ქართველი ემიგრანტი, 43 წლის მამუკა ართმელაძე აშშ-ში საიმიგრაციო პატიმრობაში გარდაიცვალა

პუბლიკა

ქართველი ემიგრანტი, 43 წლის მამუკა ართმელაძე 4 ივნისს აშშ-ში საიმიგრაციო პატიმრობაში გარდაიცვალა.

ის 50-ე ადამიანია, ვინც აშშ-ის გამკაცრებულ საიმიგრაციო პოლიტიკას ემსხვერპლა.

ინფორმაცია თავად აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურმა გაავრცელა.

ICE-ის თანახმად, მამუკა ართმელაძე უგონო მდგომარეობაში 22:37 საათზე იპოვეს.

სასჯელაღსრულების ცენტრის თანამშრომლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და სიცოცხლის გადარჩენა სცადეს. ის სასწრაფო დახმარების მანქანით ვინ პარიშის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ართმელაძე რეანიმაციაში მოათავსეს.

„სიცოცხლის გადარჩენის მცდელობის მიუხედავად, დაახლოებით 23:22 საათზე ვინ პარიშის სამედიცინო ცენტრის ადგილზე მყოფმა ექიმმა ართმელაძე გარდაცვლილად გამოაცხადა. მის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება“, – წერს ICE.

იმიგრაციის და საბაჟო სამსახურის ცნობით, მამუკა ართმელაძე 2026 წლის თებერვალში ნიუ ორლეანში დააკავეს „იმ ოპერაციის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა კომერციული მანქანების იმ მძღოლების გამოვლენას, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“.

ართმელაძე მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ნახეს, რომ არ ჰქონდა აშშ-ში ყოფნის კანონიერი სტატუსი.

ABC News წერს, რომ ICE-ის მონაცემებისა და კონგრესისთვის წარდგენილი დაკავებულთა სიკვდილიანობის სტატისტიკის ანალიზის მიხედვით, ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პირველი 14 თვე ფედერალური დაკავების სისტემისთვის ბოლო წლების განმავლობაში სიკვდილიანობით მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, თუ არ ჩავთვლით 2020 წელს, როდესაც დაკავების ცენტრებში სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს კორონავირუსის პანდემიამ შეუწყო ხელი.