ავტორი: ნეიტ ოსტილერი
სომხეთის მოქალაქე კამო კირაკოსიანს ტეხასის ფედერალურმა სასამართლომ 26 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა აშშ-დან რუსეთში „კონტროლირებადი საქონლის“ ექსპორტის უკანონო სქემაში მონაწილეობისთვის. სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გასულ კვირას გახდა. კირაკოსიანს ბრალი 2024 წელს წარუდგინეს, ხოლო 2025 წელს იგი გერმანიიდან აშშ-ში იქნა ექსტრადირებული. 2026 წლის დასაწყისში მან დანაშაული აღიარა.
2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აშშ-მა რუსეთისთვის საქონლის ექსპორტზე სანქციები დააწესა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს დაეთმო, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით სამოქალაქო მიზნებისთვის იყიდებოდეს, თუმცა ისინი ასევე გამოიყენება რუსული იარაღის კომპონენტების დასამზადებლად.
სასამართლოს ინფორმაციით, კირაკოსიანის მიერ ექსპორტირებული საქონელი „მოიცავდა ნივთებს, რომლებიც შესაძლოა ნახევარგამტარების (ჩიპების) წარმოებისთვის ყოფილიყო გამოყენებული“. მას ასევე არ მიუღია აშშ-ის მთავრობის შესაბამისი ავტორიზაცია ან ნებართვა.
სასამართლოს განცხადებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან და სანქციების ამოქმედებიდან მალევე კირაკოსიანი „აშშ-ში წარმოებული საქონლის ნომინალურ, ანუ ფორმალურ მყიდველად იქცა თავისი თანამზრახველებისთვის“.
„სქემის ფარგლებში კირაკოსიანმა თანამზრახველს ინსტრუქციები გაუგზავნა სომხეთში საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ, სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით“, – განაცხადა სასამართლომ.
სასამართლოსვე თანახმად, კირაკოსიანი ასევე „აშშ-ის კომპანიებს თავს საქონლის სომეხ მყიდველად წარუდგენდა და საბოლოო მომხმარებლების შესახებ სიმართლეს არ აწვდიდა“, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული კომპანიები მისგან საბოლოო მომხმარებლების შესახებ შესაბამის განცხადებებს ითხოვდნენ.
კომპანია, რომელთანაც კირაკოსიანი თანამშრომლობდა, 2023 წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციების სიაში შეიტანეს, რის შემდეგაც კირაკოსიანს აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევისთვის წარუდგინეს ბრალი.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.