ოპოზიციის ალიანსი: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ეკისრება

პუბლიკა

„ოპოზიციის ალიანსი“ ელენე ხოშტარიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს კომპლექსური კვლევების, დიაგნოზის დადასტურებისა და სისტემური მკურნალობისთვის.

ალიანსი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე „სრულ პასუხისმგებლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმს“ აკისრებს.

„ელენე ხოშტარია უკვე მეათე თვეა, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეობაშია. ის უკანონო სასჯელს იხდის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის საბაბით. სინამდვილეში რეჟიმი მას არ პატიობს თავისუფლებისთვის უკომპრომისო ბრძოლას, წინააღმდეგობას, არალეგიტიმური ხელისუფლების არაღირებასა და სოლიდარობას. ეს თავად რეჟიმის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს საჯარო განცხადებებით.

ბოლო თვეების განმავლობაში ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყვეტად უარესდება. მას აქვს ქრონიზებული ტკივილი, რომლის მართვაც ციხის პირობებში ვერ ხერხდება. გამუდმებული ტკივილი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ადამიანის წამების ტოლფასია.

რეჟიმის წარმომადგენლები ტყუიან, როცა აცხადებენ, თითქოს ელენეს მიეწოდება საჭირო სამედიცინო დახმარება. სინამდვილეში, ის მოკლებულია სისტემურ, შედეგზე ორიენტირებულ მკურნალობას და ეს დასტურდება ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი გაუარესებით.

პენიტენციური სისტემის თითოეულ წარმომადგენელს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა ელენეს ჯანმრთელობაზე, უნდა ესმოდეს, რომ საჭირო მკურნალობაზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია. აგრეთვე, რუსული რეჟიმის თითოეულმა წარმომადგენელმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის წინასწარი განზრახვით დაზიანებისთვის მოუწევთ პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისგება.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანამებრძოლს, პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას. ჩვენთვის ცხადია, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა კომპლექსური კვლევების, დიაგნოზის დადასტურებისა და სისტემური მკურნალობისთვის.

ვაცხადებთ, რომ ელენეს ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს.

ჩვენ ვიბრძვით თითოეული პოლიტპატიმრისა და საქართველოს თავისუფლებისთვის გამარჯვებამდე!

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, – ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.


17 ივნისს ელენე ხოშტარიას ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

„თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება“, – თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.  

პასუხად პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ელენე ხოშტარია „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“ და მისი „ჯანმრთელობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა“.

მათივე მტკიცებით, ხოშტარია კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ და „მას ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის, ხერხემლისა და ზურგის ტვინის მრტ“.

თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის განცხადებას პარტია „დროამ“ უპასუხა.  მათი თქმით, უწყების განცხადება ბევრ ტყუილსა და უზუსტობას შეიცავს.

19 ივნისს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თქვა, რომ მზად არის, შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობა, თუმცა ამისთვის აუცილებელია თავად პატიმრის თანხმობა.

25 ივნისს ელენე ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმმა მაკა იოსელიანმა მოინახულა. როგორც მან განმარტა, „დროას“ ლიდერს აქვს „ძლიერი ტკივილი, უჭირს გადაადგილება დამოუკიდებლად, ხმარობს ხელჯოხს, უჭირს თუმცა ასრულებს გარკვეულ მოძრაობებს, თვითმომსახურეობის ფარგლებში.“

ექიმის თქმით, პაციენტის გასინჯვა „ბოლომდე ვერ მოხერხდა, მიუხედავად პაციენტის მცდელობისა, ძლიერი ტკივილის გამო.“

ის მიიჩნევს, რომ „კვლევა მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩატარდეს, რადგან გამოირიცხოს ყველა შესაძლო ვარიანტი, გაითვალოს ყველა რისკი.“


კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო ელენე ხოშტარიას 24 მარტს ერთი წელი და ექვსი თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

პროკურატურა მას ედავებოდა სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. უწყების პოზიციით, ხოშტარიამ დააზიანა სამი საარჩევნო ბანერი – ზიანმა  570 ლარი შეადგინა.

2025 წლის 14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ კალაძის საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარწერა „რუსული ოცნება“, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა სტუდენტ მეგი დიასამიძეს, რომელიც ასევე კალაძის ბანერის დაზიანების გამოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.

„დროას“ ლიდერი 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს.

ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ის პატიმრობაში იმყოფება.