ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან ოფიციალურად გაფორმდა

პუბლიკა

ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან ოფიციალურად გაფორმდა. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, ხოლო ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) მხრიდან ჰალიტ ემრე ილმაზმა მოაწერეს ხელი.

„დღეს მართლაც გამორჩეული დღეა. მახსოვს, ტრამვაის მშენებლობის შესახებ პირველი განცხადება რომ გავაკეთე, რამხელა გამოხმაურება მოჰყვა მას საზოგადოებაში. იყო დიდი სიხარული, მაგრამ იყო სრულიად ბუნებრივი კითხვაც: „როდის იქცევა ეს იდეა რეალობად?“ დღეს, სწორედ ამ კითხვას ვცემთ პასუხს და იდეიდან კონკრეტულ საქმეზე გადავდივართ. ეს ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი განცხადებით არ კეთდება. მას სჭირდება დაგეგმვა, ფინანსური რესურსი, პროფესიონალების ჩართულობა და რაც მთავარია, პოლიტიკური ნება, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

კახა კალაძის თქმით, პროექტი სამი ეტაპისგან შედგება, რაც მოიცავს კონცეპტუალური პროექტის, დეტალური პროექტის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოებს. მისივე თქმით, სამივე ეტაპის ვადად 36 თვე განისაზღვრა. ხოლო პროექტის დასრულება შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება.

პროექტის ბიუჯეტი 287 654 321 ლარს შეადგენს. ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის დასახლების მიბმა მეტროპოლიტენის ხაზთან და ამით ქალაქის ცენტრთან სწრაფი დაკავშირება. მის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. 

ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, თურქეთის ელჩი საქართველოში მუსტაფა თურქერ არი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასით თურქულმა კომპანიამ EYE-მ 15 ივლისს გაიმარჯვა.

ტენდერი 31 მარტს გამოცხადდა. მონაწილეობა 4-მა კომპანიამ მიიღო, მათგან 3 თურქეთში იყო რეგისტრირებული და ერთი ჩინეთში.