საიამ მზია ამაღლობელის სახელით სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარი წარადგინა

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მე-4 საჩივარი წარადგინა.

საიას განცხადებით, საჩივარი ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის დევნასა და მსჯავრდებას და ეფუძნება არგუმენტს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ სამივე ინსტანციაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ქართულ სასამართლოებში მზია ამაღლობელის რამდენიმე უფლება დაირღვა, მათ შორის, მოხდა დაცვის უფლების ხელყოფა, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.

„ეს არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება პოლიტიკური პატიმრის სახელით, რომელიც კონკრეტულად ეხება სისხლის სამართლის ძირეულ საქმეზე დარღვევებს, ყველა ინსტანციის ამოწურვის შემდეგ.

სტრასბურგში გაგზავნილ მეოთხე საჩივარში დასაბუთებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი დარღვევები:

პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება – ეს არის კონვენციის მე-18 მუხლი, რომელიც დგება ყველაზე მძიმე კონტექსტებთან დაკავშირებით, როდესაც მართლმსაჯულებას არაფერი აქვს საერთო სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან და ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ხელისუფლების ფარულ განზრახვასთან, შესაბამისად არის პოლიტიკურად მოტივირებული.

კერძოდ, საჩივარში დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყო მართლმსაჯულების მიზნით დაწყებული, არამედ წარმოადგენდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. ამ პროცესის მიზანი იყო დამოუკიდებელი ჟურნალისტის დასჯა და საზოგადოების დაშინება განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო.

ეს მიზანი დასტურდება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებით, რომლებიც მზია ამაღლობელს უცხოეთის აგენტად მოიხსენიებდნენ და განაჩენამდე მას დამნაშავედ აცხადებდნენ, თუმცა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი არგუმენტი.

ამ საქმეში ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოდგენილია მთელი რიგი ის ინდიკატორები, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ასაბუთებს, რატომ არ ჰქონდა ქალბატონ მზიას სამართლიანი სასამართლო არც პირველ, არც მეორე და არც მესამე ინსტანციაში.

კერძოდ: მიუკერძოებელი სასამართლოს არარსებობა. საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა, საქმე მიუკერძოებლად არ განიხილა. წინასწარი პატიმრობის შეფარდების ეტაპზე მან გამოავლინა წინასწარ ჩამოყალიბებული ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც საქმის არსებითი განხილვის დროსაც შენარჩუნდა.

ამასთანავე, საქმეში არ არსებობს დასაბუთებული განაჩენი. ეროვნულმა სასამართლოებმა არცერთ ეტაპზე არ შეაფასეს და არ გამოიკვლიეს დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მაშინ როდესაც უპირობოდ გაითვალისწინეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებები, როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არის ზედაპირული და არის დაუსაბუთებელი. სასამართლომ უგულებელყო დაცვის მხარის არგუმენტები, არ შეაფასა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი 19 მნიშვნელოვანი მტკიცებულება და დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს.

ამასთანავე, საქმეში მოხდა დაცვის უფლების ხელყოფა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულიად შეცვალა სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი ბრალდება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პირველი ინსტანციის მიერ საქმის განხილვის ბოლო სხდომაზე. კერძოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მხოლოდ 2025 წლის 6 აგვისტოს, ორიოდე წუთის ხანგრძლივობის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მზია ამაღლობელისადმი წარდგენილი ბრალი (პოლიციელზე თავდასხმა) გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) ისე, რომ ამის შესახებ არცერთ სხდომაზე ცნობილი მხარეებისთვის არ ყოფილა.

საჩივარში ხაზგასმულია, რომ ამგვარი გადაკვალიფიცირებით, მზია ამაღლობელს წაერთვა დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობა – კერძოდ, დაეცვა საკუთარი უფლებები ახალი ბრალდების წინააღმდეგ.

უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა – მაღალი თანამდებობის პირების მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები, რომლითაც მზია ამაღლობელს არაერთხელ უწოდეს „დანაშაულის ჩამდენი“ და „აგენტი“ აშკარად არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას და აყალიბებდა საზოგადოებრივ აზრს მის დამნაშავეობასთან დაკავშირებით, განაჩენის გამოტანამდე. ამასთანავე, მოცემული განცხადებები მომჩივნის საწინააღმდეგო გავლენას ახდენდა უშუალო სამართალწარმოების პროცესზე.

საჩივარში ასევე ხაზგასმულია, რომ პროცესის განმავლობაში მზია ამაღლობელის შუშის გალიაში („აკვარიუმში“) მოთავსება, გარშემორტყმული შეიარაღებული დაცვით, წარმოადგენდა არა უსაფრთხოების ზომას, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სტიგმატიზაციის ინსტრუმენტს, რითაც დამატებით იქნა დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმფცია“, – განაცხადა თამარ ონიანმა.

საქართველოს აზალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის საქმე არის ინდიკატორი იმისა, თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული მართლმსაჯულების სისტემა ხელისუფლების პოლიტიკური ნების აღსასრულებლად.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი მზია ამაღლობელის ერთი საჩივარი ეხება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას, სადაც საიამ უკვე წარადგინა წერილობითი შეპასუხება სახელმწიფოს პოზიციაზე; მეორე საჩივარი, რომელიც ასევე დარეგისტრირებულია, უკავშირდება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებას და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს; მესამე საჩივარი კი შეეხება 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას და ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებას. ევროპულმა სასამართლომ ეს საჩივარიც დაარეგისტრირა.


მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2025 წლის 6 აგვისტოს „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობის მუხლით.

11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.

13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ადვოკატები აცხადებენ, რომ პატიმრობის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 23 ივნისს მაია მწარიაშვილმა თქვა, რომ მზია ამაღლობელის მხედველობა მარცხენა თვალში სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეს არ სცდება. მარჯვენა თვალში მხედველობამ 30%-დან 10%-მდე დაიკლო.

არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ დაგმო მზიას პატიმრობა და მოითხოვა მისი გათავისუფლება. ის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა.

მზიამ მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის, სახაროვის პრემია.