რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალაცში რუსული დრონი მაღალსართულიან კორპუსს შეეჯახა. ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი – ქალი და 14 წლის ბავშვი – დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შენობიდან 70 ადამიანი გაიყვანეს.
რუმინეთის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ შენობას რუსული დრონი შეეჯახა.
„28-29 მაისის ღამეს რუსეთის ფედერაციამ განაახლა დრონებით თავდასხმა უკრაინაში, რუმინეთთან საზღვართან ახლოს, სამოქალაქო სამიზნეებსა და ინფრასტრუქტურაზე. ერთი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შემოიჭრა. შემდეგ ის საცხოვრებელი შენობის სახურავზე ჩამოვარდა, აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დრონის მოსაგერიებლად ფეტეშტის საჰაერო ბაზიდან F-16 ტიპის ორი გამანადგურებელი აფრინდა. პილოტებს სამიზნესთან დაპირისპირების ნებართვა ჰქონდათ.
რუმინეთის საგარეო უწყების შეფასებით, დრონის ჩამოვარდნა რუსეთის მხრიდან სერიოზული და უპასუხისმგებლო ესკალაციაა.
„ეს ინციდენტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სერიოზულ და უპასუხისმგებლო ესკალაციას წარმოადგენს. რუმინეთი საერთაშორისო სამართლისა და მისი საჰაერო სივრცის ამ სერიოზული დარღვევის საპასუხოდ აუცილებელ დიპლომატიურ ზომებს მიიღებს“, – აცხადებს საგარეო უწყება.
სამინისტროს თქმით, რუმინეთმა NATO-სა და მოკავშირეებს აცნობა და დრონების საწინააღმდეგო საშუალებების დროულად გადაცემა მოითხოვა.
„რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრესორ სახელმწიფოდ რჩება, რომელიც უკანონო ომს აწარმოებს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება რეგიონული უსაფრთხოებისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. რუსეთის ფედერაცია პირდაპირ პასუხისმგებელია ამ სერიოზულ და უპასუხისმგებლო ქმედებებზე“, – აცხადებს რუმინეთის საგარეო.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ოანა ცოიუმ განაცხადა, რომ გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დრონის ჩამოვარდნის ინციდენტი „იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას ამართლებს“. მისივე თქმით, რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
NATO-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლი არის შეთანხმების ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ალიანსის წევრებს შორის კონსულტაციების გამართვას, როდესაც ერთ-ერთი მათგანი საფრთხეს ხედავს.
მუხლის ოფიციალური შინაარსი ასეთია:
„წევრი ქვეყნები ერთად გამართავენ კონსულტაციებს ყოველ ჯერზე, როდესაც რომელიმე მათგანის აზრით, საფრთხე დაემუქრება რომელიმე მხარის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.“
რუმინეთში რუსეთის დრონის ჩამოვარდნა დაგმეს NATO-მ და ევროკავშირმა.
NATO-ს პრესსპიკერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გენერალური მდივანი კავშირზეა რუმინეთის ხელისუფლებასთან.
„ვგმობთ რუსეთის უგუნურებას და ნატო გააგრძელებს თავდაცვის გაძლიერებას ყველა საფრთხისგან, მათ შორის დრონებისგან“, – წერს პრესსპიკერი.
შემთხვევას გამოეხმაურა ურსულა ფონ დერ ლაიენი:
„რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა.
რუსული დრონის შეჭრა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე განხორციელდა, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა.
ევროკავშირის ტერიტორიაზე.
სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს და მის ხალხს.ვაგრძელებთ რა ჩვენი უსაფრთხოებისა და შეკავების გაძლიერებას, განსაკუთრებით ჩვენს აღმოსავლეთ საზღვარზე, გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდას. ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს“, – დაწერა მან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე ვითარების ესკალაცია უგუნური და უპასუხისმგებლო საქციელია.
„სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა რუმინეთს გალაცში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დრონის ჩამოვარდნის შემდეგ, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.
რუსეთის მიერ ესკალაცია ევროკავშირის ტერიტორიაზე არის უგუნური და უპასუხისმგებლო ქმედება. მკაცრად ვგმობ რუმინეთის საჰაერო სივრცისა და საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას.
ევროკავშირი ერთიანია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაში სანქციების გზით და თავდაცვის შესაძლებლობების განმტკიცებაში, განსაკუთრებით ჩვენს აღმოსავლეთ საზღვარზე“, – დაწერა კოშტამ.