მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვან დემეტრე ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით, ანი ნასყიდაშვილს კი 5 წლითა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ გამოაცხადა.
სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებაში, ანი ნასყიდაშვილი კი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში.
მოსამართლემ ჩიქოვანს 13 წლით, ხოლო ნასყიდაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც საბოლოოდ არასრულწლოვანთა კოდექსის შესაბამისად, 1/4-ით შემცირდა.
დემეტრე ჩიქოვანს უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წელი და 9 თვე დიღომში მომხდარი ძალადობის საქმეზე, შესაბამისად, ის პენიტენციურ დაწესებულებაში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს. ჩიქოვანთან ერთად გასამართლდნენ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეც, რომელთაც 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
პროკურატურის განცხადებით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს.
უწყების ცნობით, 2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში „ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს“.
„2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა“, – აცხადებს პროკურატურა.
სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანი ნასყიდაშვილი კი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს და ისჯება 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.