საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ემი დიასი შეასრულებს.
აშშ-ის საელჩოს ცნობით, ემი დიასი აშშ-ის უფროსი საგარეო სამსახურის კარიერული თანამშრომელია, რომელიც აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობას 2026 წლის ივლისიდან შეუდგა.
ემი დიასი წარსულში იყო: მალავის დედაქალაქ ლილონგვეს აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული (a.i.) და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის საკითხების პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილე; ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეს აშშ-ის საელჩოს საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელი; ასევე ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი.
მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს: კანონის უზენაესობის მრჩევლისა და „ამერიკის სამიტის“ კოორდინატორის პოზიციებს აშშ-ის საელჩოში პანამაში; შიდა პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას აშშ-ის საელჩოში თბილისში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის საელჩოში ჰარარეში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის გენერალურ საკონსულოში მონტერეიში (მექსიკა).
ემი დიასი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს 2002 წელს მართვის საპრეზიდენტო სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში შეუერთდა, ხოლო საგარეო სამსახურში 2005 წელს გადავიდა. იგი არის მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში მდებარე სენტ ჯონსის კოლეჯის კურსდამთავრებული და არიზონის უნივერსიტეტში მიღებული აქვს იურიდიული დოქტორის ხარისხი.
ქალბატონი დიასი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთი უმაღლესი და ღირსეული სამსახურის საპატიო ჯილდოს მფლობელია. ის დაქორწინებულია და ჰყავს ერთი შვილი.
ემი დიასამდე საქართველოში აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებულის (Chargé d’Affaires ad interim) მოვალეობას ალან ს. პერსელი ასრულებდა. იგი ამ თანამდებობაზე 2025 წლის ივლისში დაინიშნა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა საქართველო დატოვა.