პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
ნოდარ ტატუნაშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, მსჯავრდებული ნოდარ ტატუნაშვილი, რომელიც კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი, მძიმედაა. მათი ინფორმაციით ის, დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში საკვების მიღებაზე უარს ამბობდა, მდგომარეობა კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ დამძიმდა.
ოჯახი შაბათს, 30 მაისს, კლინიკა „ვივამედში“ იყო მისული და ტატუნაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღებას მოითხოვდა.
პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ტატუნაშვილმა პირველი აპრილიდან დაიწყო შიმშილობა და იღებდა მხოლოდ სითხეს. უარს აცხადებდა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებასა და ვიტალური პარამეტრების კონტროლზე.
უწყების მტკიცებით, მსჯავრდებულმა უარი განაცხადა ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, საბოლოოდ კი „2026 წლის 13 მაისს მოხერხდა მსჯავრდებულის დაყოლიება და მან თანხმობა განაცხადა კლინიკაში გადაყვანაზე“.
ნოდარ ტატუნაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს „შიმშილობის შედეგების მართვისა და სტაციონარული მეთვალყურეობის მიზნით“.
„მსჯავრდებული გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად იყო კონტაქტური შიმშილობისგან ფიზიკურად დასუსტებული.
მიუხედავად არაერთგზის შეთავაზებისა, საკვების მიღებასა და სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარებაზე ნოდარ ტატუნაშვილი უარს აცხადებდა, რაც, შესაბამისად, შეუძლებელს ხდიდა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.
სპეციალური პენიტენციური სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება; იგი იმყოფება მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ“, – აცხახდებს უწყება.
TV პირველის ინფორმაციით, შიმშილობის დაწყების მიზეზი გახდა ის, რომ ნოდარ ტატუნაშვილი ამტკიცებს, რომ ბათუმის ციხეში ის წამების მსხვერპლი გახდა, თუმცა საქმეზე არავინ დაუსჯიათ. პატიმარი ბათუმიდან თბილისის რომელიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვდა.