ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
ევროკავშირმა განაცხადა, რომ „რუსეთის მხრიდან მზარდი ეკონომიკური იძულების“ ფონზე „ეძებს გზებს მოკლევადიან პერსპექტივაში სომხეთისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის გასაზრდელად“. პარალელურად, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ რუსეთი სომხურ იმპორტზე შეზღუდვების მუდმივი გამკაცრებით „არასწორ ნაბიჯებს“ დგამს.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა დაგეგმილი მხარდაჭერის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
კოსსა და მირზოიანს შორის საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც მოსკოვმა სომხეთში 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სომხურ იმპორტზე მორიგი შეზღუდვები დააწესა.
„ჩვენ ასევე დავაჩქარებთ მუშაობას სამხრეთ კავკასიაში სავაჭრო და ენერგეტიკული კავშირების გასაძლიერებლად, რაც ხელს შეუწყობს სომხეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს მის უშუალო სამეზობლოსთან“, – განაცხადა მარტა კოსმა.
სომხური მხარის ოფიციალური ინფორმაციით, მათ „განიხილეს მექანიზმები, რომლებიც მიმართულია სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის ეკონომიკური კომპონენტის გაძლიერებაზე, მათ შორის ისაუბრეს სავაჭრო ბრუნვის გაზრდისკენ მიმართულ ღონისძიებებზე“.
მაისის შუა რიცხვებიდან რუსეთი, სავარაუდო დარღვევების საბაბით, თითქმის ყოველდღიურად აწესებს ახალ შეზღუდვებს სომხური პროდუქციის იმპორტზე.
ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყალი „ჯერმუკის“ და თევზის პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გარდა, შეზღუდვები შეეხო სომხური ხილისა და ბოსტნეულის ქვეყანაში შეტანას ზუსტად იმ დროს, როდესაც საექსპორტო სეზონის პიკი იწყება. საბაბად სახელდება ის, რომ აღნიშნული პროდუქტები სტანდარს ვერ აკმაყოფილებენ.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი შეზღუდვა დაწესდა ისეთ პროდუქტებზეც, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დამწიფებული და მოკრეფილი და შესაბამისად, ვერ გაივლიდა შემოწმებას, მაგალითად, გარგარი და ყურძენი.
2 ივნისს რუსეთმა აკრძალულ სომხურ პროდუქტებს ბადრიჯანი, კარტოფილი და ჩირი დაამატა. რუსეთმა ასევე შეზღუდა ამ პროდუქტების ტრანზიტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ევრაზეს/EAEU) წევრ ქვეყნებში.
მაისის ბოლოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრმა ოთხმა ქვეყანამ სომხეთს მოუწოდა, სასწრაფოდ ჩაატარის რეფერენდუმი და გააკეთოს არჩევანი ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის. ფაშინიანი ამ მოწოდებას არ დაეთანხმა „იმ დრომდე, სანამ სომხეთი ოფიციალურად არ შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, ან ძალიან ახლოს არ იქნება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან“.
სამშაბათს, რუსულ მედია „იზვესტიასთან“ კომენტარში ფაშინიანმა პირობა დადო, რომ „ყველა პრობლემას გადაჭრის“.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობის უპირატესობების აღიარების პარალელურად მან განაცხადა, რომ „ამ შემთხვევაში ევრაზესმა უნდა აჩვენოს, გახსნას ახალი შესაძლებლობები, რათა მისი იმიჯი სომხეთში გაუმჯობესდეს და არა პირიქით“, და დასძინა, რომ შეზღუდვები ქმნის „ნეგატიურ აღქმას ევრაზიული კავშირის მიმართ“.
ასევე 2 ივნისს ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ ვარდებისა და ბოსტნეულის პარტიები, რომლებიც თავდაპირველად რუსული ბაზრისთვის იყო განკუთვნილი, უკვე გადამისამართდა ალტერნატიულ მიმართულებებზე, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელმა ქვეყნებმა მიიღეს ისინი.
სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობის ახალი ტალღა დაიწყო მას შემდეგ, რაც ფაშინიანი 1 აპრილს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. პუტინმა საჯაროდ წამოსწია სომხეთში „პრორუსული“ პოლიტიკური ძალების საკითხი და იმედი გამოთქვა, რომ ისინი „შეძლებენ მონაწილეობას შიდაპოლიტიკურ მუშაობაში არჩევნების დროს“.
ამავე დროს, დოკუმენტები, რომლებმაც მედიაში გაჟონა, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ჩართული იყო დეზინფორმაციულ კამპანიებში პრორუსი კანდიდატების სასარგებლოდ და რომ ასევე გეგმავდა „ათიათასობით რუსი სომხის“ ავტობუსებით ჩაყვანას სომხეთში არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით.
2 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „რუსები სულაც არ არიან კმაყოფილი მათი ჩართულობით“ სომხეთში და რომ „არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ სურთ, ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა [ნიკოლ ფაშინიანმა] არჩევნები წააგოს“.
„ჩვენ იქ სომხეთის სუვერენიტეტის შესალახად არ ვართ. ჩვენ არ ვთხოვთ მათ, რომ არ იმეგობრონ სხვა ქვეყნებთან. უბრალოდ გვინდა, გვქონდეს მათთან ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებული იქნება არა მხოლოდ მშვიდობაზე. მშვიდობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია“, – თქვა მარკო რუბიომ.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.