ევროკავშირმა უკრაინას €90-მილიარდიანი დახმარებიდან კიდევ €3.47 მილიარდი გადაურიცხა დრონების, რაკეტების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და გამანადგურებლების შესაძენად.
როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, დაფინანსება უკრაინის გადაუდებელი სამხედრო საჭიროებების საპასუხოდ გამოიყო, რათა ქვეყანამ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვის შესაძლებლობები კიდევ უფრო გააძლიეროს.
კომისიის ინფორმაციით, ეს ტრანში ემატება დრონების შესყიდვის პირველი დაფინანსების გრაფიკს. ასევე გათვალისწინებულია თანხები დამატებითი დრონების, მათ შორის შორი მოქმედების რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონების, რაკეტებისა და Gripen-ის გამანადგურებლების შესაძენად. ევროკომისიის განმარტებით, მიზანია, უკრაინამ სწრაფად მიიღოს მისთვის კრიტიკულად საჭირო სამხედრო აღჭურვილობა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინას, როგორც ომში მყოფ ქვეყანას, სასწრაფოდ სჭირდება თავდაცვითი სისტემების მიწოდება. ევროკომისიის ცნობით, უახლოეს კვირებში დამტკიცდება და გადაირიცხება დამატებითი დაფინანსება დრონებისთვის, საბრძოლო მასალისთვის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტებისთვის.
„უკრაინისთვის ეს ნიშნავს აღჭურვილობაზე უფრო სწრაფ წვდომას, რომელიც მისი საჰაერო სივრცის დაცვასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ევროპისთვის კი ეს ნიშნავს იმ ქვეყნის მხარდაჭერის გაგრძელებას, რომლის უსაფრთხოებაც პირდაპირ არის დაკავშირებული თავად ევროპის უსაფრთხოებასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის დახმარების აღნიშნუნლი პროგრამის ფარგლებში მანამდე უკვე რამდენიმე ტრანში გაიცა. 25 ივნისს უკრაინამ სპეციალური მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში 3.2 მილიარდი ევრო მიიღო, ხოლო თავდაცვის კომპონენტიდან 30 ივნისს 3.9 მილიარდი ევრო და 15 ივლისს კიდევ 1.1 მილიარდი ევრო გადაირიცხა.
ევროკომისიის მონაცემებით, მხოლოდ 2026 წელს უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიული შესაძლებლობების გასაძლიერებლად საერთო ჯამში 28.3 მილიარდი ევროს გამოყოფაა დაგეგმილი.