შპს „სკაიფორტის” მოქმედ და ყოფილ დირექტორებს პატიმრობა შეეფარდათ, – ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
გუშინ, 25 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები – კ.კ. და კ.ა დააკავა.
მათ ბრალი ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლებისა და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის მუხლებით აქვთ წარდგენილი.
რაში გამოიხატა დანაშაულებრივი ქმედება? – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით:
„საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის ბრძანებით, შპს „სკაიფორტს“ ბარათაშვილის ქუჩა №139-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა მიეცა, რომლის მოქმედების ვადა 2019 წლის თებერვლამდე იყო განსაზღვრული. კომპანიამ მშენებლობის მხოლოდ გარკვეული ეტაპები განახორციელა, თუმცა პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დღემდე არ დასრულებულა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 91 მომავალ მესაკუთრეს სხვადასხვა კვადრატულობის საცხოვრებელი და კომერციული ფართები ჰქონდა შეძენილი, რისთვისაც მათ ჰქონდათ გადახდილი შესაბამისი თანხები. აღნიშნულის საფუძველზე, მათ კეთილსინდისიერად შეძენილი ფართები უნდა გადასცემოდათ, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები მშენებლობის პროცესში მიზნობრივად არ გამოიყენეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. კერძოდ, მათ კორპუსის მშენებლობისთვის 91 მოქალაქისგან მიღებული 1 258 332 აშშ დოლარი და 411 897 ლარი მიითვისეს.
გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა, პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი და კომერციული ფართების სრულად რეალიზაციის შემდეგ, დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანეს და მათ არარსებული, საერთო ჯამში 1 287 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი და კომერციული ფართი (ე.წ. „ჰაერი“) მიჰყიდეს, რის შედეგადაც 15 მოქალაქისგან თაღლითურად დამატებით 430 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ.
საერთო ჯამში, ბრალდებულებმა მოქალაქეებს 1 688 374 აშშ დოლარისა და 411 897 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენეს”, – წერია უწყების განცხადებაში.