ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გადადგა – ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მრჩეველი გახდა.
გაგლოევის თქმით, გუშინ ის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, რომელმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობა შესთავაზა და მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა შესთავაზა.
„მე მხარი დავუჭირე ჩვენს ისტორიულ ლიდერს, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს და მზად ვარ მის გვერდით დავდგე“, – ნათქვამია მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კრემლმა ალან გაგლოევის პუტინის მრჩევლად დანიშვნის შესახებ განკარგულება უკვე გამოაქვეყნა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე, მარატ კამბოლოვი იქნება.
რუსული მედიის ინფორმაციით, გუშინ, 22 ივნისს პუტინმა და გაგლოევმა რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის „ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს“.
მედიის ცნობით, მოსკოვი და ოკუპირებული ცხინვალი „გააგრძელებენ საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნას და თანდათანობით გადავლენ ერთიან მიდგომაზე გარე სესხებისა და უცხოური ინვესტიციების მიმართ. ასევე იგეგმება ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია, საერთო კომუნიკაციებისა და ტელეკომუნიკაციების განვითარება და თანამშრომლობის გაფართოება სოციალურ, შრომით და კულტურულ სფეროებში“.