2026 წლის 18 ივლისს ახალციხეში მუსლიმ მესხზე, ახალციხის მეჩეთის იმამ შევქეთ დვალიძესა და მისი ოჯახის წევრებზე ათზე მეტმა ადამიანმა იძალადა.
ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი იმამ შევქეთ დვალიძის შვილისა და თურქეთიდან სტუმრად ჩასული არასრულწლოვანი ნათესავის ერთმანეთთან თურქულ ენაზე საუბარს მოჰყვა.
უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, აგრესიულად დაუპირისპირდნენ თურქულ ენაზე საუბრის გამო და დაპირისპირება მალევე ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.
დაზარალებულის ცნობით, კონფლიქტის დროს თავდამსხმელები მათ დაედევნენ და საცხოვრებელი სახლის ეზოში ათზე მეტი ადამიანი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდა.
თავდასხმისას განსაკუთრებული ძალადობის მსხვერპლი გახდა ახალციხის მეჩეთის იმამი შევქეთ დვალიძე, რომელიც კლინიკაშიც გადაიყვანეს.
„ბათუმელებისვე“ ცნობით, შევქეთ დვალიძეს პოლიციიდან საჩივარი გამოატანინეს.
შსს ამბობს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე – ძალადობის მუხლით დაიწყო.
მომხდარს გამოეხმაურა „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და სახელმწიფოს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
როგორც ორგანიზაცია წერს, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულების განცხადებით, თავდასხმაში 10-12 ადამიანი მონაწილეობდა და ოჯახის წევრები სამართალდამცავ ორგანოებს თავდამსხმელთა იდენტიფიცირებაშიც დაეხმარნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მხოლოდ ორი პირი დააკავა. მოგვიანებით კი სასამართლომ ორივე მათგანს გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, აღნიშნული საქმის ფაქტობრივი გარემოებები ქმნის საფუძველს, რომ გამოძიებამ საქმე შეაფასოს არა მხოლოდ ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, არამედ შესაძლო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულად.
ორგანიზაციის განცხადებით, მომხდარი მიუთითებს, რომ შესაძლო დისკრიმინაციული მოტივი საქმის არა მეორეხარისხოვანი გარემოება, არამედ მისი გამომწვევი მიზეზია.
„ასეთ ვითარებაში გამოძიებას ეკისრება ვალდებულება, აქტიურად გამოიკვლიოს ლინგვისტური და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივი და მას სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სათანადო კვალიფიკაცია მხოლოდ სასჯელის სიმკაცრისა საკითხს არ უკავშირდება – ის განსაზღვრავს, ხედავს თუ არა სახელმწიფო დანაშაულის რეალურ ბუნებას, აღიარებს თუ არა, რომ თავდასხმა მიმართული იყო არა მხოლოდ კონკრეტული პირების, არამედ მათი იდენტობისა და იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან. ამგვარი კვალიფიკაცია ასევე მნიშვნელოვანია დაზარალებულთა ნდობის აღსადგენად, დანაშაულის რეალური მასშტაბის აღრიცხვისა და ეფექტიანი პრევენციული პოლიტიკის დაგეგმვისთვის“, – წერს SJC.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, შექმნას ისეთი ინსტიტუციური გარემო, სადაც სამართალდამცავი ორგანოები დროულად ამოიცნობენ დისკრიმინაციულ მოტივს, ეფექტიანად გამოიძიებენ მსგავს დანაშაულებს, უზრუნველყოფენ დაზარალებულთა დაცვას და საზოგადოებას მკაფიო გზავნილს გაუგზავნიან, რომ ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი ნიშნით ძალადობა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საფრთხის შემცველ ქმედებად მიიჩნევა.
ამგვარი დანაშაულების უგულებელყოფა ან მათი ჩვეულებრივ ყოფით კონფლიქტებად შეფასება არა მხოლოდ კონკრეტული საქმის შედეგზე ახდენს გავლენას, არამედ ასუსტებს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების მიმართ, ამცირებს დაზარალებულთა მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან, ზრდის განმეორებითი ძალადობის რისკს და ასუსტებს სოციალურ შეჭიდულობას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას:
- უზრუნველყონ ახალციხეში მომხდარი ძალადობის სრული, ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, უზრუნველყონ საქმის სათანადო კვალიფიკაცია (სსკ-ის 156 მუხლის (დევნა) ან 126-ე (ძალადობა) მუხლთან ერთად შეუწყნარებლობის მოტივის იდენტიფიკაცია) და გამოავლინონ შესაძლო ეთნიკური, ენობრივი და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივი;
- დაადგინონ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის ვინაობა და პასუხისმგებლობა და გამოძიება არ შემოფარგლონ მხოლოდ ორი პირის ქმედებების შეფასებით;
- დამოუკიდებლად შეისწავლონ დაზარალებულის განცხადება საჩივრის გამოტანისკენ მიმართული შესაძლო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლის შესახებ და უზრუნველყონ დაზარალებულებისა და მოწმეების უსაფრთხოება;
- საზოგადოებას მიაწოდონ დროული ინფორმაცია ამ და სხვა მსგავს საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობისა და შესაძლო შეუწყნარებლობის მოტივის შესწავლის შესახებ.
საქართველოს მთავრობასა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს:
- საჯაროდ დაგმონ მუსლიმი მესხების ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული სავარაუდოდ ენობრივი და რელიგიური ნიშნით მოტივირებული ძალადობა;
- შეიმუშავონ ახალციხეში მუსლიმი მესხებით დასახლებულ თემებში ნდობის აღდგენის, თანასწორობისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერი ტრანსფორმაციული პოლიტიკა და სათანადოდ განახორციელონ ისინი სხვადასხვა უწყებების (სკოლა, თვითმმართველობა, კულტურის ცენტრები) და აქტორების (სათემო ორგანიზაციები) ჩართულობის გზით;
- გადახედონ მუსლიმი მესხების რეპატრიაციისა და მოქალაქეობის პოლიტიკას და აღმოფხვრან ის ბიუროკრატიული და პრაქტიკული ბარიერები, რომლებიც დაბრუნებულ ოჯახებს ათწლეულების განმავლობაში სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობას ართმევს.