მთავრობის ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება. ამასთან, ვეტოს უფლებამ შესაძლოა, შეაჩეროს მოლაპარაკებების პროგრესი, თუ მიიჩნევა, რომ კანდიდატი ქვეყნები რეფორმების გზიდან უხვევენ.
მოლაპარაკებებში პირველი ასეთი „კლასტერი“ ეხება ევროკავშირის ფუნდამენტურ დემოკრატიულ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ საფუძვლებს. მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი იხსნება, ასევე ბოლოა, რომელიც იხურება.
Euractiv-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ დანარჩენი კლასტერები ივლისში გაიხსნას.