რუსეთმა 30 ივლისს, ღამით უკრაინაზე მასობრივი საჰაერო იერიში მიიტანა, რასაც, სულ მცირე, 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმები იყო დედაქალაქ კიევზე, ასევე ლვივზე, რომელიც ქვეყნის დასავლეთით, პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. პოლონეთმა საკუთარი საჰაერო სივრცის დასაცავად საბრძოლო ავიაცია აამოქმედა.
ცენტრალურ უკრაინაში, ქალაქ კრივი რიჰში, სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – 2 ბავშვი, 5 და 12 წლის გოგოები და 4 ზრდასრული.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობა მასშტაბური თავდასხმის შესახებ იერიშამდე რამდენიმე საათით ადრე გააფრთხილა.
„რუსებმა მასშტაბური შეტევა რამდენიმე დღის წინ დაგეგმეს და დიდი ალბათობით, დარტყმას სწორედ ამაღამ განახორციელებენ… გთხოვთ, უკრაინის ყველა რეგიონში ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალებს და დაიცავით უსაფრთხოების წესები“, – დაწერა მან X-ზე.
დნეპროპეტროვსკისა და პოლტავის ოლქებში დაიღუპა ექვსი ადამიანი.
დედაქალაქ კიევში დადასტურდა ერთი ადამიანის დაღუპვა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა.
მან მანამდე სოციალურ ქსელში დაწერა:
„მტერი დედაქალაქს ბალისტიკური იარაღით უტევს. დამატებითი თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს. დარჩით თავშესაფრებში!“
ლვივში მრავალსართულიან სახლებზე იყო შეტევა. მაშველებმა მოქალაქეები ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაშავდა 30-მდე ადამიანი.
თავდასხმების პარალელურად, უკრაინის მოსაზღვრე პოლონეთმა საკუთარი საჰაერო სივრცის დასაცავად საბრძოლო ავიაცია აამოქმედა.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით:
„საბრძოლო და საჰაერო ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავებმა ოპერაციები დაიწყეს, ხოლო სახმელეთო საჰაერო თავდაცვისა და რადარული დაზვერვის სისტემები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში გადავიდნენ“.
პოლონეთისვე ინფორმაციით, რუსულმა დრონმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის პარტნიორებს, კიევს მიაწოდონ ის რაკეტები, რომლებიც ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემას აკლია.
„მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებს სრულად ესმოდეთ, რა ხდება. ადამიანების სიცოცხლის დაცვა პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად მზად არიან ან არ არიან მზად დასავლეთში, მოგვაწოდონ საჰაერო თავდაცვის რაკეტები“.
ამავე დროს, რუსეთის ქალაქ პენზაში უკრაინული თავდასხმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ონლაინ მაღაზია Wildberries-ის კიდევ ერთ საწყობს. რეგიონის გუბერნატორის, ოლეგ მელნიჩენკოს თქმით, დაშავდა ერთი ადამიანი, ხოლო ტერიტორიიდან დაახლოებით 200 ადამიანია ევაკუირებული.
თავად Wildberries-მა განაცხადა, რომ დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა კომპანიის კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ობიექტზე ქალაქ სარაპულში, რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკაში.