საია ბანერის გამო აქტივისტისა და დემონსტრანტების დაკავებას უკანონოდ აფასებს

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს, რომ 26 ივლისს თბილისში აქტივისტ თორნიკე თოშხუასა და სხვა დემონსტრანტების დაკავება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევაა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, თორნიკე თოშხუა არაძალადობრივი, მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის დროს დააკავეს.

მოგვიანებით, თბილისის საკრებულოსთან მის მხარდასაჭერად მისული დაახლოებით 9 დემონსტრანტიც დააკავეს.

ბიძინა ყ*ეა?” – მოქალაქეებსსაკრებულოსთან ხელში ეჭირათ ბანერები ამ წარწერით, რასაც 10 ადამიანის დაკავება მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულებს „შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ“, „გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს“, „არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს“ და „წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს“. უწყების ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

საია ყურადღებას ამახვილებს ვიდეომასალაზე, სადაც ჩანს, რომ დაკავების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დემონსტრანტს სახეში ხელი გაარტყა. ორგანიზაციის განცხადებით, გავრცელებულ კადრებში არ ჩანს დემონსტრანტების მხრიდან ისეთი ძალადობრივი ქმედება ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რომელიც მათ დაკავებას ან პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას გაამართლებდა.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პოლიციელის მიერ დემონსტრანტისთვის სახეში ხელის გარტყმა არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს აღწევს და ეს საპოლიციო სისტემაში ძალადობის ნორმალიზებისა და სისტემურობის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

საიას შეფასებით, პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება არღვევს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

„მაშინაც კი, როდესაც გამოხატვა ვულგარულია და საჯარო პირის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, მიმართ არის მიმართული, სახელმწიფოს ევალება გაითვალისწინოს გამოხატვის კონტექსტი და მისი მნიშვნელობა საჯარო დისკუსიაში. პოლიტიკოსებსა და სხვა საჯარო პირებს კრიტიკის მიმართ თმენის უფრო მაღალი ვალდებულება აქვთ“, – აცხადებს საია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის დაკავებული პირები და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დევნა.

ორგანიზაციის განცხადებით, მსგავსი ფორმით აქციების დაშლა არა მხოლოდ უკანონოა, არამედ შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებისთვის უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.