ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა სარჩელი ოპოზიციური ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო რეგისტრაციაზე. გადაწყვეტილება კომისიამ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 6 ივნისს გამოიტანა.
პრორუსი სომეხი მაგნატის, სამველ კარაპეტიანის მიერ დაფუძნებული საარჩევნო ბლოკი თვეების განმავლობაში იკავებდა მეორე ადგილს გამოკითხებში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ შემდეგ. შესაბამისად, მას ფართოდ განიხილავენ ხელისუფლების მთავარ კონკურენტად.
„ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნა საარჩევნო კომისიაში პარტია „რესპუბლიკამ“ შეიტანა. ეს მცირე ოპოზიციური ჯგუფია, რომელიც მჭირდოდ თანამშრომლობს ფაშინიანის „სამოქალაქო ხელშეკრულებასთან“. 2023 წელს, მას შემდეგ, რაც ერევნის საკრებულოს არჩევნებში ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა უმრავლესობა, ამ ორმა ძალამ ჩამოაყალიბა მმართველი კოალიცია.
პარტია „რესპუბლიკის“ ლიდერმა, არამ სარქისიანმა 4 ივნისს, კანდიტატებს შორის გამართული ბოლო სატელევიზიო დებატების დროს დააანონსა, რომ აპირებდა ცესკოსთვის მიმართვას „ძლიერი სომხეთის“ დაბლოკვის მოთხოვნით.
„ვნახოთ, რას იზამენ – იმოქმედებს თუ არა სასამართლო სისტემა სათანადოდ, თუ პრემიერ-მინისტრი კიდევე ერთხელ დაადანაშაულებს სასამართლო სისტემას და იტყვის, რომ ის ჯერაც არ არის რეფორმირებული“, – თქვა არამ სარქსიანმა.
მანამდე სარქსიანმა ფაშინიანს მოსთხოვა პასუხი იმაზე, თუ რატომ არ სცადა თავად ხელისუფლებამ „ძლიერი სომხეთის“ რეგისტრაციის გაუქმება, მიუხედავად ამ ბლოკის მხრიდან ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვის შესახებ არსებული ბრალდებებისა.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ თავად ამას არ გააკეთებდა, რადგან ეს გამოიწვევდა აღქმებს, თითქოს მთავრობას არჩევნების წაგების ეშინია. სანაცვლოდ, მან სხვებს მოუწოდა, მიემართათ ცესკოსთვის, თუ მიაჩნდათ, რომ ასეთი ქმედება გამართლებული იყო.
„მოგიწოდებთ, ხვალ დილით სასწრაფო წესით მიმართოთ საარჩვენო კომისიას“, – თქვა ფაშინიანმა.
მაისის დასაწყისიდან სომხეთის ხელისუფლება თითქმის ყოველდღიურად იწყებს სისხლის სამართლის ახალ გამოძიებებს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, საარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალული საქველმოქმედო საქმიანობისა და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა დარღვევების შესახებ, რაც ძირითადად „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენლებს ეხებათ. ხელისუფლებამ ბრალდებების მტკიცებულებად ფარული სატელეფონო ჩანაწერებიც კი გამოაქვეყნა.
უახლესი საქმე ივნისის დასაწყისში სისხლის სამართლის საქმე დაიწყო ალიკ ალექსანიანის – კარაპეტიანის ალიანსის გავლენიანი წევრის წინააღმდეგ. გამოძიების ქვეშ არის ალიანსის წევრი 37 პირი, ხოლო 5 ივნისს სამართალდამცველებმა რეიდები ჩაატარეს „არმატ მედიაში“, რომელიც „ძლიერ სომხეთთან“ არის დაკავშირებული.
ხელისუფლება ალექსანიანს ფულის გათეთრებასა და 2025–2026 წლებში კარაპეტიანთან და მის ალიანსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ აქციებზე დასასწრებად ხალხისთვის ფულის გადახდაში ადანაშაულებს.
„ძლიერი სომხეთი“ ქრთამის დარიგების ფაქტს უარყოფს.
სამველ კარაპეტიანი – მილიარდერი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, 2025 წლის ივნისამდე პოლიტიკაში ჩართული პრაქტიკულად არ ყოფილა.
მისი ფორმალურ პოლიტიკაში ჩაბმა მოჰყვა მის დაკავებას იმ განცხადებების გამო, რომლებიც მან სომხური სამოციქულო ეკლესიის დასაცავად გააკეთა ეკლესიასა და ფაშინიანის მთავრობას შორის გამწვავებული დაპირისპირების ფონზე. ხელისუფლებამ მას სწრაფად წარუდგინა ბრალი ხელისუფლების მიტაცებისკენ მოწოდებისთვის, მოგვიანებით კი ფულის გათეთრების ცალკე ბრალდებაც დაუმატა.
კარაპეტიანს ასევე ფართოდ მიიჩნევენ რუსეთის ფავორიტ კანდიდატად. რუსეთს ბრალად ედება მისი სასარგებლოდ კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობა.
მიუხედავად იმისა, რომ იგი დასახელებულია „ძლიერი სომხეთის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, კონსტიტუციურად კარაპეტიანს ამ პოსტის დაკავება არ შეუძლია, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეა. მიუხედავად ამისა, ალიანსი პირობას დებს, რომ არჩევის შემთხვევაში შეცვლის კონსტიტუციას, რათა გზა გაუხსნას კარაპეტიანის კანდიდატურას.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.