ფოტო | რას აშენებენ დიღმის ჭალების ტერიტორიაზე

პუბლიკა

დიღმის ჭალების გადარჩენისთვის აქტივისტის, ანა ტრაპაიძის თქმით, დიღმის ჭალების ტერიტორიაზე, სტადიონის მშენებლობის მიზნით, მიწის მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ მან საზოგადოებას ადგილიდან facebook-live-ით ამცნო:

მისივე შეფასებით, სამუშაოების წარმართვისას მშენებლები გასცდნენ საპროექტო არეალს, შევიდნენ უფრო დიდ ტერიტორიაზე, დააზიანეს ხე-მცენარეები და ააოხრეს მიმდებარე ტერიტორია, რაც, ტრაპაიძის თქმით, ცალსახა უკანონობაა და მასზე არანაირი ნებართვა არ არსებობს. ის მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას მოითხოვს.

ტრაპაიძე „პუბლიკასთან” საუბრისას განმარტავს დიღმის ჭალებთან დაკავშირებით სასამართლო დავებს და ხსნის, თუ რა პროცესი მიმდინარეობს ახლა ტერიტორიაზე.

„ჩვენ ამ ტერიტორიაზე ვდავობდით, რომ მერიას უნდა დაესუფთავებინა ეს ტერიტორია და მოვიგეთ სასამართლო, პირველი ინსტანცია.

მერიამ ეს საკადასტრო კოდი დაყო 4 სხვადასხვა, პატარ-პატარა, შედარებით მომცრო ზომის ნაკვეთებად.

ახლა, აი ამ დაყოფას ვასაჩივრებთ სასამართლოში, ასევე ამის გადაცემასა და ზონის ცვლილებას – ამ ეტაპზე ოთხი აქტი გავასაჩივრეთ სასამართლოში”, – ამბობს ის.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე სტადიონის მშენებლობა იგეგმება, რომელსაც ექნება პარკინგი და სხვა მომსახურე შენობა-ნაგებობა. მისი თქმით, წლების განმავლობაში ის შიშობდა სწორედ იმას, რაც ახლა მოხდა – რომ სამუშაოების მიმდინარეობისას მიმდებარე ჭალის ტყის ტერიტორიაც განადგურდებოდა.

„მთელი ტრაგედია ამ ამბავში ის არის, რომ (ანუ ვითომ სტადიონი უვნებელია), იმ ტერიტორიით არ [იფარგლებიან] და მიმდებარე ჭალის ტყეს გადაუარეს ბულდოზერებით.

ის ნაგავი, მერიას რომ უნდა გაეტანა, არც ამათმა არ გაიტანეს, ეგ ვალდებულება აიღეს და ეს ნაგავი გადააყარეს ზემოდან იმ დანარჩენ ჭალის ტყეს.

ამიტომ ვამბობდით, რომ არ უნდა გაცემულიყო აქ არანაირი ნებართვა, იმიტომ, რომ გამოიწვევს დომინოს ეფექტს, კასკადით წავა და ყველაფერი განადგურდება და ზუსტად, აი ეს შედეგი მივიღეთ ახლა…

…ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ფაქტობრივად დიღმის ჭალის ტყის ნაწილია, ოღონდ ის ნაწილი, რომელიც უნდა აღდგენილიყო ისევ ჭალის ტყედ. ანუ ყველაზე ფოკუსში რაც უნდა ყოფილიყო – აღდგენის ფოკუსში, ეს არის”, – ამბობს ის.

რა შენდება ადგილზე

როგორც „პუბლიკამ” მოიკვლია, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, აღნიშნული ტერიტორია – დაახლოებით, 26 331 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გაეცა შპს სპორტულ კლუბ „ათლეტიკს”. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი გოგისვანიძეა.

ამავე განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს: 

  • არანაკლებ 2 ერთეული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა;
  • არანაკლებ 100 ადამიანზე გათვლილი გასახდელი – (არანაკლებ 4 გასახდელისა, თითოეული არანაკლებ 25 ადამიანზე გათვლილი);
  • არანაკლებ 300 ადამიანის ტევადობის ტრიბუნა;
  • სამედიცინო, მსაჯების ოთახი; სამწვრთნელო და საკონფერენციო სივრცე/დარბაზები;
  • არანაკლებ 100 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის შექმნა და ა.შ.

განკარგულებით, კომპანიამ 2 600 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.

„პუბლიკა” არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ პროექტის ფოტოცხრილებსაც გთავაზობთ:

რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ტერიტორია

ანა ტრაპაიძე ამბობს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიღმის ჭალების ეკოსისტემა მრავალმხრივი კვლევის საგანია. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2023-2024 წლებში ჩატარებული დენდროლოგიური ინვენტარიზაცია, რომელიც თბილისის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის ერთობლივი პროექტის — „დიღმის ჭალების აღდგენის სტრატეგიის“ — ფარგლებში განხორციელდა.

კვლევამ აჩვენა, რომ არეალი თავისი მდებარეობით, ლანდშაფტით, უნიკალური ფლორისტული შემადგენლობითა და მცენარეთა სიმჭიდროვით სრულად აკმაყოფილებს ჭალის ტყის კატეგორიზაციის ყველა კრიტერიუმს. კვლევამ ასევე გამოკვეთა არეალში წითელი ნუსხის სახეობები და გაამახვილა ყურადღება არეალის აღდგენასა და დაცვაზე.

„აღსანიშნავია, რომ დიღმის ჭალების ტერიტორიაზე მდებარეობს პანევროპული დაცული ტერიტორიების „ზურმუხტის ქსელის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უბანი, რომელიც „წავების კუნძულის“ სახელითაა ცნობილი და აქვს კოდი GE0000048.

ზურმუხტის ქსელის მიზანი იმ სახეობების დაცვაა, რომელთა გრძელვადიანი გადარჩენა შეუძლებელია, თუ არ მოხდა მათი ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნება. წავი წარმოადგენს საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობას და დაცულია ბერნის კონვენციით. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული წავების გამრავლების უშუალო არეალია, მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლი და დიღმის ჭალების ტყის მასივი მათი საარსებო გარემოს (ჰაბიტატის) განუყოფელ ნაწილს შეადგენს.

სწორედ ამ ეკოლოგიური მნიშვნელობის გათვალისწინებით მომზადდა „წავების კუნძულის მართვის გეგმა“ , რომელიც რეკომენდაციას უწევს დიღმის ჭალების ვრცელი არეალისთვის დაცული სტატუსის მინიჭებას, აღდგენასა და დაცვას. ეს რეკომენდაცია პირდაპირ ფარავს იმ ტერიტორიასაც, რომელიც ჩვენი სარჩელის საგანს წარმოადგენს”, – ამბობს ის.