პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ პროკურატურაში განცხადება შეიტანა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით

პუბლიკა

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

პარტია მომხდარს სისტემურ დანაშაულად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს იყო „წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა“.

„გენერალურ პროკურატურაში მოვიტანეთ განცხადება იმ სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით, იმ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც ყველამ ვიხილეთ ტელეეკრანებიდან 26 ივნისს საქართველოს პარლამენტში, როდესაც ორგანიზებულად, წინასწარ დაგეგმილი აქტით განხორციელდა ჩვენს ფრაქციაზე ძალის გამოყენება.

ის მოძალადეები, რომელთა სახეები ყველამ ძალიან კარგად პირდაპირ ეთერში დაინახა, დღემდე არ არიან იდენტიფიცირებული, არ არის შესაბამისი სამართლებრივი პასუხი გაცემული.

4 დღე ველოდით, თუმცა საქართველოს პროკურატურა დუმს, მაშინ, როდესაც ეს ძალადობა განხორციელდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანდასწრებით და ასევე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების თანდასწრებით.

დღემდე არ არის პასუხი გაცემული, მაშინ, როდესაც მზია ამაღლობელი ციხეშია გამოკეტილი იმის გამო, რომ მოძალადე პოლიციელს სილა გააწნა, მაშინ, როდესაც 4 შვილის დედა, ელენე ხოშტარია არის ფლომასტერით წინასაარჩევნო ბანერის გაფერადებისთვის ციხეში გამოკეტილი და მაშინ, როდესაც დღემდე არ არიან ის მოძალადეები დასჯილი, რომლებმაც 500-მდე ადამიანის ძალადობა პირდაპირ ეთერში გვანახა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში“, – თქვა ტატა ხვედელიანმა TV პირველის ეთერში.

26 ივნისს პარლამენტში ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს „გახარია – საქართველოსთვის“ დეპუტატებსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ხელჩართული ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც გახარიას პარტიის წევრმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძესა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა. გაიხსენა ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში, როდესაც ის ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე კუთხეში იდგა, რაც, მისი თქმით, მის რეალურ როლზე მიუთითებდა.

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ტრიბუნიდან გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე. მან სამწუხარო უწოდა იმას, რასაც დარბაზში ჰქონდა ადგილი და პარტიის წევრები აგენტურად მოიხსენა.

ნამდვილად სამწუხაროა, რაც ვიხილეთ დარბაზში. აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე. როდესაც ნახეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ეს არის მათი სამარცხვინო სახე. რთულია რამე შეცვალო, როდესაც არ გაქვს არც განათლება, არც ინტელექტი, არც პატრიოტიზმი, რთულია სხვანაირად იმოქმედო. ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს. ეს არის მათი საერთო სახე. ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა.

ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ. მათაც დაკარგული ჰქონდა სახე – კაცს კაცის, ქალს ქალის. ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. საერთო რა ჰქონდათ მაშინდელ ბოლშევიკებს და დღევანდელ აგენტურას, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ვუწოდებდით, რაც მათთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო. საერთო არის ის, რომ ორივე იყო აგენტურა. როდესაც ხელი გაქვს მოწერილი ჯაშუშობაზე, იქ შეუძლებელია იმოქმედო ღირსეულად კაცმა კაცივით, ქალმა ქალივით”, – თქვა პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძემ.