პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ მიზანი 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენაა.
პარტიის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველმა გუნდმა არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო, მათ შორის, ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, რაც გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტურ თავისუფლებებში გაუმართლებელ ჩარევაა.
„გახარია საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები განსხვავებული აზრის შეზღუდვასა და პოლიტიკური პროტესტის დასუსტებას ემსახურება.
პარტიის შეფასებით, კანონების გამკაცრება იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივი პროტესტი და კრიტიკული განწყობები განსაკუთრებით გააქტიურდა.
პარტიაში აცხადებენ, რომ მოქმედი რეგულაციებით გათვალისწინებული სანქციები არაპროპორციულია და არსებითად ზღუდავს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს – მშვიდობიანი შეკრების, მანიფესტაციისა და თავისუფალი გამოხატვის უფლებას.
მათივე განცხადებით, დემოკრატიული საზოგადოების არსებობის აუცილებელი წინაპირობაა მოქალაქეების შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი პოზიცია, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან პროტესტში და გააკრიტიკონ ხელისუფლება ყოველგვარი გაუმართლებელი შეზღუდვის გარეშე.
„დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი წინაპირობაა, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად შეკრების, გაერთიანების, მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული, განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვაინიციირებთ კანონპროექტს: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებებით.
ჩვენ არ მიგვაჩნია რომ 2024 წლის სამართლებრივი მდგომარეობა იდეალურია, მაგრამ ამ სტატუს კვოსთან დაბრუნებით აღდგება კონსტიტუციური ბალანსი: რაც ახლანდელი მდგომარეობით ცალსახად დარღვეულია“, – აცხადებს „გახარია საქართველოსთვის“.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ინიციატივას და ბოლო ორი წლის განმავლობაში გამკაცრებული რეგულაციების გადახედვას,„რათა აღდგეს 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების სფეროში“.