სარჯველაძე პაპუნა ლოცულაშვილზე: ყველაფერი კონტროლზეა, ობიექტური მიზეზი არ არსებობს საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლზეა და საგანგებო დასკვნების გამოტანისთვის ობიექტური მიზეზი არ არსებობს.

„აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლზეა. ობიექტური მიზეზი არ არსებობს საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. რაკი თვითონ აქვს სურვილი და განწყობა, გადიოდეს მკურნალობის დაკვირვებას, გამოკვლევას, ბუნებრივია, დაკმაყოფილებული იქნება, როგორც მოითხოვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში მოიხსნება ნებისმიერი საკითხი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თუ გამოიკვეთება რაიმე მკურნალობის საჭიროება, ბუნებრივია, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული. ამ წუთას არაფერი ისეთი პირი არ უჩანს მკვეთრად გამოხატულ საჭიროებას, რომელიც მოითხოვება პაციენტის მიერ“, –  სარჯველაძის კომენტარს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.


2026 წლის 27 მაისს qartli.ge-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გაუსწორდა ათზე მეტი პოლიციელი ფიზიკურად ორ მოქალაქეს – პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილს.

ჯგუფური ძალადობის შედეგად დაზარალებულს ნეკნი აქვს გატეხილი, ასევე დაზიანებები აღენიშნება სისხლნაჟღენთების, ნაკაწრების, ზედაპირული თავის ტრავმისა და სხივ-მაჯის სახსრის დაჟეჟილობის სახით.

პოლიციელებისგან ძალადობის მსხვერპლი გახდა დაკავებულის მეგობარი ლაშა აბისონაშვილიც, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სიტუაციის გასარკვევად და გასანეიტრალებლად მივიდა.

28 მაისს პროკურატურამ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის შემდეგ 6 პოლიციელი დააკავა.

პროკურატურის ცნობით, 2026 წლის 27 მაისს ქალაქ გორში ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ძალადობის შედეგად არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.