დღეს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს საქმის მასალები გააცნეს. სუს-ში იმყოფებოდა მისი ადვოკატი გიორგი გელხაური. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ჩვენ თავად ირაკლისთან ერთად გავეცანით საქმის მასალებს სრულად. ასეთი აბსურდი არ მაქვს არასდროს ნანახი. საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლის არ აქვს” – ამბობს გიორგი გელხაური|„ინტერპრესნიუსი”.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, ირაკლი ჩიხლაძე ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ სცნობს. მისი თქმით, საქმის მასალებით, რომელსაც გაეცნენ, ირაკლი ჩიხლაძეს არანაირი შემხებლობა და კავშირი რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების რაიმე შელახვასთან, არ აქვს.
„არანაირი მსგავსი ტიპის ინფორმაცია არ არის საქმეში წარმოდგენილი, რითაც შეიძლება, რომ ადამიანს ჯაშუშობა დააბრალო და შენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ რაღაც ნაბიჯების გადადგმა დააბრალო – ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმიტომ რომ მსგავსი ტიპის სტანდარტის მტკიცებულებებით შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს დასდონ ბრალი, გამოვიდნენ ასე და თქვან, რომ ის არის ჯაშუში და შემდგომ ხელი მოვაწეროთ იმაზე, რომ ჩვენ გაუთქმელობა გვაქვს და ვერავინ ვერაფერს ვერ ვსაუბრობთ და თავს ვერ ვიცავთ რეალურად, საზოგადოების წინაშე, თორემ სასამართლო პროცესები დახურული იქნება და ვერავინ ვერ გაიგებს რეალურად რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოახდინა ბრალდება ირაკლის წინააღმდეგ.
მე საერთოდ ჩვენი ქვეყნის სახელიც კი ვერ ამოვიკითხე იმ ინფორმაციაში, რა ინფორმაციაც საქმეში არის წარმოდგენილი, არამცთუ რაღაც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ რაღაც ნაბიჯები გადადგმული ირაკლის მხრიდან. საერთოდ არაფერ შუაში არ არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ბრალთან, რასაც ახლა ედავება”, – განაცხადა ადვოკატმა მედიასთან.
გიორგი გელხაურის თქმით, ირაკლი ჩიხლაძის საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს ასევე ჯაშუშობის ბრლადებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძის საქმესთან და „აღნიშნულ ორ საქმეს მხოლოდ მუხლი აკავშირებს”.
„ერთადერთი, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ რაიმე სახის სპეკულაციები არ მოჰყვეს, იმავე დღეს დააკავეს კიდევ გულბაათ რცხილაძე – საერთოდ არანაირი შემხებლობა არ აქვთ. ეს არის ორი დამოუკიდებელი, ავტონომიური საქმე და ერთმანეთთან ამ საქმეებს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ ერთი კვალიფიკაციით და ერთი მუხლით არის ეს გამოძიება დაწყებული. ის არის ავტონომიურად სხვა საქმე და ეს არის საერთოდ სხვა საქმე”, – განაცხადა გელხაურმა.
დღეს გელხაურმა ისაუბრა ასევე ირაკლი ჩიხლაძის საქმიანობაზეც: „ჩვენთან მიღებული იმ კანონის თანახმად, ფარას კანონს რომელსაც ვეძახით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო. ამის შემდეგ ის არ დარეგისტრირებულა აგენტად, ამ კანონის შესაბამისად, რა კანონიც მივიღეთ და ესეთი კონკრეტული საქმიანობის სფერო მას აღარ ჰქონია”
როგორც ადვოკატი ამბობს, მათ ხელი აქვთ გაუთქმელობაზე მოწერილი, რადგან აღნიშნულ საქმეზე საიდუმლო წარმოება მიმდინარეობს. ამიტომ დღეს მან არ დაასახელა ის ქვეყანა, რომლის ჯაშუშობასაც ედავებიან. ადვოკატის თქმითვე, წარმოდეგნილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახე შეეფარდოს.
31 მაისს ირაკლი ჩიხლაძეს პროკურატურამ ჯაშუშობის ბრალდება სსკ-ის 314-ე მუხლით წარუდგინა, რაც 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.