ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში შეიცავს ფაქტობრივ შეუსაბამობასა და ბრალდებებს

პუბლიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას თავის სიტყვაში რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ  „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებაზე“ ისაუბრა. მისი თქმით,  ეს დოკუმენტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევასა და მოსკოვის კიდევ ერთ სასოწარკვეთილ მცდელობას, განამტკიცოს ოკუპაცია.

„უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ მადლობა გადავუხადო მომხსენებელს წარმოდგენილი ანგარიშისთვის და მასში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის ასახვისთვის, როგორც ამაზე ვენაში შევთანხმდით. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო უკვე 30 წელია ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს.

ამ კონტექსტში გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება“, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა. ეს დოკუმენტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევასა და მოსკოვის კიდევ ერთ სასოწარკვეთილ მცდელობას, განამტკიცოს ოკუპაცია და ხელი შეუწყოს იმ ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიას, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი.

ამით შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის რუსეთის ფედერაციას, რომ ოკუპირებული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ დადებული ნებისმიერი ე.წ. ხელშეკრულების შეთანხმება ან სხვა აქტი არის და თავისთავად იქნება ბათილად ცნობილი” – გაანაცხადა თავის სიტყვაში ნიკოლოზ სამხარაძემ.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ე.წ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე წერდა პარტია „გახარია საქართველოსთვის” და ამბობდა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ახალი ეტაპი დაიწყო. პარტია მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ აღედგინა აქტიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და მხარი დაეჭირა ანექსიის საწინააღმდეგო რეზოლუციისთვის.

სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე საუბრა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზეც, რომელიც მარტში გამოქვეყნდა საქართველოს შესახებ. მისი თქმით, დასკვნას მხარი არ დაუჭირა ეუთოს სახელმწიფოთა უმრავლესობამ, 34-მა ქვეყანამ, მათ შორის, აშშ-მ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და სხვებმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პატრიცია გრჟებიკის მიერ 72 საათში მომზადებული დასკვნა შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას და ასევე ბრალდებებს. მისი შეფასებით, ანგარიშის საბოლოო ჭეშმარიტებად მიჩნევა არ შეიძლება.

„ანგარიში, რომელიც ერთი ექსპერტის მიერ 72 საათში იქნა მომზადებული, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას და ასევე ბრალდებებს. როდესაც ანგარიში ეუთოს მუდმივ საბჭოში განიხილეს, საქართველოს მთავრობამაც წარმოადგინა თავისი პოზიცია ანგარიშის მიმართ. ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია ანგარიში საბოლოო ჭეშმარიტაბად მივიჩნიოთ, რადგან, როგორც აღვნიშნე, თავად ექსპერტმა აღიარა, რომ მას არ შეეძლო ანგარიშისთვის საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენ ვეთანხმებით და ზოგიერთი ეს რეკომენდაცია უკვე განხორციელებულია. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ანგარიშს აქვს გარკვეული ხარვეზები ფაქტობრივი სისწორის თვალსაზრისით” -დასძინა სამხარაძემ.

ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს საქართველოზე 24-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. დოკუმენტი 200-გვერდიანია და მასში დეტალურადაა აღწერილი 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში არსებული ვითარება, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების, მედიის გაუარესებული მდგომარეობა, საპროტესტო აქციის მონაწილეების და ოპოზიციის დევნა, რეპრესიები განსხვავებული აზრის მიმართ, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რეპრესიული კანონმდებლობა და სხვ. ამასთან დაკავშირებით კი გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სოტყვით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარი კომიტეტის 33-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში გამოვიდა. ამავე სესიას ესწრება ლევან მახაშვილიც.