ევროკავშირმა სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მექანიზმი შეიმუშავა, რომლის საფუძველზეც შესაძლოა, „SWIFT-ის ფინანსური სისტემიდან გაითიშონ ქვეყნები, სადაც სისტემურად მუშაობენ კრიპტოპლატფორმებს, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების თავიდან ასარიდებლად გამოიყენება.
ევროკომისიის სპიკერმა, შივონ მაკგარმა „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში გათვალისწინებულია ახალი ინსტრუმენტი, რომელიც ევროკავშირს საშუალებას მისცემს, მომავალში ასეთი ქვეყნების წინააღმდეგ ტრანზაქციების აკრძალვის დაწესება განიხილოს.
„ეს ნიშნავს, რომ ისინი, როგორც ჩვენ ვამბობთ, „სვიფტიდან გაითიშებიან“ (de-SWIFTed). შესაბამისად, ეს იქნება საკმაოდ ძლიერი შემაკავებელი ინსტრუმენტი, რომლის ამოქმედებაც გვინდა. ჩვენ გვსურს, რომ ქცევა შეიცვალოს“, – განაცხადა მაკგარმა.
ევროკავშირმა სანქციების 21-ე პაკეტში უკვე შეიყვანა კონკრეტული კრიპტოპლატფორმები, რომლებიც სისტემურად გამოიყენება რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად და ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად.
ტრანზაქციების აკრძალვა გავრცელდა კრიპტოაქტივებთან დაკავშირებულ 14 პლატფორმაზე, რომლებიც დაფუძნებულია საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში.
„ჩვენ გვინდა, რომ ეს ქცევა შეწყდეს“, – თქვა ევროკომისიის სპიკერმა.
მაკგარის თქმით, ახალი მექანიზმი ჯერ არც ერთი კონკრეტული მესამე ქვეყნის წინააღმდეგ არ ამოქმედებულა, თუმცა ევროკავშირი მზად არის, ის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს.
„ჩვენ კონკრეტულ ქვეყანას არ ვუმიზნებთ, თუმცა ყველა ჩვენს სანქციურ პაკეტში ძალიან აქტიურად ვაძლიერებთ ზომებს იმ ფინანსური ინსტიტუტებისა და კრიპტოპროვაიდერების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება“, – განაცხადა მან.
ევროკომისიის სპიკერმა „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად ასევე ისაუბრა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე – რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში სანქციები დაუწესდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელთან ტრანზაქციების აკრძალვაც ძალაში 6 თვეში შევა.
„როგორც იცით, ჩვენ მუდმივი დისკუსიები გვაქვს გადამამუშავებელი ქარხნის მფლობელებთან, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, მოახდინონ დივერსიფიკაცია და უარი თქვან რუსულ ნავთობზე“, – განაცხადა მაკგარმა „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად.
მისი თქმით, სწორედ ამ ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობის გამო მიეცა ობიექტის მფლობელებს ექვსთვიანი ვადა.
„ჩვენ გვინდა, ეს ვალდებულებები შესრულდეს, სწორედ ამიტომ მივეცით ეს ექვსთვიანი ვადა, რათა მფლობელებს მიეცეთ რუსული ნავთობისგან დივერსიფიკაციის საშუალება. თუ კომისია ჩათვლის, რომ ეს ვალდებულებები შესრულდა, ის აღარ იქნება სანქციების სიაში. ხოლო თუ არა, მაშინ ევროპულ საბჭოს შევთავაზებთ, რომ ქარხანა სანქციების სიაში დარჩეს“, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.
მაკგარის განცხადებით, ამ ეტაპზე ეს არის ევროკომისიის პოზიცია ყულევთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ევროკავშირის 22-ე სანქციების პაკეტიც გააგრძელებს ზეწოლის გაძლიერებას, რათა შეიცვალოს სანქციების გვერდის ავლის პრაქტიკა.