პროკურატურა: „გათეთრებულია რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის კრიპტოვალუტა - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე“

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის, პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროსა და ლოძის საოლქო პროკურატურის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლებმა საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარეს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, 10 ივნისს, აჭარის ტერიტორიაზე დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.

„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე გამოძიებებით დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი – ფსევდონიმით „AudiA6“, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებდა, ინტერნეტსივრცეში კიბერდამნაშავეების და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას – დანაშაულის კვალის სამართალდამცავებისგან დაფარვას, რაშიც იღებდნენ სოლიდურ სარგებელს. 2022-2025 წლებში, უკანონო საქმიანობის ფარგლებში, „AudiA6“-ის წევრების მიერ გათეთრებულია რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.

გარდა აღნიშნულისა, დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე, მართავდა კიბერკრიმინალურ ფორუმს დასახელებით „Dark2Web“, რომელიც გამოიყენებოდა უკანონო სერვისების რეკლამირებისა და მსოფლიოს მასშტაბით კიბერკრიმინალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად“,- ვკითხულობთ განცხადებაში.