გვარაკიძე: თუ ჩახუნაშვილი სააპელაციოში აღიარებით ჩვენებას მოგვცემს, იმავე დღეს გათავისუფლდება

პუბლიკა

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ამბობს, რომ თუ გიორგი ჩახუნაშვილი „სააპელაციო სასამართლოში აღიარებით ჩვენებას მისცემს და ჩადენილ დანაშაულს მოინანიებს, მას იმავე დღეს გაათავისუფლებენ“.

4 ოქტომბრის საქმესა და საპროცესო გარიგებებზე კითხვა მას ჟურნალისტებმა დაუსვეს.

„ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ჩახუნაშვილს – მან არ აღიარა დანაშაული, არ მოინანია და ამის გამო სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა, ვინაიდან კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია. ამიტომ, თავისთავად, მიესაჯა ის სასჯელი, რაც მიესაჯა.

თუკი ის მიიღებს გადაწყვეტილებას, აღიარებს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა და სააპელაციო სასამართლოში მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჩვენ შეგვიძლია ის იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი, – რა თქმა უნდა, თუ გაასაჩივრებენ, რადგან არის შემთხვევები, როცა ზოგიერთი განაჩენს არ ასაჩივრებს“, – თქვა გიორგი გვარაკიძემ.

72 წლის პედიატრს, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 19 ივნისს მიუსაჯა 5-წლიანი პატიმრობა. ჩახუნაშვილს პროკურატურა კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუასა და დავით ჟღენტთან ერთად ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. საპროცესო გარიგება არც ერთმა მათგანმა არ გააფორმა, შესაბამისად ყველას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.